მედიკამენტების გვერდითი მოვლენები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
თანამედროვე მედიცინა უკვე საკმაოდ განვითარებულია და სხვადასხვა დაავადებისა თუ პრობლემის სამკურნალოდ ადამიანებისთვის უამრავი პრეპარატია ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი ეფექტიანია, მაგრამ ხშირია გვერდითი მოვლენებიც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია წამლის ანოტაციაში წერია.
წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ გავრცელებულ უკუჩვენებებს გაგაცნობთ, რომლებიც ამა თუ იმ მედიკამენტისთვისაა დამახასიათებელი.
1. შფოთვა
სხვადასხვა მედიკამენტის მიღების შემდგომ შესაძლოა, ადამიანს შფოთვა აღენიშნოს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ეს პრობლემა თავად შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც ახლავს თავს. მსგავსი მდგომარეობა ხელის შემშლელია როგორც სრულფასოვანი ძილისთვის, ასევე ყურადღების მოკრებისთვის.
2. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
ზოგიერთი მედიკამენტის უკუჩვენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევაში მდგომარეობს. ეს სხეულის მიერ საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებების შეწოვას უშლის ხელს და დიარეით, მუცლის ტკივილით, გულისრევით ან უმადობით ვლინდება.
3. თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა
საყურადღებო სიმპტომებს შორისაა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, თუმცა წონასწორობის დარღვევის გამო სხეულის დაზიანების რისკს ზრდის. აღსანიშნავია ძილიანობაც, რაც სამსახურში ჩვეულ მუშაობასა და ყოველდღიურ საქმიანობას ძნელად შესასრულებელს ხდის.
4. პირის სიმშრალე
პირის ღრუს ჯანმრთელობისთვისა და სიჯანსაღისთვის ნერწყვის გამოყოფა აუცილებელია. ამის მიუხედავად, არსებობს პრეპარატები, რომელთა უკუჩვენებაც პირის სიმშრალეა, რასაც შესაძლოა, კბილების ნადები, მათი დაშლა, სოკო, ტუჩების "დახეთქვა" ან ღრძილების დაავადება მოჰყვეს.
5. ჰალუცინაციები
ზოგიერთი მედიკამენტის თანმდევი გვერდითი მოვლენა ჰალუცინაციაა, როცა იმას ხედავთ, რაც რეალური არაა. მსგავსი პრობლემის შანსს ერთდროულად მრავალი პრეპარატის მიღება ზრდის და საკმაოდ არასასიამოვნო, საშიში გამოცდილებაა, რადგან ზოგჯერ ადამიანის ქცევის ცვლილებასაც განაპირობებს.
6. გულის პრობლემები
სამკურნალო საშუალებების უკუჩვენება შეიძლება აჩქარებული გულისცემა ან პალპიტაცია, ანუ ნორმალური რიტმის დარღვევა იყოს. თუ გულ-მკერდის არეში ტკივილს განიცდით, დაუყოვნებლივ გაესინჯეთ ექიმს, რადგან არაა გამორიცხული, რომ ამის მიზეზი სულ სხვა, ბევრად სერიოზული რამ იყოს.
7. ინსომნია
ინსომნია, იგივე უძილობა, ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებას ხშირად ახლავს თან. ის ძალიან შემაწუხებელია და ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, რადგან ამ დროს ორგანიზმი ძალების აღდგენას ვერ ახერხებს. იმატებს დიაბეტის, სისხლის მაღალი წნევისა და წონის მატების რისკიც.
8. სიყვითლე
მართალია იშვიათია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ პრეპარატებით გამოწვეული ღვიძლის ანთებაც, ანუ ჰეპატიტი. მას კანის სიყვითლე ახასიათებს, რომელსაც ხშირად ერთვის მუცლის ტკივილი, დაღლილობა, მაღალი ტემპერატურა, საჭმლის გაძნელებული მონელება და ა.შ.
9. გამონაყარი
მედიკამენტებით განპირობებული მწვავე რეაქციების 5-10 პროცენტი ალერგიულია. ყველაზე ხშირად ესაა კანზე გაჩენილი გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ბუშტუკები ტუჩებზე, პირის მიმდებარედ, თვალებთან და გენიტალიების არეში, რასაც სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ეწოდება.
10. სუნთქვის გაძნელება, კიდურების შესივება და წონის მატება
სერიოზულ გვერდითი მოვლენები ზოგჯერ წინ უძღვის ფილტვების ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ასთმა, ალვეოლებში სისხლდენა, ფილტვებში წყლის დაგროვება და ამ ორგანოსთან დაკავშირებული ავტოიმუნური დაავადებები. ხშირია კიდურების დასივება და ზედმეტი კილოგრამების მომატებაც.
ნებისმიერი ამ სიმპტომის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სხვა მედიკამენტს დაგინიშნავთ. ასევე, სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია მოსალოდნელი უკუჩვენებების შესახებ, რათა მსგავს გართულებებს მომზადებულები დახვდეთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები