თავის წიგნში, დამალული სიღრმეები: ადამიანური კავშირის წარმოშობა (Hidden Depths: The Origins of Human Connection), პროფესორი პენი სპიკინსი იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის განყოფილებიდან, საუბრობს 6 ბოლოდროინდელ აღმოჩენაზე, რომლებმაც შეცვალა ჩვენი გაგება ადამიანის წარმოშობაზე.

1. არსებობს იმაზე მეტი ადამიანური სახეობა, ვიდრე წარმოგვედგინა

ჰომო ლონგი

ფოტო: Chuang Zhao

ისეთი სახეობები, როგორიცაა ჰომო ლონგი, მხოლოდ 2018 წელს იქნა იდენტიფიცირებული. ამჟამად ცნობილია ადამიანის 21 სახეობა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლევრები მიხვდნენ, რომ ჩვენი ჰომო საპიენსი წინაპრები შეიძლება შეხვდნენ რვას ამ სხვადასხვა ტიპის ადამიანთაგან, დაწყებული ძლიერი სახეობებიდან, მათ შორის, ნეანდერტალელები და მათი ახლო ნათესავი დენისოველები, დამთავრებული დაბალი და პატარა ტვინის მქონე ადამიანებით, როგორიცაა ჰომო ნალედი.

მაგრამ ჰომო საპიენსი არ ყოფილა გარდაუვალი ევოლუციური დანიშნულება. იგი არც რაიმე მარტივ წრფივ პროგრესიაში ან პროგრესის კიბეზეა მოთავსებული. ჰომო ნალედის ტვინი შეიძლება პატარა იყო, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი კულტურულად კომპლექსურები იყვნენ და გლოვობდნენ თავიანთ მკვდრებს.

ნეანდერტალელებმა შექმნეს სიმბოლური ხელოვნება, მაგრამ ისინი ჩვენნაირები არ იყვნენ. მათ ახასიათებდათ მრავალი განსხვავებული ბიოლოგიური ადაპტაცია, რომლებიც, შესაძლოა, მოიცავდა ჰიბერნაციასაც კი.

2. ჰიბრიდული ადამიანები ჩვენი ისტორიის ნაწილები არიან

დენი

ფოტო: John Bavaro/early-man.com

ადამიანთა ჰიბრიდულ სახეობებს, რომლებსაც ექსპერტები ოდესღაც სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნევდნენ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ ჩვენს ევოლუციაში. ჰიბრიდების მნიშვნელობის მტკიცებულება გენეტიკაზე მოდის. კვალი ჩანს არა მხოლოდ ჩვენი სახეობის დნმ-ში (რომელიც ხშირად შეიცავს ნეანდერტალელებისგან მემკვიდრეობით მიღებულ მნიშვნელოვან გენებს), არამედ ჰიბრიდების ჩონჩხებშიც.

ერთი მაგალითია "დენი", გოგონა ნეანდერტალელი დედითა და დენისოველი მამით. მისი ძვლები ციმბირის გამოქვაბულში აღმოაჩინეს.

3. ჩვენ იღბლიანები აღმოვჩნდით

პროგრესის კიბის ტრადიციული იდეები შეიცვალა ჩვენი ევოლუციური წარსულის გაცილებით დიდი კომპლექსურობის გააზრებით.

ფოტო: Paleo River Copyright Charlotte Corden, illustrator, Author provided

ჩვენი ევოლუციური წარსული იმაზე არეულია, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ. ოდესმე შეუწუხებიხართ ზურგის ტკივილს? ან შურით თუ შეგიხედავთ არასწორ ლანდშაფტზე თავისუფლად მორბენალი თქვენი ძაღლისთვის? ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის დასანახად, რომ ჩვენ შორს ვართ იდეალურად ადაპტირებულებისაგან. უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ევოლუცია აერთიანებს გადაწყვეტილებებს ეკოსისტემის საპასუხოდ, რომელიც, შესაძლოა, უკვე შეიცვალა. თუმცა, ბევრი ცვლილება ჩვენს ადამიანურ ევოლუციურ საგვარეულოში, შესაძლოა, შემთხვევითობის შედეგი იყოს.

მაგალითად, როდესაც იზოლირებულ პოპულაციებს აქვს ისეთი მახასიათებელი, როგორიც არის მათი გარეგნობის ზოგიერთი ასპექტი, რაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს მათ გადარჩენას და ეს ფორმა კვლავ იცვლება შთამომავლებში. ნეანდერტალელების სახეების (როგორიცაა მათი გამოკვეთილი წარბები) ან სხეულის (მათ შორის დიდი ნეკნები) თვისებები შეიძლება უბრალოდ გენეტიკური დრიფტის შედეგი იყოს.

