აზერბაიჯანში 16 წლის გოგო, სავარაუდოდ, საქმრომ მოკლა
აზერბაიჯანში 16 წლის გოგო, სავარაუდოდ, 26 წლის საქმრომ მოკლა.
ჰასრათ რაჯაბოვა ოთხშაბათს აღმოსავლეთ აბშერონის რაიონში მოკლეს.
პოლიციამ საქმრო მურად ჰასანოვი დააკავა. მას ბრალი მკვლელობაში ედება.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჰასანოვი პირადი კონფლიქტის შემდეგ რაჯაბოვას დანით დაესხა თავს.
აზერბაიჯანელი რესპონდენტების თქმით, ეს ტრაგედია იმის მაგალითია, თუ რამდენად პრობლემატურია ქვეყანაში მცირეწლოვანთა ქორწინებისა და ქალთა უფლებების დარღვევის საკითხები.
აზერბაიჯანელმა მწერალმა და აქტივისტმა სამად შიხიმ OC Media-ს განუცხადა, რომ "მომხდარში ქვეყანაში არსებული სისტემა და სახელმწიფო ადმინისტრაციაც დამნაშავეა".
"16 წლის გოგო ოჯახის ზეწოლის გამო დაინიშნა 26 წლის მამაკაცზე. როცა მან ნიშნობის გაუქმება სცადა, საქმრომ საჯარო სივრცეში, შუა ქუჩაში, მეჩეთის წინ გამოსჭრა ყელი".
"ეს არ არის განყენებული დანაშაული და არ ჰყავს ერთი კონკრეტული დამნაშავე. ნამდვილი დამნაშავე სახელმწიფოა. […] სწორედ მან წაართვა ჰასრათს სიცოცხლე. ამ საშინელ მკვლელობაზე პასუხი სწავლას ჩამოშორებული გოგოს ოჯახმა და ამ რეგიონის მაღალჩინოსნებმა უნდა აგონ".
ამ უმძიმესმა შემთხვევამ სოციალურ მედიაში ფართო განხილვა გამოიწვია: თუ ზოგი რაჯაბოვას მშობლებს ადანაშაულებდა, სხვები აღნიშნავდნენ, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია ფართოდ არ ვრცელდება.
ფემინისტი აქტივისტისა და უფლებადამცველის, გულნარა მეჰდიევას აზრით, გოგოს მშობლებზე ყურადღების გადატანა უფრო ფართო სისტემურ საკითხზე თვალის დახუჭვაა.
მეჰდიევამ OC Media-ს უთხრა, რომ აზერბაიჯანში ქალთა უფლებების დარღვევის მზარდ რაოდენობაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა დაეკისროს და მხოლოდ შემდეგ — საზოგადოებას.
აქტივისტი ხაზს უსვამს, რომ რაჯაბოვას ნიშნობაზე ორივე მხარის ოჯახებმა, სკოლის მასწავლებლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახუჭეს თვალი.
მეჰდიევას შეფასებით, ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი მცირეწლოვანთა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით არაეფექტურად მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს, რომ სკოლის ასაკის გოგოებს განათლების საშუალება მიეცეთ.
"რაც მთავარია, ეს აზერბაიჯანის მთავრობის ბრალია, რომელიც არ მოქმედებს იმ საერთაშორისო კონვენციების დებულებების მიხედვით, რომელთა ნაწილიც არის", — აცხადებს მეჰდიევა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა
კომენტარები