უჩინარი — კომიქსი, რომელიც მოზარდებს თანასწორ გარემოზე და ჯადოსნურ სამყაროზე უყვება
ვისაც ლიტერატურასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ბავშვობიდანვე აკავშირებს, იცის, რას ნიშნავს ისეთი გმირის აღმოჩენა, რომელთანაც თავს გააიგივებ. ეს დამეგობრებას ჰგავს — ამ გმირთან ერთად იზრდები, ვითარდები და ახალ რაღაცებს სწავლობ. რაც ყველაზე მთავარია, დანამდვილებით იცი, რომ ისიც ზუსტად შენნაირია — აქვს ისეთივე ოცნებები თუ მისწრაფებები, როგორებიც შენ.
სწორედ ასეთი ქართული გმირის შექმნა დაისახა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა მიზნად და საქმე გამომცემლობა პალიტრა L-თან ერთად წარმატებითაც შეასრულა — ეს ამბავი კი ახალი ქართული ფენტეზი კომიქსით, უჩინარი, დაგვირგვინდა, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა.
კომიქსზე სამმა ქართველმა ავტორმა იმუშავა: მწერლებმა მართა ურუშაძემ და მიხეილ ციხელაშვილმა, ასევე ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა. პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კამპანიის ნაწილია — "ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია".
ამდენად, უჩინარი განკუთვნილია, როგორც გოგოებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. მის მთავარ გმირში კი ნებისმიერი მოზარდი ადვილად ამოიცნობს თავის თავს — სხვა თუ არაფერი, ამ ასაკში ხომ ყველა ჩვენგანი დაუვიწყარ თავგადასავლებზე ვოცნებობთ, იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ნაბიჯის გადადგმასაც კი ვუფრთხით ხოლმე.
ასეა 14 წლის ნინიც — უჩინარის მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ცვლილებების შიშის გამო თავგადასავლებით სავსე საოცნებო ცხოვრების ნაცვლად ერთფეროვანი ყოველდღიურობა აქვს. თუმცა, ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა მისი საძინებლის ფანჯარასთან ერთ საღამოს უცნაური არსება ჩნდება, თავად ნინი კი ჯადოსნურ გაუგებრობაში ხვდება. ასეთი გაუგებრობებიდან რა გამოგიყვანს, თუ არა მეგობარი, სიყვარული და შინაგანი ძალა, რომელიც, რა გასაკვირია და ზოგჯერ უხილავია ხოლმე.
როგორ იქმნებოდა კომიქსი
"ამბის მოსაფიქრებლად თავისუფლება მქონდა", — იხსენებს კომიქსზე მუშაობის დასაწყისს ავტორი მართა ურუშაძე, — "რადგან ყველაზე უკეთ ფენტეზის ჟანრში მუშაობა გამომდის, გადავწყვიტე, ამბავიც ასეთი ყოფილიყო. თან კომიქსი მოზარდებზეა გათვლილი, ამიტომაც ვიფიქრე, რომ ჯადოსნური ამბავი მკითხველს უფრო მიიზიდავდა და ვიზუალურადაც უფრო საინტერესო გამოვიდოდა".
მართას სახელი მკითხველთა ფართო წრეში უკვე კარგადაა ცნობილი. სცენარისტისა და კინორეჟისორის სადებიუტო რომანი მეხამრიდი 2019 წელს გამოიცა და საბას ნომინანტიც გახდა.
მართას თქმით, მისი მიზანი იყო, ამბავი ისეთი გამოსულიყო, "რომელსაც ბევრჯერ მიუბრუნდებოდა მკითხველი".
აი, ამ მიზნით დაიწყო სამი ქართველი ხელოვანის თანამშრომლობა. მართას ამბის მიხედვით, მან და მიხეილ ციხელაშვილმა კომიქსის სცენარზე მუშაობა დაიწყეს. რადგან ეს პროცესი პანდემიის პერიოდს დაემთხვა, კომუნიკაციის ძირითადი გზა ვიდეოზარები გახლდათ. თვეების განმავლობაში, სამი ავტორი თითქმის ყოველდღიურად მუშაობდა. მიხეილი იხსენებს, რომ კომიქსის სპეციფიკიდან გამომდინარე, სცენარის რამდენჯერმე გადაწერაც კი იყო საჭირო, რათა შესაბამის ვიზუალურ მოთხოვნას მორგებოდა.
"სამუშაო პროცესი იყო ძალიან კარგი და შემოქმედებითი", — ჰყვება მიხეილი, — "და, როგორც ყველა შემოქმედებით პროექტს, თან ახლდა ცხარე განხილვა და ზოგჯერ კამათიც; განსაკუთრებით, როდესაც მუშაობის პროცესი დასასრულისკენ წავიდა. თუმცა, მეგობრული გუნდი ვიყავით და ეს ძალიან დაგვეხმარა, რომ შედეგი ასეთი გამოსულიყო".
მიხეილს აქამდე არაერთ კომიქსზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა — მისი ნათარგმნია მსოფლიოში აღიარებული წიგნები პერსეპოლისი და MAUS. იგი ასევე მუშაობდა ვეფხისტყაოსნის გრაფიკულ ვერსიაზე.
მხატვრული ტექსტების, განსაკუთრებით კი საბავშვო წიგნების, ილუსტრირების დიდი გამოცდილების მიუხედავად, კომიქსზე აქამდე არასდროს უმუშავია თათია ნადარეიშვილს. ამდენად ეს მისთვის საინტერესო პროექტი აღმოჩნდა. ამასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდთან იგი წინათაც თანამშრომლობდა და პროექტის შემოქმედებითი გუნდითაც დაინტერესდა.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იდეა მომეწონა", — ამბობს თათია, — "ამ თემებზე საუბარი ახალგაზრდებთან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, რომ პროექტში ჩავრთულიყავი".
