რა გველოდება DataFest Tbilisi 2022-ზე — ინტერვიუ ჯუბო ბერიძიშვილთან
DataFest Tbilisi ანუ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური მონაცემთა ფესტივალი 17-19 ნოემბერს თბილისში, Rooms Hotel-სა და ონლაინ, Zoom-ში გაიმართება.
ასევე იხილეთ: რა ხდებოდა მონაცემთა ფესტივალ DataFest Tbilisi 2021-ზე
DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება. გასული წლების განმავლობაში ფესტივალმა უკვე შეძლო რეგიონში მოწინავე პოზიციის დამკვიდრება; ასევე, რეგიონში მოღვაწე მონაცემთა მეცნიერებისა თუ უბრალოდ, მონაცემთა ენთუზიასტების, ჟურნალისტებისა თუ სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში თავმოყრა. საერთო პრობლემებსა თუ ინსაითებზე საუბარი, სფეროში დაგროვილი ცოდნის გაზიარება და სწავლა წამყვანი სპეციალისტებისგან სწორედ ისაა, რაც ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულების განვითარების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. მისიას — იყოს მთავარი თავშეყრისა და ცოდნის მიმოცვლის ადგილი მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფესტივალი ხუთი წელია წარმატებით ართმევს თავს. წელს კი, ღონისძიების არსებობის მეექვსე წელს, ის 5 თემის გარშემო ასობით სტუმარსა და 40-მდე სპიკერს გააერთიანებს.
უფრო კონკრეტულად, წლევანდელი DataFest Tbilisi ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და დატათონებს შემდეგი მიმართულებებით უმასპინძლებს:
- მონაცემთა ანალიტიკა — ვორკშოპები, დატატონი და დისკუსია მონაცემთა ანალიტიკის უახლესი მოდელებისა და ინსტრუმენტების შესახებ;
- მონაცემთა ჟურნალისტიკა — ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები, პრეზენტაციები და დატათონი მონაცემთა ჟურნალისტიკის, სთორითელინგისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გარშემო;
- მონაცემთა ვიზუალიზაცია — პრაქტიკული ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები, დატათონი და მენტორობის პროგრამა ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით;
- მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა — ვორკშოპები, დატათონი და პანელური დისკუსიები ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის;
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი — ვორკშოპები და დისკუსიები მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ DataFest Tbilisi 2022-ის ხუთივე მიმართულებაში ინტეგრირებულია მისინფორმაციის თემა. სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრები და ვორკშოპები ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ კამპანიებზე, მეთოდებსა და მათთან ბრძოლის ტექნიკებზე მოგითხრობთ. ამ საკითხზე DataFest Tbilisi 2022-ის მისინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელს, ჯუბო ბერიძიშვილს ვესაუბრეთ:
წინა 5 წლის განმავლობაში მიმდინარე მონაცემთა ფესტივალებზე მისინფორმაციის თემატიკაზე აქცენტები ცხადი იყო. თუმცა, DataFest Tbilisi 2022-ის ხუთივე მიმართულებაში ინტეგრირებულია მისინფორმაციის თემა. რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება? რა პროცესების/ტენდენციების შედეგია?
დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდამ DataFest Tbilisi-ის თემატიკები მოიცვა და ფესტივალის ტრადიციული აუდიტორია ახალი უნარ-ჩვევების საჭიროების წინაშე დადგა.
მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს შესაძლოა დეზინფორმაციის დასაძლევი ხელსაწყოს შექმნა შეეძლოთ, მაგრამ არ იცნობდნენ დეზინფორმაციის გამოწვევებს, მის გავლენასა და ტექნიკებს. მონაცემთა მეცნიერები და ანალიტიკოსები დეზინფორმაციული კონტენტის და ქსელების იდენტიფიცირებაში კრიტიკულ როლებს იკავებენ. მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტები კი დეზინფორმაციის მკვლევარებს ეხმარებიან, საზოგადოებას მიგნებები მარტივად აღსაქმელი ფორმებით მიაწოდონ. პარალელურად, მონაცემთა ჟურნალისტიკა დეზინფორმაციის გაშუქებაზე მუშაობს.