4. ჩვენი ბედი ბუნებასთან არის გადაჯაჭვული

ჰომო ერექტუსი

ფოტო: Wolfgang Sauber, licensed under CC BY-SA 4.0, via Wikimedia Commons

შეიძლება საკუთარი თავების ბუნების ბატონებად წარმოდგენა გვსურს, მაგრამ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეკოლოგიურმა ცვლილებებმა შეგვქმნა.

ჩვენი სახეობის წარმოშობა დაემთხვა კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რადგან ჩვენ უფრო განვსხვავდებოდით სხვა სახეობებისგან დროის ამ მომენტებში. ადამიანის ყველა სხვა სახეობა, როგორც ჩანს, მოკვდა კლიმატის ცვლილების შედეგად.

ადამიანის სამი ძირითადი სახეობა, ჰომო ერექტუსი, ჰომო ჰეიდელბერგენსისი და ჰომო ნეანდერტალენსისი, მოკვდა კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებებით, როგორიცაა ადამსის მოვლენა. ეს იყო დედამიწის მაგნიტური ველის დროებითი დაშლა 42 000 წლის წინ, რომელიც დაემთხვა ნეანდერტალელების გადაშენებას.

5. სიკეთე ევოლუციური უპირატესობაა

ფოტო: Wikipedia

მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ადამიანის ბუნების ძალადობრივი ნაწილები ევოლუციის კიბეზე სვლაში გვეხმარებოდა, მაგრამ გაჩნდა მტკიცებულება ადამიანის ბუნების მზრუნველი მხარისა და მისი წვლილისთვის ჩვენს წარმატებაში. უძველეს ჩონჩხებს აქვს ავადმყოფობისა და დაზიანებებისგან გადარჩენის შესანიშნავი ნიშნები, რაც დახმარების გარეშე, რთული თუ არა, შეუძლებელი იქნებოდა.

ასევე იხილეთ: შიმპანზეები იმაზე მეტად გვგვანან, ვიდრე გვგონია — ნახეთ, როგორ უმკურნალა დედა შიმპანზემ შვილის ჭრილობას

ადამიანური თანაგრძნობის კვალი ვრცელდება მილიონ-ნახევარი წლის წინ. მეცნიერებმა სამედიცინო ცოდნას, მინიმუმ, ნეანდერტალელების დრომდე მიაკვლიეს. ალტრუიზმს ახასიათებს მრავალი მნიშვნელოვანი სარგებელი გადარჩენისთვის. ეს საშუალებას აძლევდა საზოგადოების ხანდაზმულ წევრებს, გადაეცათ მნიშვნელოვანი ცოდნა. სამედიცინო დახმარება კი გამოცდილ მონადირეებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა.

6. ჩვენ მგრძნობიარე სახეობა ვართ

ფოტო: Vilmos Vincze / Wikimedia Commons:, CC BY

ევოლუციამ ემოციურად იმაზე მეტად გაგვხსნა, ვიდრე გვეგონა. შინაური ძაღლების მსგავსად, რომლებთანაც მრავალ გენეტიკურ ადაპტაციას ვიზიარებთ, როგორებიცაა: მეტი ტოლერანტობა გარიყულების მიმართ და მგრძნობელობა სოციალური ნიშნების მიმართ — ადამიანის ჰიპერ სოციალურობას ფასი აქვს. ეს ფასი ემოციური მოწყვლადობაა.

ჩვენ უფრო მგრძნობიარეები ვართ იმის მიმართ, თუ როგორ გრძნობენ ჩვენ გარშემო თავს ადამიანები, ასევე, უფრო მოწყვლადები ვართ სოციალური გავლენის მიმართ, უფრო მიდრეკილნი ვართ ემოციური აშლილობებისკენ, მარტოსულობისა და დეპრესიისკენ, ვიდრე ჩვენი წინამორბედები. ჩვენი კომპლექსური გრძნობები შეიძლება ყოველთვის არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ისინი იმ ძირითადი გარდაქმნების ნაწილია, რომლებმაც შექმნა დიდი, დაკავშირებული თემები. ჩვენი ემოციები აუცილებელია ადამიანთა თანამშრომლობისთვის.

ამდენად, როგორც ვხედავთ, ბოლოდროინდელ მიგნებებზე დაფუძნებული ეს ახალი ნარატივი შორსაა ადამიანის ევოლუციის ტრადიციული შეხედულებებისგან და ჩვენი სახეობის პროგრესს ხედავს არა როგორც წრფეს, არამედ — როგორც ერთმანეთში გადახლართულ ძაფებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.