შვეიცარიის ნეშატელის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ინსტიტუტმა (UniNE) აღმოაჩინა, რომ ორანგუტანებსა და გორილებს შეუძლიათ რაციონალური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება. ახალი კვლევის თანახმად, მაიმუნები ადამიანების მსგავსად იქცევიან, როდესაც საქმე ეხება არჩევანის გაკეთებას.

პენელოპა ლაკომბის, სარა ბროკარდის, კლაუს ზუბერბიჰლერისა და კრისტოფ დალის ხელმძღვანელობით კვლევა ჩატარდა შვეიცარიის ბაზელის ზოოპარკში მყოფ ორანგუტანებსა და გორილებზე. შედეგები გამოქვეყნდა PLOS ONE-ში 14 დეკემბერს.

"ორანგუტანებსა და გორილებს, იმის მაგივრად მარტივი მოგება მიიღონ, ფსონის დადება უფრო დიდ ჯილდოზე ურჩევნიათ, მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან დარწმუნებული შედეგებში", — ამბობენ მკვლევრები.

როგორც ჩანს, მაიმუნები ადამიანებივით მიდრეკილნი არიან რისკისკენ.

ორანგუტანებს უყვართ რისკი

ცალკეულ მაიმუნებს პირველ ექსპერიმენტში აძლევდნენ ორ ფინჯანს, რომელთაგან ერთი რისკისგან თავისუფალი ვარიანტი იყო. თავის მხრივ, მეორე უფრო სარისკო გახლდათ. უსაფრთხო გზის არჩევა ყოველთვის იგივე ჯილდოს იძლეოდა. რაც შეეხება სარისკო გადაწყვეტილებას, მაიმუნი შეიძლებოდა საერთოდ საჩუქრის გარეშე დარჩენილიყო. თუმცა, გამართლების შემთხვევაში ჯილდო ბევრად უფრო ღირებული იყო, ვიდრე ეს უსაფრთხო ვარიანტისას.

ორანგუტანებმა და გორილებმა გაიგეს, თუ როგორ მუშაობდა ექსპერიმენტი და მათ ამჯობინეს უფრო სარისკო ჯილდოს არჩევა. განსაკუთრებით რისკიანები ორანგუტანები აღმოჩნდნენ.

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ორანგუტანებსა და გორილებს შეუძლიათ აღიქვან ვარიაციები ჯილდოების მხრივ, ისევე როგორც გამარჯვების ალბათობის ვარიაციები და რაციონალური არჩევანის გაკეთება ამ ვარიაციების საფუძველზე. მაგალითად, ისინი ფსონს დებენ და ირჩევენ "სარისკო ვარიანტს", თუ იციან, რომ მათ აქვთ მოგების უკეთესი შანსი, ან თუ შეუძლიათ მეტი ჯილდოს მოგება", — განმარტა პენელოპა ლაკომბიმ, UniNE-ის დოქტორანტმა და მკვლევარმა.

საინტერესოა, რომ კონფიგურაციის ცვლილების შედეგად მაიმუნები ფსონების განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ. ერთ-ერთ ცდაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს 78 პროცენტიანი უპირატესობა "სარისკო" გადაწყვეტილებებზე ყველა სხვა შესაძლებლობებთან შედარებით.

"მიუხედავად იმისა, რომ გორილები და ორანგუტანები ეყრდნობიან რაციონალურ მინიშნებებს, რათა გადაწყვიტონ რაზე ჩამოვიდნენ ფსონს, ისინი ასევე ექვემდებარებიან კონტექსტზე დაფუძნებულ კოგნიტურ მიკერძოებას, რაც გავლენას ახდენს მათ არჩევანზე", — ნათქვამია ნაშრომში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.