SpaceX ეკიპაჟიან მისია Polaris Dawn-ს რეკორდულ სიმაღლეზე 2023 წლის მარტში გაუშვებს
Polaris Down კოსმოსში, დედამიწიდან 700 კილომეტრის სიმაღლეზე, ისტორიაში პირველ კომერციულ გასეირნებას შემოგვთავაზებს.
მილიარდერ ჯარედ ისააკმენის მიერ დაფინანსებული და კოორდინირებული მისია Polaris-ის პროგრამის ნაწილია. ეს რამდენიმესაფეხურიანი პროექტი Starship-ით კომპანიის ისტორიაში პირველ ეკიპაჟიან ფრენას მოიცავს.
როგორც ოფიციალური ვებსიტიდან ვიგებთ, პროგრამის პირველი საფეხურის, Polaris Dawn-ის, გაშვება თავდაპირველად 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ამ საქმეში ხშირად ხდება ხოლმე, სხვადასხვა ფაქტორებმა თარიღი 2023 წლის მარტამდე გადასწია.
Polaris Dawn დედამიწის ორბიტაზე ჯერ მიუღწეველ სიმაღლეს მიაღწევს
მისიის ფარგლებში, რაკეტა Falcon 9-ზე მოთავსებული SpaceX Dragon კაფსულით ოთხი პიროვნებისგან შემდგარი ეკიპაჟი კოსმოსში გაემგზავრება.
კოსმოსური ხომალდი კანავერალის კონცხზე არსებული კენედის კოსმოსური ცენტრის გამშვებ კომპლექს 39A-დან ორბიტისკენ გაფრინდება.
გარდა Falcon Dawn-ისა, 2021 წლის სექტემბერში მისიის ხელმძღვანელმა ჯარედ ისააკმენმა SpaceX-ის მისია Inspiration4-იც დააფინანსა, რომელიც ისტორიაში პირველი აბსოლუტურად კერძო ორბიტული ფრენა გახდა.
Polaris Dawn Inspiration4-ზე ბევრად მაღლა, რეკორდულ სიმაღლეზე აფრინდება.
ასევე, ვან ალენის რადიაციული სარტყლის გავლით Polaris Dawn ჩაატარებს კვლევას ადამიანის ჯანმრთელობაზე კოსმოსური მოგზაურობისა და რადიაციის გავლენის შესაფასებლად.
როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, მისიის მიზანი კოსმოსში ისტორიაში პირველი კომერციული გასეირნების მოწყობაა, რომელიც დაახლოებით 700 კმ-ის სიმაღლეზე შედგება.
Polaris Dawn SpaceX-ს მთავარი მიზნის შესრულებაში დაეხმარება
ისააკმენმა Polaris-ის პროგრამა ადამიანების კოსმოსური ფრენების განსავითარებლად დააარსა, რაც SpaceX-ის საბოლოო მიზანს, მარსის კოლონიზაციას შეუწყობს ხელს. მისია Polaris III რაკეტა Spacex Starship-ს გამოიყენებს, რომლის ხელმეორედ გამოყენებაცაა შესაძლებელი. კომპანიის ეს მიგნება კოსმოსური ფრენების დანახარჯს საგრძნობლად ამცირებს.
ისააკმენი, გარდა კოსმოსური ინდუსტრიისა, ქველმოქმედებითაცაა დაკავებული. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, მან აგრესიის მსხვერპლ უკრაინაში Starlink-ის ტერმინალები თავად ჩაიტანა.
Polaris Dawn-ის ეკიპაჟი (ისააკმენი, ანა მენონი, სკოტ პოტეტი და სარა ჯილისი) არ შედგება პროფესიონალი ასტრონავტებისგან, თუმცა თითოეული მათგანი ავიაციასა და კოსმოსურ ოპერაციებში საკმაოდ გამოცდილია. დღესდღეობით, თითოეული მათგანი მომზადების ინტენსიურ კურსს გადის მომავალი წლის ფრენისათვის.
წარმატებული გაფრენის შემთხვევაში, Polaris Dawn ძალიან ბევრ მნიშნველოვან კითხვას გასცემს პასუხს, რაც ილონ მასკის ოცნებას მარსზე ადამიანების დასახლების შესახებ, უფრო და უფრო რეალისტურს გახდის.
კომენტარები