DataFest Tblisi-ის ინტერნაცონალური აუდიტორია, გასულ გამოშვებებზე, აქტიურად ერთვებოდა დეზინფორმაციის ირგვლივ სესიებში, წელს კი მზად ვართ, მათ ინტერესებსა და საჭიროებებს კიდევ უფრო მეტად ვუპასუხოთ.
რას და რა გზებით მოგვცემს/გვასწავლის წლევანდელი დატაფესტი ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და ბრძოლის მეთოდებზე?
დეზინფორმაცია მუშაობს იმიტომ, რომ მას აუდიტორია ჰყავს. გვჯერა, აუდიტორიაზე მუშაობა პრობლემის მდგრადი გადაწყვეტაა და გვინდა, რომ სწორედ აუდიტორიას ვემუშავოთ.
სწორედ ამიტომ, წელს, ფესტივალი პირველად უმასპინძლებს მისინფორმაციის გამოფენას — The Glass Room Misinformation Exhibition. გამოფენაზე ვიზიტორები აღმოაჩენენ, როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ და ინტერნეტმა ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების გზები. ინტერაქციული პოსტერების, აპლიკაციების, თამაშებისა და ანიმაციების მეშვეობით, გამოფენა პასუხობს კითხვებს — როგორ მუშაობს ამომრჩევლის ემოციებსა და ინტერესებზე პერსონიფიცირებული მისინფორმაცია? როგორ გამოიყენება ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ამ მიზნისთვის?
The Glass Room საერთაშორისო პროექტია ბერლინში და მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, Tactical Tech-ს ეკუთვნის. გამოფენა უკვე 54 ქვეყანაში ჩატარდა და მას, ჯამში, 270 630 ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენა ღია იქნება ფესტივალის ყველა მონაწილისთვის.
ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალზეც ვუმასპინძლებთ ინსპირაციულ გამოსვლებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს დეზინფორმაციის ცხელ თემებზე, მათ შორის, ღია წყაროებით გამოძიებაზე, ინოვაციურ ხელსაწყოებსა და მიგნებებზე.
მოისმინეთ: შემდეგი პოდკასტი: DataFest Tbilisi — 5 წელი მონაცემთა სამყაროში
წინა წლების მსგავსად, დატაფესტი წელსაც მოუყრის თავს მონაცემთა მკვლევრებს, ჟურნალისტებსა თუ უბრალოდ, მონაცემთა ენთუზიასტებს. რა სიახლეს უნდა ველოდოთ წელს ფესტივალისგან?
დინამიურობა და მასიურობა. პარალელური ვორქშოფები და გამოსვლები. მეტი სივრცე ნეთვორქინგისთვის.
ტრადიციულ ხუთ თემატიკასთან ერთად, ფესტივალი ორ ახალ კატეგორიას — სტარტაპებსა და მისინფორმაციას გამოყოფს. სიახლეა ისიც, რომ მთავარ სივრცეში მოეწყობა Expo Booth, სადაც სტარტაპები ვიზიტორებს უწყვეტ რეჟიმში გააცნობენ საკუთარ პროდუქტებს, მათ შორის, დეზინფორმაციის დასაძლევ ხელსაწყოებს.
სიახლეა ფესტივალის ლოკაციაც — ღონისძიებას Rooms Tbilisi უმასპინძლებს. DataFest Tbilisi ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება და ციფრულ მონაწილეებს ონლაინ ნეთვორქინგ სივრცეებს შევთავაზებთ.
ყველაფერი ეს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი მონაცემთა ენთუზიასტებისთვის.
ასევე, წელს ძალიან მრავალფეროვან დატატონებს ვუმასპინძლებთ — უამრავი პრიზითა და საინტერესო გამოწვევებით. დათაფესტის ყველა სტუმარი შეძლებს, ფესტივალის განმავლობაში მიღებული შთაგონება და ახალი უნარები მიმართოს რეალური, პრაქტიკული პროექტისკენ და ფესტივალზე ამ მხრივ უნიკალური გამოცდილებაც მიიღოს.
