საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის, Banking Tech Awards 2022-ზე Design System-ისთვის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ბანკმა კონკურენცია გაუწია J.P. Morgan-ს, Goldman Sachs-ს, CTBC Bank-სა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი კი მომხმარებლისთვის საუკეთესო UX/CX გამოცდილების შეთავაზება იყო.

საქართველოს ბანკმა, დიზაინ სისტემა პროცესების გამარტივებისა და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით შექმნა. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინისა და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ისე UX-ის, ბრენდისა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.

"დიზაინ სისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვისა და ეფექტიანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე. დიზაინ სისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რათა მეტი ახალი პროდუქტი ნაკლებ დროში შეიქმნას. მომხმარებლებისთვის დიზაინ სისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნის ციფრულ არხებში, რაც მის გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივსა და ინტუიციურს ხდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ წამყვანი კომპანია, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არ დარჩა ყურადღების მიღმა და დაიმსახურა კიდეც Banking Tech Awards 2022-ის მაღალი შეფასება. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს აღიარება, რაც დაფასებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, არ გავჩერდეთ და ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ", — განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.