რატომ ვართ 8 მილიარდი — რა განგვასხვავებს სხვა ცხოველებისგან?
ადამიანები, სხვა ცხოველებთან შედარებით, განსხვავებულად განვითარდნენ. ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ტვინი, სხეულის ზომასთან შედარებით, და აბსოლუტური ზომით, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს და ასევე გვახასიათებს ინტელექტის ისეთი დონე, როგორიც სხვა ცხოველებს არ გააჩნიათ.
ინტელექტს ბევრი უპირატესობა აქვს, როგორებიცაა: დაგეგმვისა და თანამშრომლობის უნარი, ახალი ტექნოლოგიების შექმნა და ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რა მუშაობს.
მიზეზი იმისა, რის გამოც ცოცხალი არსებები ივითარებენ გარკვეულ მახასიათებლებს, როგორებიცაა: ზოლები ვეფხვზე, ნათელი ფერები პეპელაზე ან დიდი ტვინი ადამიანებში — არის ის, რომ ამ მახასიათებლებს მოაქვს სარგებელი, რომელიც მათ გადარჩენაში ეხმარება. ამ სასარგებლო თვისებებს ცოცხალი არსებები შემდეგ მათ შთამომავლებს გადასცემენ.
არსებობს მთელი რიგი ჰიპოთეზებისა ადამიანის ინტელექტის წარმოშობის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთს ბიოკულტურული რეპროდუქცია ეწოდება. დიდი ტვინი ადამიანებს საშუალებას აძლევს, სხვა ცხოველებთან შედარებით, მეტი ბავშვი შეინარჩუნონ. ბიოკულტურული რეპროდუქციის ჰიპოთეზის მიხედვით, როგორ გვეხმარება ინტელექტი ჩვილების შენარჩუნებაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე — განსაკუთრებით, როგორ ვუვლით ბავშვებს.
ურთიერთდახმარება
ბევრი ცხოველი ცხოვრობს მცირე ან დიდ სოციალურ ჯგუფებში, ხოლო ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა მანგუსტი, ერთმანეთს ეხმარება ახალშობილების კვებასა და დაცვაში, რასაც კოოპერატიული გამრავლება ეწოდება. დამხმარე ცხოველებს საკუთარი შვილები არ ჰყავთ. ისინი უარს ამბობენ საკუთარ რეპროდუქციაზე, რათა დაეხმარონ ოჯახის დომინანტურ წევრს, როგორიცაა დედა ან უფროსი და.
ადამიანები განსხვავებულად იქცევიან. ნებისმიერს, ვისაც სურს და შეუძლია შვილის გაჩენა, ამის უფლება აქვს. ცხადია, ყველა მშობელს არ შეუძლია ან არ იზრუნებს საკუთარ შვილებზე, მაგრამ ხშირად ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. მშობლებსა და სხვა მეურვეებს შეუძლიათ, ახალგაზრდებში ინვესტირება მრავალი წლის, ზოგჯერ მთელი ცხოვრების, განმავლობაში. ამ დახმარებას მეცნიერები ბიოკულტურულ რეპროდუქციას უწოდებენ.
ასევე იხილეთ: ბოლო 6 აღმოჩენა, რომლებმაც ადამიანის ევოლუციის გაგება შეცვალა
მეურვეები შეიძლება, გენეტიკურად იყვნენ დაკავშირებული იმ ბავშვთან, რომელსაც უვლიან, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. წესები იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავენ ადამიანები ერთმანეთზე, განისაზღვრება არა გენებით, არამედ იმ სახელებით, რომლებსაც ჩვენ ვარქმევთ ერთმანეთს. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს პირად სახელებს, როგორიცაა ხატია ან ედგარი, არამედ მიუთითებს ურთიერთობის ფორმაზე, მაგალითად: "ქალიშვილი", "დეიდა", "ბაბუა", "ბიძაშვილი" ან "მეგობარი".
მსგავსი სახელების გამოყენება სიმბოლურ ენას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ სახელები, რომლებსაც ჩვენ ერთმანეთს ვუწოდებთ, წარმოადგენს იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. მხოლოდ ადამიანებმა და ზოგიერთმა ჩვენმა წინაპარმა განავითარეს ასეთი სიმბოლური კომუნიკაცია.
ჩვენს მეგობრებს შეიძლება ვუწოდოთ "და", "ძმა" ან "ბიძაშვილი". ბევრ ადამიანურ საზოგადოებაში, ახალგაზრდები მოიხსენიებენ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებთანაც გენეტიკურად არ არიან დაკავშირებული, როგორც "დეიდას" ან "ბიძიას". ზოგიერთ რელიგიურ ლიდერს უწოდებენ "მამას", "დედას" ან "დას". ეს სახელები გამოიყენება პატივისცემის ნიშნად და ასევე გვაწვდის ინფორმაციას ამ ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ.
საჭიროა დიდი ტვინები
სახელების დარქმევა მარტივი საქმე არ გეგონოთ. დიდტვინიანი ინტელექტია საჭირო იმისათვის, რომ გავიხსენოთ ყველა სახელი და ოჯახსა თუ მეგობრებთან ურთიერთობის ისტორია.
ჩვენს უახლოეს ბიოლოგიურ ბიძაშვილებს, როგორიცაა შიმპანზეები, ჩვენი ტვინის მხოლოდ ერთი მესამედი აქვთ. ისინი არ იყენებენ სიმბოლურ ენას და არ უწოდებენ ერთმანეთს სახელებს. დედა შიმპანზეები ზრუნავენ საკუთარ ჩვილებზე და ამაში მათ სხვა შიმპანზეები, მათ შორის, მამები და ბებია-ბაბუები, არ ეხმარებიან. შიმპანზეების ჩვილების მხოლოდ ერთი მესამედი ცოცხლობს სრულწლოვანებამდე.
ასევე იხილეთ: შიმპანზეები იმაზე მეტად გვგვანან, ვიდრე გვგონია — ნახეთ, როგორ უმკურნალა დედა შიმპანზემ შვილის ჭრილობას
ამის საპირისპიროდ, ადამიანების ფართო სპექტრი, რომლებიც უზრუნველყოფენ მზრუნველობას — მათ შორის, კვებას, ავადმყოფობის დროს მოვლას, განათლებას, ფულსა და სიყვარულს — ეხმარებიან ბავშვებს გადარჩენასა და გაზრდაში. დიდი ტვინის ინტელექტი გვეხმარება, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ამით ასევე შეიძლება, ნაწილობრივ ავხსნათ, თუ რატომ გადააჭარბა პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს.
კომენტარები