ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ფუტკრებს შეუძლიათ ამინდი შეცვალონ
ფუტკარი იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომ შესაძლოა გავლენა იქონიოს ადგილობრივ ამინდზე
მკვლევრებმა მეთაფლიე ფუტკრის (Apis Mellifera) სკების გარშემო ელექტრული ველების გაზომვით გამოამჟღავნეს, რომ ფუტკრებს შეუძლიათ ისეთივე ატმოსფერული ელექტროენერგიის გამომუშავება, როგორიც ჭექა-ქუხილს. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არაპროგნოზირებადი ამინდის დარეგურილებაში და ასევე მათი გავლენა შეიძლება საჭირო გახდეს მომავალი კლიმატისათვის.
მწერების პატარა სხეულებს შეუძლიათ აითვისონ დადებითი მუხტი საკვების ძებნის დროს — ასევე ჰაერის მოლეკულებთან და თავიანთ სწრაფ ფრთებთან ხახუნის შედეგად (ფუტკრებს შეუძლიათ წამში 230-ჯერ ააფრიალონ ფრთები), ან ელექტრულად დამუხტულ ზედაპირებზე დაშვებით. ადრე ეს მუხტი ითვლებოდა ძალიან სუსტად, ახლა კი, კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 24 ოქტომბერს ჟურნალ iScience-ში, გვაჩვენებს, რომ მწერებს შეუძლიათ შოკისმომგვრელი ელექტროენერგიის გამომუშავება.
''ყვავილებს აქვთ ელექტრონული ველი და ფუტკრებს მათი შეგრძნება შეუძლიათ. იმის შემდეგ რაც ფუტკარი ყვავილს ესტუმრება, ხდება ამ ელექტრული ველების ცვლილება, რომელიც შეიძლება შემდეგმა ფუტკრებმაც იგრძნონ, ამით ისინი იგებენ უკვე ესტუმრნენ თუ არა სხვა ფუტკრები ამ ყვავილს'', — განუცხადა Live Science-ს ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიოლოგმა და კვლევის მთავარმა ავტორმა, ელარდ ჰანტინგმა.
სტატიკური ელექტროენერგია წარმოიქმნება, როდესაც ორი მიკროსკოპული ორმო და ამობურცული ზედაპირები ერთმანეთს ერევა, რაც იწვევს ხახუნს. ეს იწვევს უარყოფითად დამუხტული ელექტრონების ერთი ზედაპირიდან მეორეზე გადახტომას, ამის გამო ის ერთ ზედაპირს ტოვებს დადებითად დამუხტულს, ხოლო, ზედაპირი, რომელზეც ეს ელექტრონები გადადიან, ხდება უარყოფითად დამუხტული. ელექტრონების გადასვლა ორ იონიზებულ ზედაპირზე აყალიბებს ძაბვის განსხვავებას, გრადიენტს, რომლის გასწვრივაც შეიძლება მუხტები გადავიდნენ.
ამ ელექტროსტატიკურ პოტენციურ გრადიენტს შეუძლია "დენის დარტყმა", მაგალითად მას შემდეგ, რაც ხალიჩაზე გაივლით ან კარის სახელურს შეეხებით. მას ასევე შეუძლია დამუხტოს ელვა ღრუბლებში, ყინულის გროვების ხახუნის მეშვეობით. არსებობს ლეგენდა, რომ ამ ფენომენის დემონსტრაცია მოახდინა ბენჯამინ ფრანკლინმა, როდესაც მან თავის შვლითან ერთად ჭექა-ქუხილის დროს ჰაერში გაუშვა ფრანი, რომელსაც ბოლოში ჰქონდა ლითონის გასაღები (ის მუშაობდა როგორც ელექტროენერგიის შემგროვებელი). ექსპერიმენტის დროს აღინიშნა, რომ ფრანის სველი ძაფი ნაპერწკლებს ატარებდა.
ელექტროსტატიკური ეფექტები გვხვდება ყველა მწერში. ხოლო ფუტკრებს ის აძლევს საშუალებას, მიიზიდონ ყვავილის მტვერი და ასევე ობობებს ეხმარება დაატრიალონ უარყოფითად დამუხტული ქსელები, რომლებიც იზიდავენ და მახეში ახვევენ დადებითად დამუხტულ ნადავლს.
იმის შესამოწმებლად, წარმოქმნიან თუ არა ფუტკრები მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენი ატმოსფეროს ელექტრულ ველში, მკვლევარებმა განათავსეს ელექტრული ველის მონიტორი და კამერა, ფუტკრის რამდენიმე კოლონიის მახლობლად. 3 წუთში, როდესაც მწერები ჰაერში აფრინდნენ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სკების ზემოთ პოტენციური გრადიენტი გაიზარდა 100 ვოლტით, ერთ მეტრზე. სხვა შემთხვევებში, მეცნიერებმა გაზომეს 1000 ვოლტამდე მუხტი მეტრში. ამ შედეგით დიდი ფუტკრის მუხტის სიმკვრივე ექვსჯერ აღემატება ელექტრიფიცირებულ ქარიშხალს და რვაჯერ აღემატება ჭექა-ქუხილის დროს ღრუბლების მიერ წარმოქმნილ მუხტს.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ თუ მწერების გროვა მკვრივია და ისინი დიდ ღრუბელს ქმნიან, უფრო დიდია ელექტრული ველებიც. მკვლევრები ასევე დააკვირდნენ სხვა მწერებსაც, როგორიცაა კალიები და პეპლები. მათი დასკვნით, ატმოსფერულ ელექტრულ ველზე კალიების ზემოქმედებაც განსაცვიფრებელი იყო და ის ელექტრული მუხტის სიმკვრივეს გამოიმუშავებდა, როგორც ჭექა-ქუხილის დროს.
როგორც მკვლევრები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწერები თავად აწარმოებენ ქარიშხალს, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც პოტენციური გრადიენტები ვერ ქმნიან ელვას, მათ მაინც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ამინდზე. ატმოსფეროში ელექტრულ ველებს შეუძლიათ მტვრის ნაწილაკების იონიზირება და მათი მოძრაობის შეცვლა. მტვერს შეუძლია მზის შუქის გაფანტვა. ხოლო იმის ცოდნა, თუ რა ტრაექტორიით მოძრაობს და ჩერდება მტვვრის ნაწილაკები, დაგვეხმარება გავიგოთ უფრო მეტი ადგილობრივი კლიმატის შესახებ.
''ელექტრული მუხტი შეიძლება გვხვდებოდეს მხოლოდ ფიზიკაში, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამდენად გარკვეულია მთელი ბუნების სამყარო ელექტროენერგიასა და ატმოსფეროში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ფართოდ, რადგან ბიოლოგიის და ფიზიკის დაკავშირება შეიძლება დაგვეხმაროს ბევრი გაუგებარი პრობლემის გადაჭრაში, მაგალითად, რატომ არის ნაპოვნი დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები საჰარიდან ასე შორს'', — თქვა ელარდ ჰანტინგმა.
ფუტკრები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან, ძირითადად, ადამიანის საქმიანობების გამო. ისინი, ისევ აგრძელებენ იმის დამტკიცებას, რომ ბუნებაში ძალიან დიდი როლი აქვთ და ნადმვილად იმსახურებენ გადაურჩნენ გადაშენებას, რადგან მათ გარეშე კაცობრიობას დიდი პრობლემები შეექმნება.
ასევე იხილეთ: ნახეთ, როგორ გამოიყურება სამყარო ფუტკრების გარეშე
კომენტარები