თათიას თქმით, ამ დროს "წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამხელა სამუშაოს ეჭიდებოდა". თუმცა, გუნდურობამ მუშაობა უფრო საინტერესო გახადა და ამ გრძელი და რთული პროცესის ბოლოს სამივე ავტორი კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით.
რატომ იყო მნიშვნელოვანი უჩინარის შექმნა
როგორც ვახსენეთ, პროექტი ნაწილია გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიისა "ნუ განასხვავებ — გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია". კომიქსი მომზადდა პროგრამის "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც სწორედ UNFPA ახორციელებს ევროკავშირის მხარდაჭერით.
UNFPA-ის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების და პარტნიორობის ანალიტიკოსი, სალომე ბენიძე, ამბობს, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ, გზავნილების სამიზნე ჯგუფებამდე მისატანად საინტერესო ფორმა მოძებნონ.
"მოზარდი გოგოების გაძლიერება, მათთვის თანასწორი გარემოს შექმნა, გარემოსი, სადაც გოგოებსაც და ბიჭებსაც თავისუფლად შეეძლებათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და ოცნებების ასრულება, ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა", — ამბობს სალომე.
უჩინარის შექმნის იდეაც ასე დაიბადა ორი წლის წინ — საქართველოში ფართოდ გავრცელებული საზიანო პრაქტიკის, ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭების, საპასუხოდ. პასუხის ფორმად ლიტერატურის არჩევა კი ნიშანდობლივია — სალომე ამბობს, რომ "წიგნების საშუალებით, უფრო ადვილია, ადამიანები ბევრ ისეთ საკითხზე დააფიქრო, რომელთა გადააზრებასაც, საბოლოოდ, მნიშვნელოვან სოციალურ ცვლილებებამდე მივყავართ".
"ჩვენ გვინდოდა, მოგვეთხრო ამბავი, რომელიც მკითხველს საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაეხმარებოდა და თანაც, გვეპოვა თინეიჯერებისთვის მისაღები ფორმა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ კომიქსი", — ამატებს იგი.
სალომეს იმედი აქვს, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრ მსგავს პროექტს განახორციელებენ თანამოაზრეებთან ერთად. ერთ-ერთი ასეთი თანამოაზრე კი გამომცემლობა პალიტრა L გახლავთ, რომელთანაც გაეროს მოსახლეობის ფონდს წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. სწორედ პალიტრა L-მა გამოსცა უჩინარიც.
"გოგოებისთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ჩვენი გამომცემლობისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტული და ღირებული საკითხია", — ამბობს პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური.
მაიას თქმით, უჩინარი საინტერესო საკითხავია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, მათი მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვისაც.
"ეს ის თემაა, რომელშიც ყველა თაობას ახალი რაღაცების სწავლა და სწორი ორიენტირების დასახვა სჭირდება", — აღნიშნავს მაია, — "დარწმუნებული ვარ, რომ კომიქსი უჩინარი გულდასმით, ყურადღებით და გააზრებით უნდა წაიკითხოს თანაბრად, დიდმაც და პატარამაც".
მაია ამატებს, რომ ქალთა გაძლიერების საკითხი გამომცემლობა პალიტრა L-ისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია — მათ შორის, ქალი ავტორების ხელშეწყობის მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ, გამომცემლობას სპეციალური სერიაც კი აქვს შექმნილი — "ცხოვრება ქალების კალმით".
"თანასწორობა ჰაერივით გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში"
საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორობის მნიშვნელობას სალომე ბენიძე ხაზს უსვამს და ამატებს, რომ თანაბარუფლებიანი გარემო გვჭირდება "სახლში, სკოლაში, სპორტულ მოედანზე, ყველგან, სადაც ვართ, რათა გოგოებმაც და ბიჭებმაც საკუთარი თავის პოვნა და უჩინარი სუპერძალების გამოვლენა შეძლონ".
საკუთარი თავის პოვნას კი ისინი ნამდვილად შეძლებენ კომიქსში უჩინარი. ამაში ცნობილი ქართველი ფანტასტი მწერალი, ნატო დავითაშვილიც, დარწმუნებულია, რომელმაც წიგნისთვის ბოლოთქმა დაწერა.
"შეუძლებელია, ჩვენმა გოგოებმა კომიქსის მთავარ გმირში, რაღაც ნიშნით მაინც, საკუთარი თავი ან უახლოესი მეგობარი არ ამოიცნონ. რეალობაში არ შესწრებოდნენ ნინის მიმართ ოჯახსა თუ სკოლაში დამოკიდებულების ანალოგს. მრავალი უჩინარი გოგოს ანარეკლია ნინი, მათი ხმაა, მათი გულისთქმის გამხმოვანებელია. ალბათ რამდენი გოგო ოცნებობს ნინის მსგავსად უპრობლემო, წყნარ ბავშვად კი არ უცქერდნენ, არამედ იმ თავდაჯერებულ გოგოდ მიიჩნევდნენ, რომელსაც დიდ და ხიფათიან თავგადასავალში არა მარტო საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, არამედ მეგობრების და თვით სამყაროს გადარჩენაც კი", — წერს ნატო.
თუკი ნინის და მისი ამბის კიდევ უფრო ახლოს გაცნობას მოისურვებთ, კომიქსი უჩინარი ფასდაკლებით დაგხვდებათ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე — 16-დან 18 დეკემბრამდე, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში. ამასთან, ფესტივალის ბოლო დღეს, 18 დეკემბერს, 15:30-ზე კომიქსის პრეზენტაციაც შედგება.
კომენტარები