რატომ მისინფორმაცია? და რა ხელშესახებ შედეგებს ელით ფესტივალის ამ აქცენტის განსაზღვრის შემდეგ? რისი შეცვლა შეუძლია ამდენად მასშტაბურ ფესტივალს ზოგადად, მისინფორმაციასთან ბრძოლის გზებსა თუ ეფექტიანობაში?
DataFest Tbilisi ყოველთვის პასუხობდა საზოგადოების გამოწვევებს, იქნებოდა ეს პერსონალური მონაცემების დაცვა, ეთიკური ხელოვნური ინტელექტი, ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში თუ ადგილობრივი სტარტაპების ხელშეწყობა. დეზინფორმაცია საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს — დემოკრატიას ემუქრება და ჩვენ სწორედ ამ მონაპოვარის დაცვას ვცდილობთ.
შედეგებს რაც შეეხება, ერთი მხრივ, გვინდა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მონაცემების როლი გავზარდოთ, იქნება ეს სატელიტური მონაცემების ანალიზი, ღია წყაროებით გამოძიება, ვიზუალიზაცია, კონტენტის მოდერაცია, თარგეთინგის პრევენცია, სოც.მედიის მონიტორინგის ხელსაწყოები თუ სხვა. მეორე მხრივ, გვინდა ჩვენი მრავალმხრივი უნარ-ჩვევების მქონე, კრეატიული აუდიტორია ამ ბრძოლაში ჩავრთოთ.
ფესტივალი საერთაშორისოა, თუმცა რას გვეტყვით ქართულ კონტექსტზე? რა შეცვალა მან უკვე და რისი შეცვლის პოტენციალი აქვს მომავალში, ქართულ ბაზარსა თუ რეალობაში?
ფაქტი, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური მონაცემთა ღონისძიება თბილისში იმართება, რეგიონში საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციების როლს ამყარებს.
ხუთი წლის მანძილზე, ფესტივალს 4500-მდე მონაწილე ჰყავდა. DataFest Tbilisi-ის მეშვეობით, შეიქმნა ადგილობრივი და ინტერნაციონალური კოლაბორაციები როგორც კომპანიებს, ასევე კომპანიებსა და ინდივიდუალურ პროფესიონალებს შორის. ფესტივალმა ხელი შეუწყო მონაცემებზე მომუშავე კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრებასაც. ქართული სტარტაპები, რომლებიც DataFest Tbilisi-ის პირველ გამოშვებებზე მცირე ბიზნესებად ითვლებოდნენ, დღეს უკვე დამწყებ სტარტაპერებს უზიარებენ წარმატების გამოცდილებას. ფესტივალმა პრაქტიკულ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებულ 220-ზე მეტ ვორქშოფს უმასპინძლა. შედეგად, ათასობით მონაწილეს ვუბიძგეთ ყოველდღიურ მუშაობაში მონაცემების გამოყენებისკენ, რაც მათ ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ მუშაობას უფრო ეფექტიანს ხდის.
DataFest Tbilisi-ს აქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის ქართული ბაზრის ტექნოლოგიური პოტენციალი მაქსიმალურად ხილული გახადოს, ქართველ პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს კი მონაცემების ირგვლივ უწყვეტ პროფესიული განვითარებაში დაეხმაროს.
DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 3 დღეს გრძელდება და აერთიანებს ტოპ და შუა რგოლის მენეჯერებს, მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.
DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ფორსეტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდია. მისი მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფესტივალის მთავარი პარტიონრები საქართველოს ბანკი და Grant Thornton არიან, პარტნიორები AskGov.ge, National Endowment for Democracy, Tactical Tech, ქომიუნითი პარტნიორები Tbilisi School of Communication, WiFisher, მედია პარტნიორები კი NEXT.On.ge, On.ge, Marketer და Entrepreneur არიან. ღონისძიების მხარდამჭერები Zinc Network, D Block, CRISP Berlin არიან.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს www.datafest.ge.
კომენტარები