ინოვაცია: ხის ავეჯის წარმოება ტყეების გაჩეხვის გარეშე იქნება შესაძლებელი
არ მოგჩვენებიათ... მცენარეული მასალა ლაბორატორიაში 3D პრინტერით დამზადდება
შეწყვიტეთ ხეების მოჭრა! ეს სლოგანი დიდი ხანია გვესმის, თუმცა ტყეების უკონტროლო გაჩეხვის პროცესი დღემდე გრძელდება.
ტყეების გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ცივილიზაციის დასაწყისიდან დედამიწის ხეების 54%-ზე მეტი განადგურდა. ცნობილია, რომ გვალვების, მეწყრისა და სხვა არაერთი სტიქიური მოვლენის ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც რომ ტყეების განადგურებაა.
მიუხედავად ზიანისა, გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ ხეებს ქაღალდის, წამლების, რეზინის, ავეჯისა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საგნის შესაქმნელად ვიყენებთ. ამ პროდუქტების ნაწილი ჩვენი ყოველდღიურობისგან განუყოფელია. შესაბამისად, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ არც ბევრი ხე მოვჭრათ და არც მნიშვნელოვან საგნებზე ვთქვათ უარი?
თავდაპირველად 2022 წლის მაისში გამოჩენილმა ინოვაციამ საბოლოოდ შეძლო და 3D პრინტერით ლაბორატორიაში შექმნილი ხე მოგვცა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა გვაჩვენეს, რომ ხის მასალის მისაღებად ტყეების დიდი ნაწილის გაჩეხვა აუცილებელი აღარ იქნება.
ავეჯის წარმოება ხის მოჭრის გარეშე
კვლევის ავტორებმა თავიანთ ლაბორატორიაში მცენარე Zinnia Elegans-ის უჯრედებისგან დამუშავებადი ხის მიღება შეძლეს. მათი თქმით, მათი ახალი მიდგომის ფარგლებში ნებისმიერი ფორმისა და ზომის მასალის "დაბეჭდვა" იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ თუ, ვთქვათ, ხის მაგიდა გსურთ, მას ხის უჯრედებისგან შექმნით.
მკვლევრების თქმით, მათი მიდგომა საშუალებას იძლევა, 3D პრინტერის საშუალებით შეიქმნას ხარისხიანი მასალა, რომელიც შეამცირებს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, რადგან მას ხის განადგურება არ სჭირდება, პროცესი მცენარის მხოლოდ ნაწილს საჭიროებს.
ეს მხოლოდ დასაწყისია... MIT-ში კვლევის დასრულების შემდეგ, ეშლი ბექვიდმა კომპანია FORAY bioscience დააარსა, რათა განავითაროს შესაბამისი ტექნიკა და მეთოდები, რომელიც ხის მოჭრის საჭიროებას მაქსიმალურად შემცირებს. სტატიაში აღწერილი მიდგომა, რომლის ფარგლებშიც Zinnia-ს უჯრედებისგან მასალა გამოყავთ, ინოვაციური და უპრეცედენტოა. აქამდე ქსოვილის ამ მეთოდით მიღება მხოლოდ ცხოველური უჯრედებისგან იყო შესაძლებელი.
კვლევა ჟურნალ Materialstoday-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები