17-დან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში DataFest Tbilisi გაიმართება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური მონაცემთა ფესტივალია. კონფერენცია Rooms Hotel-სა და ონლაინ, Zoom-ში ჩატარდება.

DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიება გახლავთ და ის უკვე მეექვსედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ასობით სტუმრის წინაშე 40-ზე მეტი სპიკერი წარდგება, რომლებიც 5 ძირითად თემაზე ისაუბრებენ. ესენია: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

ფოტო: DataFest Tbilisi

DataFest Tbilisi-ის ერთ-ერთი სპიკერი მონაცემთა ვიზუალიზაციის ქართველი სპეციალისტი დათო ბუმბეიშვილია, რომელიც თავის საქმიანობაზე, ამ ღონისძიების მნიშვნელობასა და თანამედროვე მსოფლიოში მონაცემთა ვიზუალიზაციის დანიშნულებაზე გვესაუბრა.

როგორც დათო გვიყვება, მისი კარიერული გზა 2014 წელს, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად დაიწყო, კერძოდ კი — საქართველოს ბანკში სტაჟირებით. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ანალიტიკოს-დეველოპერის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო სამსახურის შემდეგ Freelance პლატფორმებზე მონაცემთა ვიზუალიზაციის განხრით დამატებით დავალებებს ასრულებდა.

"2018 წელს სრული განაკვეთით გადავედი მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებით Freelance პროექტებზე მუშაობაზე. ამ დროის განმავლობაში პატარა და საშუალო ზომის 50-ზე მეტ პროექტზე მომიწია მუშაობა. გარდა ფინანსური ბენეფიტებისა, კონტაქტი მქონდა ძალიან ბევრ ადამიანთან სხვადასხვა ქვეყნიდან და ამ კუთხით საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა.

2022 წლის სექტემბრიდან კომპანია infogr8-ში დავიწყე მუშაობა მონაცემთა უფროსი დეველოპერის პოზიციაზე. American Opportunity Index იყო ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელზეც ბოლო დროს ვიმუშავე", — ამბობს ის.

ფოტო: DataFest Tbilisi

საკუთარ პროფესიაზე საუბრისას დათომ აღნიშნა, რომ ადამიანი მონაცემებს ვიზუალურად გაცილებით მარტივად აღიქვამს, რაც ინფორმაციის სწრაფ ანალიზსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.

"თუმცა, ასევე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ მონაცემთა ვიზუალიზაციის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მსგავსი მონაცემების ვიზუალურად ისე მანიპულირება, რომ საბოლოოდ ამან მცდარ აზრამდე მიგვიყვანოს. შესაბამისად, მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ დეტალების ცოდნა გვეხმარება კრიტიკულ აზროვნებაშიც", — განაცხადა რესპონდენტმა.

აქვე უნდა ითქვას, რომ წელს DataFest Tbilisi 2022-ის ხუთივე მიმართულებაში ინტეგრირებულია მისინფორმაციის თემა. სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრები და ვორკშოპები ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ კამპანიებზე, მეთოდებსა და მათთან ბრძოლის ტექნიკებზე მოგითხრობთ.

Datafest Tbilisi 2022-ზე დათო ბუმბეიშვილი ვორქშოპს d3.js-ის შესახებ ჩაატარებს, რომელიც ვებ ბრაუზერებში მონაცემთა ინტერაქტიური ვიზუალიზაციის შესაქმნელი JavaScript ბიბლიოთეკაა.

"უკვე 10 წელია, ეს ბიბლიოთეკა არასტანდარტული და ინტერაქტიური ჩართების აგებაში ლიდერია და ხშირად გამოიყენება წამყვანი ონლაინ გამოცემების მიერ (New york times, Financial times, Bloomberg) მონაცემებთან დაკავშირებული ინტერაქტიური სტატიებისთვის და არა მხოლოდ", — ამბობს მონაცემთა ვიზუალიზაციის ქართველი სპეციალისტი.

ის ფიქრობს, რომ მისი გამოსვლა უფრო ტექნიკური გამოცდილების მქონე, მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც აჩვენებს, რამდენად "მარტივია" მონაცემებზე მორგებული და არასტანდარტული ვიზუალიზაციების აგება შესაბამისი ცოდნის შემთხვევაში. ეს იმ ფონზე, როცა მსგავსი ვიზუალიზაციების სიმწირეს არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო პროგრამული ბაზარიც განიცდის.

რაც შეეხება DataFest Tbilisi-ს ფესტივალს, დათოს მიაჩნია, რომ საქართველოში ამგვარი ღონისძიების ჩატარება მისასალმებელი და სასიხარულოა.

"გარდა იმისა, რომ მსგავსი მასშტაბის მონაცემების ფესტივალს ჩვენი ქვეყნის მსოფლიო რუკაზე გამოჩენის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით საინტერესო თემებზე იქნება დისკუსია", — აცხადებს ის.


შეგახსენებთ, რომ DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ფორსეტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდია. მისი მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები საქართველოს ბანკი, Grant Thornton, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროპის საბჭო და თბილისის მერია არიან. პარტნიორები AskGov.ge, National Endowment for Democracy, Tactical Tech, Alliance of Democracies, ევროკავშირი და პარტნიორობა ღია მმართველობისთვის. ქომიუნითი პარტნიორები Tbilisi School of Communication, WiFisher, მთავარი მედია პარტნიორია - NEXT.On.ge, მედია პარტნიორები კი On.ge, Marketer და Entrepreneur არიან. ღონისძიების მხარდამჭერები Zinc Network, D Block, CRISP Berlin არიან.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს www.datafest.ge

ასევე იხილეთ: რა გველოდება DataFest Tbilisi 2022-ზე — ინტერვიუ ჯუბო ბერიძიშვილთან

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.