ინოვაცია: ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარე ჰაერის 30 გამწმენდზე ეფექტიანია
Inverse-ის ცნობით, პარიზულმა სტარტაპმა Neoplants, შექმნა გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარე, რომელიც ჰაერის 30 გამწმენდის საქმეს ასრულებს.
კომპანიამ გენეტიკურად გამოიყვანა როგორც მცენარე პოთოსი (Epipremnum aureum), ისე მის ფესვთან დაკავშირებული მიკრობიომი, რათა შეექმნა Neo P1, ჰაერის ძლიერი გამწმენდი. ახლა, როცა ახალმა სუპერეფექტურმა მცენარემ ბაზარზე შეაღწია, მას ინდუსტრიაში რევოლუციური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
"პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი ისაა, რომ ადამიანებს უფრო აინტერესებთ, რა არის ჰაერში, რომელსაც სუნთქავენ", — განაცხადა Neoplants-ის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, მოლეკულურმა ბიოლოგმა პატრიკ ტორბეიმ.
ელექტროენერგია საჭირო არ არის
Neo P1-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ელექტროენერგიას არ მოითხოვს, შესაბამისად გარემოზე ნეგატიური გავლენა არ აქვს. გარდა ამისა, როცა არაერთ რეგიონში ტყის ხანძრების პრობლემა დგას, ჰაერის გამწმენდ სისტემებზე მოთხოვნა მაღალია, მცენარე კი ამ დეფიციტს დააბალანსებს.
ახალ გამოგონებას აქროლვადი ორგანული ნაერთების (VOC) შთანთქმის პერსპექტივაც აქვს, რომელთაც ჩვეულებრივი ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები ძალიან მცირე ზომის გამო ვერ ამუშავებს.
მცენარეებს შეუძლიათ დაიჭირონ, შთანთქან და გადაამუშავონ უმცირესი ნაწილაკებიც კი. ამ მხრივ Neo P1 მათგან არაფრით განსხვავდება და ფორმაც კი ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოთახის მცენარის აქვს.
სტარტაპის მთელი შრომა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა დასასრულს ბიოინჟინრებმა შექმნეს მცენარე, რომელსაც ოთახში არსებული ჰაერის ოთხი მთავარი დამაბინძურებლის გადამუშავება შეუძლია, მათ შორის ფორმალდეჰიდისა და ტოლუოლის.
დამატებითი კვლევები
ბიოინჟინრები აქ არ გაჩერებულან. მათ ექსპერიმენტები მცენარის ფესვში მცხოვრებ მიკროორგანიზმებზეც ჩაატარეს და მათზე ბაქტერია ექსტრემოფილის გენები გამოცადეს, რომელსაც ტოქსიკური ნაერთების მიღებით არასასურველ გარემოში გაძლება შეუძლია. ამ მოდიფიკაციამ მცენარის "ტევადობა" საგრძნობლად გაზარდა.
FDA სტანდარტებთან მოსარგებად და ბუნებრივი კატასტროფებისგან თავის დასაზღვევად, ბიოინჟინრებმა არ ჩაატარეს ექსპერიმენტები გენომის იმ ნაწილზე, რომელსაც შესაძლოა მცენარის ველურ გარემოში გადარჩენის უნარი გაეძლიერებინა.
"ჩვენ მცენარეს სელექციურ უპირატესობას არ ვაძლევთ, შესაბამისად, არ ვაძლევთ საშუალებას, გაიზარდოს სხვებზე სწრაფად, ან იყოს პესტიციდების მიმართ მათზე მეტად მდგრადი", — განმარტა ტორბეიმ.
ამჟამად კომპანია სხვა ტიპის მცენარეებზე მუშაობს, რომლებიც, ბუნებრივია, სხვა პრობლემების მოგვარებას ემსახურებიან. გარდა ამისა, პრიორიტეტია ფასის შემცირებაც, რომელიც ახლა 179 დოლარს შეადგენს.
2018 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასევე პოთოსის მოდიფიკაციით შემოგარენში არსებული ჰაერი ქლოროფორმისა და ბენზოლისგან გაწმინდეს. იმ პერიოდში, ტექნოლოგია რევოლუციურად მიიჩნეოდა, დღეს კი ეს მცენარე ნებისმიერ ჩვენგანს სულ რაღაც 179 დოლარად ოთახში შეუძლია დაიდგას, რაც გენური ინჟინერიის განვითარების სისწრაფეზე გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.
კომენტარები