დისკრიმინაციისაგან დაცვის მექანიზმები და გამოწვევები საქართველოში
2014 წელს საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომლითაც ქვეყანაში ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აიკრძალა. თუმცა, საკანონმდებლო გარანტიის არსებობის მიუხედავად, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, მათ შორისაა საზოგადოების ინფორმირებულობა. მოქალაქეთა ნაწილმა კანონის მიღებიდან 8 წლის შემდეგაც არ იცის სრულყოფილად, ვის შეუძლია მიმართოს დისკრიმინაციის შემთხვევაში და რა მექანიზმები გამოიყენოს მის წინააღმდეგ საბრძოლველად.
დიკრიმინაციის არსი
რას გულისხმობს დისკრიმინაცია და როგორ შევძლოთ მისი ამოცნობა? კანონის თანახმად, არსებობს ორი სახის დისკრიმინაცია: პირდაპირი და ირიბი.
პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, როდესაც პირი რომელიმე უფლებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაშია ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით და ამ უფლებით ვერ სარგებლობს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო. პირდაპირი დისკრიმინაციაა, ასევე, ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, როდესაც თანაბარ მდგომარეობაში აყენებენ არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.
ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ზემოთ მითითებული ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. ან პირიქით, თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფებს.
— საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ".
სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთი შუბაშვილი განმარტავს, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია არის უთანასწორობა, როდესაც ადამიანი პირადი მახასიათებლის გამო უფრო ცუდ მდგომარეობაშია ჩაყენებული, უფრო ზუსტად კი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე უფლება ერღვევა. მიზეზი შეიძლება იყოს სქესი, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ასაკი, პოლიტიკური შეხედულება და ა.შ.
რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, მას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ადამიანს განსხვავებული/განსაკუთრებული საჭიროება აქვს, თუმცა ამას ვერ ხედავენ და არც შესაბამისად ექცევიან.
"მაგალითად, არის კიბე და მასზე ასვლა შეუძლია ყველას, მაგრამ პრაქტიკულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ეტლით მოსარგებლე პირი ამ კიბეზე ვერ ავა".
კანონის აღსრულების პროცესში არსებული გამოწვევები
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შედეგია. ქეთი შუბაშვილი აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს კანონი საქართველოში უფრო ადრე მიეღოთ და მაგალითად მოჰყავს ევროპის ქვეყნები, სადაც შესაბამისი კანონმდებლობა 20-30 წლის წინ ამოქმედდა, რამაც თანასწორობის პროცესის მიღწევა კიდევ უფრო დააჩქარა.
"ჩვენ უფრო მეტი წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ კანონში არსებული თანასწორობა პრაქტიკაში გადმოვიტანოთ. თუმცა მთავარია მივიღეთ, რადგან ამის გარეშე თანასწორობაზე ლაპარაკი არ გამოვიდოდა. საკანონმდებლო გარანტია ადამიანის უფლებების გათვალისწინებისთვის პირველი საფეხურია", — ამბობს ის.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძეც აღნიშნავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის არსებობას ჩვენი ქვეყნისთვის კონცეპტუალური მნიშვნელობა აქვს და ის საქართველომ დიდი ბრძოლის შედეგად მიიღო. იგი ამბობს, რომ ამ მექანიზმის წყალობით, ადამიანებმა ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესეს და სიმართლის დამტკიცება შეძლეს. გარდა ამისა, ასეთი კანონი საზოგადოებას წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების შეცვლაში ეხმარება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მანამდეც და დღესაც გარკვეული ტიპის ჩაგვრას განიცდიან.
"შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ეფექტური კანონმდებლობა საქართველოში. ჩვენი ორგანიზაცია და პირადად მეც, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებთ ამ კანონს, თუმცა მისი არსებობა არ ნიშნავს, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკის გაქრობის მოლოდინი გვაქვს", — ამბობს ანა აბაშიძე.
ორივე რესპონდენტი პოზიტიურად აფასებს კანონის მიღებას, თუმცა ძირითად პრობლემად აღსრულების პროცესს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ კანონის პრაქტიკაში იმპლემენტაცია სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ანა აბაშიძე და ქეთი შუბაშვილი ამბობენ, რომ სხვადასხვა სოციალური ჯგუფი დღემდე ბევრ წინააღმდეგობას აწყდება ფაქტობრივი თანასწორობის კუთხით და ასეთი შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება.
"ის, რაც გვიწერია კანონში, პრაქტიკაში, როგორც საჯარო უწყებების მხრიდან, ასევე, კერძო ორგანიზაციებისა თუ კერძო კომპანიების მხრიდან არ სრულდება და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია", — მიუთითებს ქეთი შუბაშვილი.
