როგორი იქნებოდა დიუნი, სერგო ფარაჯანოვს რომ გადაეღო
დღეს ხელოვნური ინტელექტი ბევრი იდეის ხორცშესხმისა და "ექსპერიმენტის" ჩატარების საშუალებას გვაძლევს. თუ კინოს ან ხელოვნების მოყვარული ხარ და გაინტერესებს, როგორი იქნებოდა რომელიმე ფილმი სულ სხვა რეჟისორს რომ გადაეღო, ამის ნახვა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
სწორედ ფილმების ალტერნატიულ ვერსიაზე ფიქრობდა ჯორჯო ანსელმი, რომელიც პროფესიით თარჯიმანია, თუმცა ხელოვნებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გატაცებული. ჯორჯო დაინტერესდა, თუ როგორი იქნებოდა დიუნი, ფარაჯანოვს რომ გადაეღო და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, საკუთარ შეკითხვაზე პასუხიც იპოვა.
"საქართველოში ორი წელი ვიცხოვრე და ხშირად ვსტუმრობდი სომხეთს, სადაც ფარაჯანოვის ეროვნული მუზეუმია, რომელიც ფანტასტიკურია და ვფიქრობ, ყველამ უნდა მოინახულოს. რეჟისორის შემოქმედებას გავეცანი, რომლის ესთეტიკა იმდენად თავისებური და უნიკალურია, მაშინვე დავინტერესდი, როგორი გამოვიდოდა სხვა ფილმები, ასე რომ გადაეღოთ. დიუნის პირველი ფილმის რეჟისორი დევიდ ლინჩია და როგორც ვიცით, მან ალეხანდრო ხოდოროვსკი ჩაანაცვლა, რომელსაც ეს ფილმი უნდა გადაეღო. ლინჩიც და ხოდოროვსკიც თავიანთი სიურრეალისტური კინემატოგრაფიით არიან ცნობილები, ამიტომ მაინტერესებდა, როგორ გადაიღებდა დიუნს სხვა სიურრეალისტი რეჟისორი", — ამბობს ჯორჯო ანსელმი.
შეგახსენებთ, რომ ფრენკ ჰერბერტის ნაწარმოების მიხედვით შექმნილმა ეკრანიზაციებმა დიდი აღიარება მოიპოვა. ფარაჯანოვის შემოქმედება კი, რომელიც უნიკალური ესთეტიკით გამოირჩევა, კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამ ორის სინთეზი სწორედ ასეთი იქნებოდა:
კომენტარები