საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 მაისს გამოსცა. განაცხადების 2017 წლის 13 ივნისამდე მიიღება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

მეურვეობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთოდეს: კანდიდატის CV; პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში; საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია;

თითქმის ერთი წელია, რაც ცხრაწევრიანი სამეურვეო საბჭო რვა წევრით არის დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაშიც, ვაკანტურია უმრავლესობის მიერ დასასახელებელი მეურვის კვოტა. მეურვის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნათელა სახოკიამ, შვილის - ირაკლი რუხაძის ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, 13 ივნისს დატოვა.