ანა აბაშიძის განმარტებით, საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება პირველი და საბაზისო ნაბიჯია, თუმცა ამას გარდა, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობაც აუცილებელია. ამბობს, რომ ყველა აქტორმა და ორგანიზაციამ კანონის სასიცოცხლო იმპლემენტაციაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს და ასევე საზოგადოებისა და მოქალაქის როლზეც ამახვილებს ყურადღებას.
"ხალხმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ამ ღირებულებებს, რაც კანონში წერია. ასეთ შემთხვევაში ნელ-ნელა შემცირდება ჩაგვრის ის მასშტაბი, რაც დღესაც არის და წარსულში კიდევ უფრო მძიმე იყო".
უფლების სხვა მექანიზმები
ანტიდისკრიმინაციული კანონის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს მიიჩნევს დისკრიმინაციის მსხვერპლად, მის აღმოსაფხვრელად შეუძლია, მიმართოს როგორც სახალხო დამცველს, ასევე, სასამართლოს. მოქალაქემ თავად უნდა განსაზღვროს, უფლების დაცვის რომელი მექანიზმი გამოიყენოს, თუმცა უნდა გაითვალისწინოს კანონით დადგენილი პროცედურები და ვადები, რაც სხვადასხვაგვარია. კერძოდ, სასამართლოსთვის მიმართვა დისკრიმინაციის ფაქტიდან ერთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო სახალხო დამცველისთვის მიმართვისას ასეთი ვადა დადგენილი ვადა არ არის. ამასთან, სასამართლოსაგან განსხვავებით, სახალხო დამცველი უფრო პროაქტიულია პროცესში და საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლს მტკიცებულებების შეგროვებაში/მოპოვებაში ეხმარება.
ამ მექანიზმების გარდა, 2020 წლიდან ამოქმედდა შრომის ინსპექცია, რომელიც შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლის მხრიდან განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტებს განიხილავს. ანუ, დასაქმებულს, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სამი ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება შეუძლია: სახალხო დამცველი, სასამართლო, შრომის ინსპექცია.
კითხვაზე, სად ვხვდებით ყველაზე ხშირად დისკრიმინაციის შემცველ მოპყრობას, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი პასუხობს, რომ მიმართვიანობა მაღალია ქალების მხრიდან. ასევე, იმ პირებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ დისკრიმინაციას განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო დაექვემდებარნენ. ქეთი შუბაშვილი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატს სტაბილურად აქვს განსახილველი საქმეები, რომლებიც შშმ პირების სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხება. მისივე განმარტებით, ხშირია რელიგიური ან/და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები და ლგბტ+ თემის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ან/და გენერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები, თუმცა ზოგიერთი მათგანი, მათ შორის, ლგბტ+ თემი სოციალური წნეხის გამო მიმართვისგან თავს იკავებს.
"მომართვიანობა ყოველთვის არ ასახავს სურათს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში შეიძლება იყოს კონკრეტული ჯგუფი", — დასძენს ქეთი შუბაშვილი.
საზოგადოების ინფორმირებულობა
ანა აბაშიძე ხაზს უსვამს, რომ ცნობადობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ათი წლის წინ, შესაბამისად, ადამიანები შედარებით უკეთ არიან ინფორმირებული დისკრიმინაციასა და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც მის აღმოსაფხვრელად შეუძლიათ მიმართონ.
"მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დონე საზოგადოების ინფორმირებისა, რაც ჩვენ მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ, უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით ყველა მხრიდან მუშაობა", — ამატებს ის.
ქეთი შუბაშვილი განმარტავს, კანონმდებლობის მიღებისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების შემდეგ, საზოგადოების ინფორმირება თანასწორობის მიღწევის მესამე ეტაპია. აღნიშნავს, რომ ადამიანთა ნაწილი სტერეოტიპებისგან თავისუფალია, თუმცა ნაწილს არასწორი ინფორმაცია, შიშები და უსაფუძვლო აგრესია აქვს კონკრეტული ჯგუფების მიმართ და ეს, ერთი მხრივ, ინფორმაციის არქონის, მეორე მხრივ კი, მისი არასწორად გააზრების ბრალია.
სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ელექტრონულ კურსებს სთავაზობს, მათ შორის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელთა გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები. გარდა ამისა, აპარატი უზრუნველყოფს თემატური ვიდეორგოლების მომზადებას და საინფორმაციო კამპანიების წარმართვას, რათა ხმა მიაწვდინონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, შექმნან თანასწორობის უფლების რეალიზების გარანტიები და დისკრიმინაციის მსხვერპლებს, რომლებმაც უნდა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა.
