ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამად ჯაფარ მონტაზერის განცხადებით, ქვეყანაში მორალის პოლიციის საქმიანობა შეჩერდა. შეგახსენებთ, რომ მორალის პოლიციას ქვეყანაში სამოსის ისლამური წესით ტარების კონტროლი ევალებოდა.

"მორალის პოლიციას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს", — განაცხადა გენერალურმა პროკურორმა და დასძინა, რომ მთავრობამ შესაძლოა გადახედოს კანონს, რომელიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.

ფოტო: Twitter

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქვეყანაში, შემდეგ კი მსოფლიოში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაჰსა ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციაზე ირანელმა ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს და 22 წლის ქალის გარდაცვალება ამ ფორმითაც გააპროტესტეს. საპროტესტო ტალღას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ირანში ჰიჯაბის ტარება ყველა ქალისთვის სავალდებულო 1983 წლის აპრილში გახდა.