წონის კლება ყოველთვის კარგი არ არის — რას ამბობენ ჰარვარდის მეცნიერები
200 000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წონის განზრახ დაკლება, გამოყენებული მიდგომისა და სტრატეგიის მიუხედავად, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობის გრძელვადიან სარგებელს იძლევა. მათ, ვინც დაიკლეს 4,5 კგ-ზე მეტი, ნაკლებად მოიმატეს წონა გრძელვადიან პერიოდში და შეუმცირდათ მე-2 ტიპის დიაბეტის რისკი. თუმცა, წონის კლებით გამხდარი ადამიანები სარგებელს არ იღებენ, არამედ ეს პროცესი უკავშირდება გრძელვადიან პერიოდში წონის მატებასა და მე-2 ტიპის დიაბეტის გაზრდილ რისკებს.
ჭარბმა წონამ შეიძლება გაზარდოს ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტი. მიუხედავად იმისა, რომ წონის გრძელვადიანი ცვლილება და მე-2 ტიპის დიაბეტის შეძენის ალბათობა ბოლომდე გასაგები არ არის, წონის კონტროლი შეიძლება იყოს სასარგებლო სტრატეგია ჭარბწონიანობისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციისა და მართვისთვის.
ცი სუენმა და მისმა კოლეგებმა TH Chan Harvard School of Public Health-დან გააანალიზეს ჯანმრთელი ადამიანები კვლევებიდან, რომლებიც ჩატარდა 1988-დან 2017 წლამდე. კვლევის მონაწილეთა ასაკი 24-დან 78 წლამდე მერყეობდა, ხოლო 11.6% და 14.2% მამაკაცი იყო. მათი წონის შემცირების ტექნიკები, რომლებმაც გამოიწვია 4,5 კგ-ზე მეტის დაკლება, დაყვეს შვიდ ჯგუფად: დაბალკალორიული დიეტა, ვარჯიში, დაბალკალორიული დიეტა + ვარჯიში, მარხვა, წონის კლების კომერციული პროგრამა, დიეტური აბებისა და მარხვის კომბინაცია, კომერციული და დიეტური აბები (FCP).
ვარჯიში ყველაზე ეფექტური იყო წონის გრძელვადიანი კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის სიმსუქნის მქონე პირებში და ასოცირდებოდა ყველაზე მცირე წონის მატებასთან ოთხი წლის შემდეგ — 4,2% წონის კლება სიმსუქნის მქონე ადამიანებში, 2,5% — ჭარბწონიანებში, ხოლო 0,4% — გამხდრებში. FCP-ს შედეგები, ფაქტობრივად, შებრუნებული იყო: სიმსუქნის მქონე პირებმა შეინარჩუნეს წონის კლება 0.3%-ით, ჭარბწონებში დაფიქსირდა წონის მატება 2%-ით, ხოლო გამხდრებში — 3.7%-ით.
24 წლის შემდეგ, დიაბეტის რისკი შემცირდა სიმსუქნის მქონე პირებში, წონის დაკლების სტრატეგიის მიუხედავად — დაწყებული ვარჯიშით წონის კლების 21%-ით და დიეტური აბების 13%-ით. ჭარბწონიანების შემთხვევაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მე-2 ტიპის დიაბეტის რისკი 9%-ით შემცირდა ვარჯიშის დროს, ხოლო 42%-ით გაიზარდა აბების მიღებისას. რაც შეეხება გამხდარ ადამიანებში წონის კლებას, იგი დაკავშირებული იყო მე-2 ტიპის დიაბეტის გაზრდილ რისკთან — დაწყებული 9%-იანი ზრდით ვარჯიშისას და 54%-ით აბების ან FCP-ს მიღებისას.
"ჩვენ ცოტათი გაკვირვებულები ვიყავით, როდესაც პირველად დავინახეთ წონის კლების მცდელობებსა და წონის სწრაფ მატებას, ასევე, მე-2 ტიპის დიაბეტის გაზრდილ რისკს შორის პოზიტიური ასოციაციები გამხდარ ადამიანებში", — დასძინა სუენმა. "თუმცა, ახლა ვიცით, რომ ასეთ დაკვირვებებს მხარს უჭერს ბიოლოგია, რომელიც, სამწუხაროდ, იწვევს ჯანმრთელობის უარყოფით შედეგებს, როდესაც გამხდარი პირები ცდილობენ წონის განზრახ დაკლებას. კარგი ამბავი ისაა, რომ სიმსუქნის მქონე პირები აშკარად ისარგებლებენ რამდენიმე კილოგრამის დაკლებით და ეს სარგებელი გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი წონის კლება დროებითია."
ამრიგად, ავტორები ასკვნიან, რომ წონის კლება შეიძლება სასარგებლო იყოს ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ადამიანებისთვის, თუმცა წონის კლების სტრატეგიებს არ მოაქვს იგივე სარგებელი გამხდარი პირებისთვის, ამიტომ წონის კლების სტრატეგიები უნდა გამოიყენონ მხოლოდ მათ, ვისაც ეს სჭირდებათ სამედიცინო თვალსაზრისით.
კომენტარები