II მსოფლიო ომისას ჩაძირული საბრძოლო გემი ოკეანის მიკრობიოლოგიას 80 წელია ცვლის
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მე-20 საუკუნის დიდი ომების შედეგებს, შესაძლოა, ეკოსისტემა ჯერ ისევ იმკის.
ჩაძირული გემი, ბევრი ადამიანის წარმოდგენით, მისტიკასა და რომანტიკას უკავშირდება, რადგან, ჩვენდა უნებურად, პირველი, რაც მისი ხსენებისას თავში მოგვდის, თავგადასავლები, განძი და საიდუმლოებებია, რომელსაც შეიძლება უკაცრიელი გემბანი ინახავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრული განძის აღმოჩენა მართლაც არ არის გამორიცხული, ხშირად რეალობაში ჩაძირული გემი სხვა არაფერია, თუ არა ქაოსი, რომელსაც დაჟანგული ჭურვები, ძველი საწვავი და ტოქსიკური ნარჩენები ქმნიან.
II მსოფლიო ომში, ოპერაცია "ცერბერის" მიმდინარეობისას ჩრდილოეთის ზღვაში ჩაძირულ გერმანულ ხომალდ V-1302 JON MAHN-ზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივთიერებები, რომელიც საბრძოლო გემიდან ჟონავს, ისტორიაში უდიდესი კონფლიქტის დასრულებიდან თითქმის 80 წლის შემდეგაც ახდენს გავლენას გარშემო არსებულ მიკრობიოლოგიასა და გეოქიმიაზე.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის ზღვაში ათასობით ასეთი გემია, ჯამური გავლენა, რომელსაც წყალქვეშა სიცოცხლე განიცდის, სავარაუდოდ, უზარმაზარია.
"ჩვენ გვსურდა გვენახა, ჯერ ისევ ცვლიან თუ არა ზღვის ჩვენს ნაწილში ჩაძირული გემები ადგილობრივ მიკრობულ სიცოცხლესა და შემოგარენს. ეს მიკრობული ანალიზი უნიკალურია", – განაცხადა გენტის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ჯოზეფინ ვან ლანდიუტმა
მავნე გავლენის გავრცელების სავარაუდო დისტანციის დასადგენად, მკვლევრებმა გემის ფოლადის კორპუსიდან აღებული ნიმუშები ფსკერიდან სხვადასხვა მანძილზე აღებულ 12 ნიმუშს შეადარეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგები დისტანციის მიხედვით მერყეობდა. ნიმუშები შეიცავდა ნიკელს, სპილენძს, ასაფეთქებელ ნაერთებს, დარიშხანსა და სხვადასხვა პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებს (PAH), რომლებიც ძირითადად ქვანახშირსა და ნავთობში გვხვხდება.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონცენტრაცია გარშემო არსებულ მიკრობულ სიცოცხლეზე ახდენს გავლენას. გემთან შედარებით ახლოს აღებულ ნიმუშებში როდობაქტერიებსა და ქრომატობაქტერიებს ვხვდებით, რომლებიც PAH-ის დაშლაზე არიან პასუხისმგებლები, ხოლო უშუალოდ კორპუსზე სულფატმარედუცირებელი პროკარიოტები აღმოჩნდნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჟანგვაში იღებენ მონაწილეობას.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ გემებს ჩვენ ვერ ვხედავთ და ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, სად არიან, მათ ჩვენი წყალქვეშა ეკოსისტემის დაბინძურება მაინც შეუძლიათ. რეალურად, ჩაძირული ხომალდების ხანდაზმულობა ზრდის საფრთხეებს კოროზიის დამსახურებით, რომელიც ახალ სივრცეებს ათავისუფლებს. ასე რომ, მათი გავლენა გარემოზე ჯერ ისევ მზარდია", – აღნიშნა ვან ლანდიუტმა.
ვან ლანდიუტის აზრით, ადამიანს ჩაძირული გემი მისი ისტორიული ღირებულების გამო იზიდავს, პროცესში კი მისი მავნე გავლენა გარემოზე უყურადღებოდ რჩება.
ჯგუფი, რომელმაც V-1302 JON MAHN გამოიკვლია, აგრძელებს ჩრდილოეთის ზღვის ბელგიურ ნაწილში საზღვაო სამხედრო ოპერაციის სხვა მემკვიდრეობის ძიებას, რადგან ასე შესაძლებელია აღმოვაჩინოთ, რისი სწავლება შეუძლიათ ჩაძირულ გემებს წარსულის შესახებ, რა გავლენას ახდენენ ისინი დღეს ოკეანეზე და არის თუ არა ეს ადამიანის გარემოზე მავნე ზემოქმედების კიდევ ერთი ახალი მაგალითი.
კომენტარები