მეცნიერებმა ხავსის სპორები დედამიწის ორბიტაზე არსებული საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) გარეთ 9 თვით დააყოვნეს. პლანეტაზე დაბრუნების შემდეგ მათმა 80%-მა ზრდა-გამრავლება ჩვეულებრივ განაგრძო. ამის შესახებ მეცნიერები გამოცემა iScience-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.

ხავსი დედამიწის ისეთ რეგიონებში იზრდება, სადაც განსაკუთრებულად მკაცრი კლიმატია, მაგალითად, ჰიმალაის მწვერვალების ძლიერ სიცივესა და ე.წ. სიკვდილის ველის გაუსაძლის სიცხეში. ამის გამო ის კოსმოსის პირობებში შესასწავლად იდეალური კანდიდატია და იქ გადარჩენის მეტი შანსიც აქვს.

ასეთ გარემოში ცვალებადი ტემპერატურა, სხვაგვარი გრავიტაცია და რადიაციაა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისთვის საზიანოა. აქამდე მკვლევრებს ექსპერიმენტები უფრო დიდი ზომის ორგანიზმებზე ჰქონდათ ჩატარებული. ახლა მათ Physcomitrium patens-ის სახეობის ხავსი გამოიყენეს, რომელიც კოსმოსში არათუ გადარჩენას ახერხებს, არამედ "ყვავის".

ფოტო: Dr. Chang-hyun Maeng/Maika Kobayashi

პირველ რიგში, სპეციალისტებმა მცენარის სამი ტიპის უჯრედები დატესტეს, რომლებიც რეპროდუქციული ციკლის სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ. დაადგინეს, რომ სპორების გარშემო არსებული სპოროფიტები ულტრაიისფერ გამოსხივებასთან დაკავშირებულ სტრესს, სიცხესა და სიცივეს ყველაზე კარგად უძლებდა.

მათი ნიმუშები შემდეგ ISS-ის იაპონური მოდულის გარეთ მოათავსეს, სადაც 2022 წლის 9 თვის განმავლობაში დატოვეს, სანამ დედამიწაზე დააბრუნებდნენ. ავტორები ამბობენ, რომ ხავსის სპორები შეიძლება კოსმოსში 5600 დღეც გადარჩეს, რაც დაახლოებით 15 წლის ეკვივალენტურია.

ანალიზმა აჩვენა, რომ სპორებზე ყველაზე ნაკლები გავლენა კოსმოსის ვაკუუმმა, მიკროგრავიტაციამ და ტემპერატურის ექსტრემალურმა ცვლილებებმა იქონია. სამაგიეროდ, შედარებით შესამჩნევი ზემოქმედება ჰქონდა ულტრაიისფერ გამოსხივებას, განსაკუთრებით კი მის მაღალენერგიულ ტალღებს.

შედეგად, ხავსის მიერ ფოტოსინთეზის პროცესში გამოყენებული პიგმენტების დონე საგრძნობლად შემცირდა. მოგვიანებით ამან მის ზრდას შეუშალა ხელი. ასეა თუ ისე, P. patens-მა კოსმოსის პირობებში გადარჩენა ბევრად უკეთ მოახერხა, ვიდრე სხვა მცენარეებმა.

ვარაუდობენ, რომ ხავსს ულტრაიისფერი რადიაციისგან და გაუწყლოებისგან სპორების გარშემო არსებული ღრუბლოვანი სტრუქტურა იცავს. შესაძლოა, მისი წარმოქმნა ადრეულ პერიოდს უკავშირდებოდეს, როცა ეს მცენარეები ხმელეთზე გავრცელდა.

მეცნიერები გეგმავენ, რომ ექსპერიმენტები ხავსის სხვა სახეობებზეც ჩაატარონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.