"ჩვენ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვმართავთ საინფორმაციო შეხვედრებს ეს შეიძლება იყოს ტრენინგი, ვორქშოფი და სხვა. გარდა ამისა, ვესაუბრებით სხვადასხვა უწყებას, ან კერძო კომპანიებს მათ ვალდებულებებზე, განვუმარტავთ, რა არის აკრძალული, რა დასაშვები და რატომ უნდა იყოს დაცული კონკრეტული უფლება. თუ ვხვდებით მოსახლეობას, განვუმარტავთ, რა არის მათი უფლება, რა მექანიზმები შეუძლიათ გამოიყენონ ან როგორ შეიძლება გაძლიერდნენ ამ მიმართულებით", — აღნიშნავს ქეთი შუბაშვილი და განმარტავს, რომ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად არიან ჩართული და მხარდაჭერას არ იშურებენ თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების კუთხით.
სახელმწიფოს როლი
ადამიანის უფლებების დაცვის პირველადი ვალდებულება, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების გაზრდის კუთხით, სახელმწიფოზეა.
ქეთი შუბაშვილი ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობაზე, თანასწორობის პროცესში თითოეული მათგანის მიერ საკუთარი როლის გათავისების აუცილებლობასა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. იგი ამბობს, რომ ინფორმაციის მიწოდება, საგანმანათლებლო სისტემიდან უნდა დაიწყოს და სახელმწიფოს მნიშვნელოვან ვალდებულებად თანასწორობის პოლიტიკის გატარებას ასახელებს.
"ხელისუფლების და საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა არ უნდა გააკეთონ დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები. პირიქით, უნდა გააკეთონ მხარდამჭერი განცხადებები, როგორც თანასწორობის უფლებისთვის კრიტიკულ მომენტებში, ასევე, ზოგადად. საზოგადოება უნდა გრძნობდეს, რომ ხელისუფლების პოლიტიკაა, დაიცვას თანასწორობის უფლება", — ამბობს ქეთი.
არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე კი აღნიშნავს, რომ სასურველია, სახელმწიფომ, კანონის მიღების პარალელურად ძალიან აქტიურად დაუჭიროს მხარი მისსავე მიღებულ კანონს, აღიაროს ღირებულებები და ხმამაღლა, ყოველდღიურ რეჟიმში ისაუბროს მათზე. მისივე განმარტებით, კანონს ორი მიზანი აქვს, ერთი არის ის, რომ ადამიანს კონკრეტულ სიტუაციაში დაეხმაროს, ხოლო მეორე, რაც კანონმდებლობაში წერია, საზოგადოებაში ღირებულებად აქციოს. სხვა სიტყვებით, სახელმწიფომ ხალხს უნდა უთხრას, შემდეგი:
"ეს კანონი მივიღე იმიტომ, რომ ჩვენი, როგორც ქვეყნის ღირებულება სწორედ თანასწორობაა და უთანასწორობას კანონის დარღვევად ვაღიარებ".
იგი ამბობს, რომ საქართველო ნაკლებად არის ისეთი ტიპის სახელმწიფო, რომელიც კანონს იღებს და შემდეგ მის პოპულარიზაციაზე რესურსებს ხარჯავს. აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში ფრაგმენტული გამოცდილება არსებობს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო გააძლიერებს მცდელობას, კანონით აღიარებული ღირებულებები მეტად გავრცელდეს. სახელმწიფო უწყებები უნდა იყვნენ მაგალითები იმისა, რომ თანასწორობა ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ პრინციპად იქნეს აღიარებული.
ასევე, განმარტავს, რომ ზოგადად, კანონმდებლობის აღსრულება უმეტესწილად აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქე იყოს აქტიური, რადგან კანონი, რომელიც გვიცავს, თუ კონკრეტულ შემთხვევაში დაირღვა, სწორედ მოქალაქემ უნდა დაიწყოს ამ დარღვეული უფლების აღდგენის პროცესი.
"მათ შორის, მოქალაქემ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ისაუბროს ხმამაღლა ამ პრობლემაზე, მიმართოს სასამართლოს, სხვადასხვა სამინისტროს, ასეთი პროცედურებიც არსებობს და დაიწყოს ეს პროცესი", — ამბობს ანა.
სტატია მომზადდა ევროპის საბჭოს ინიციატივით. წარმოდგენილი მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ევროპის საბჭოს მოსაზრებებს.
კომენტარები