როგორები ვიქნებოდით ადამიანები კუდით? — რას ამბობს მეცნიერება
კუდიანი ადამიანების შესახებ მითოლოგიაში არაერთ ისტორიას გადააწყდებით, ქალთევზებისა იქნება ეს თუ ბაბილონელი მორიელ-ადამიანების. როგორც წესი, ამ დროს საქმეში მაგია ან რაიმე სხვა უცნაურობაა ხოლმე გარეული, თუმცა, დიდი ალბათობით, კუდის ქონის პერსპექტივას თქვენც არაერთხელ დაუფიქრებიხართ.
მაშ, როგორები ვიქნებოდით, კუდები რომ გვქონოდა? როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება? საერთოდაც, როგორ ვიცხოვრებდით?
როგორ არარეალისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, იშვიათად, მაგრამ მაინც, კუდის მაგვარი წანაზარდის მქონე ადამიანები ნამდვილად იბადებიან. შემორჩენილი ფსევდოკუდი სპინა ბიფიდას (მდგომარეობა, რომლის დროსაც ახალშობილი ხერხემალში ნაპრალით იბადება) ანდა არასტანდარტული კუდუსუნის მქონე ახალშობილებში გვხვდება ხოლმე.
ჟურნალში Human Pathology გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს წანაზარდები ხშირად კუნთს, შემაერთებელ ქსოვილსა და სისხლძარღვებს აერთიანებს და არა ძვლებს ან ხრტილებს. კუდი ფუნქციური არ არის და ახალშობილს დაბადებიდან მალევე აშორებენ.
ასევე იხილეთ: უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევა — ბრაზილიაში კუდის მქონე ბავშვი დაიბადა
სახეობის ევოლუციას რომ შევავლოთ თვალი, ჩვენს შორეულ პრიმატ წინაპრებს ერთგვარი კუდი ნამდვილად ჰქონდათ. ადამიანის პირდაპირ ხაზში ეს წანაზარდი დაახლოებით 25 მილიონი წლის წინ გაქრა, როდესაც მაიმუნებისგან ადამიანის მსგავსი მაიმუნები წარმოიშვნენ. სავარაუდოდ, ჩვენს წინაპრებს ეს დანამატი ენერგიისა და კალორიების დაზოგვის მიზნით გაუქრათ, როცა ორ ფეხზე დგომისას უკეთესი ბალანსი უვითარდებოდათ, თუმცა, თავისთავად, კუდიანი პრიმატები დღესაც არსებობენ.
Field Projects International-ის მიხედვით, მაიმუნების სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში მობინადრე ზოგიერთ სახეობას მოსაჭიდი კუდი აქვს (კუდი, რომელსაც საგნებზე მოჭიდება შეუძლია), რომელიც ხის ტოტებს ეხვევა და პატრონის სხეულის მასასაც კი იჭერს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ყველაზე ახლო კუდიანი წინაპრები ე.წ. ძველი სამყაროს მაიმუნები არიან, რომლებიც აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ევროპაში ბინადრობენ. მათ შორის არიან პავიანები და მაკაკები, რომლებიც კუდებს უმეტესად წონასწორობის დასაცავად იყენებენ, მოსაჭიდი კუდი კი არცერთ მათგანს არ აქვს.
ამრიგად, ჩვენს კუდებს მოჭიდების ფუნქცია არ ექნებოდა, რაც, რა თქმა უნდა, მის უსარგებლობაზე სულაც არ მეტყველებს: მაკაკის მაგვარი ბეწვიანი კუდები რომ გვქონოდა, შარფივით მოვიხვევდით და გავთბებოდით. ევოლუციის შედეგად ადამიანისთვის ზამთრის ძილი თუ იქნებოდა დამახასიათებელი, კუდი ცხიმის შენახვის სისტემის სახით გამოგვადგებოდა (ამ სტრატეგიას ზოგიერთი არაპრიმატი ძუძუმწოვარი იყენებს, მათ შორის თახვი).
ჯონათან მარკსის, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის, თქმით, ჩვენი პრიმატი ნათესავების გარდა, არსებობენ ადამიანის მსგავსი სხვა კუდიანი ორფეხა ცხოველებიც. მაგალითად, კენგურუს მძლავრი კუდი აქვს, რომელსაც იგი მესამე ფეხად იყენებს. ეს მასის გადანაწილებაში ეხმარება, რაც მის დიდ ნაბიჯებს კიდევ უფრო მატებს ძალას. აღსანიშნავია ისიც, რომ ტირანოზავრ რექსს მაგარი, კუნთოვანი კუდი ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, სირბილის დროს მიმართულების საჭის ფუნქციას ასრულებდა.
ისეთივე კუდის ქონა, როგორებიც ამ არსებებს აქვთ, სიარულის მანერასაც შეგვიცვლიდა. მაგალითისთვის, ტირანოზავრი რექსის კუდის მაგვარი რომ გვქონოდა, წინ, თეძოებზე, წახრილები ვივლიდით, გულმკერდი კი მიწის პარალელურად გვეჭირებოდა. მეორე მხრივ, კენგურუს კუდის მანევრირება ხტომის გარეშე გაგვიჭირდებოდა — სხვა შემთხვევაში მისი მიწაზე თრევა მოგვიწევდა.
ამასთანავე, მარკსის თქმით, რთული იქნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში კუდის ტკენისაგან თავის არიდება — კატის ყველა პატრონმა იცის, რომ გრძელი კუდის შემთხვევაში დაბიჯების ანდა კარში ჩაყოლების რისკი ყველაზე დიდია. მეორე მხრივ, მოკლე კუდით ჩვეულებრივ სკამებზე დაჯდომა გაგვიჭირდებოდა. შესაბამისად, ავეჯისა და საცურაო კოსტიუმების შესაბამისად მოდიფიცირება დაგვჭირდებოდა.
საკუთარი თავის მოკაზმვის ადამიანურ მოთხოვნილებას თუ გავითვალისწინებთ, კუდები, სავარაუდოდ, მოდის არაერთ ახალ შესაძლებლობას ჩაუყრიდა საფუძველს. მიშელ ლანგლის, გრიფითის უნივერსიტეტის არქეოლოგს, თუ დავუჯერებთ, უძველესი სამკაულები 100 ათასი წლით თარიღდება. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი არაა, რომ ჩვენი წინაპრები სამკაულებს კუდისთვისაც შექმნიდნენ: ბეჭდებს, გამათბობლებს, კუდის თმაზე ჩამოსაცმელ ბადეებსა თუ ყელსაბამებისა და საყურეების მაგვარ სხვა მოსართავებს.
"ვფიქრობ, ნამდვილი ტ**კში შერჭობილი ხიჭვი იქნებოდა", — დასძენს მარკსი, რომლისთვისაც მოდასთან დაკავშირებული შესაძლებლობები კუდის შემაწუხებელ მხარეს აშკარად ვერ გადაწონის.
კომენტარები