სისხლი და დემოკრატია: ბრძოლა ცხოველების უფლებებისათვის აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში ცხოველთა უფლებადამცველები მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ძაღლების უკანონო დახოცვას აპროტესტებენ. წინააღმდეგობას თან სამართლებრივი გამოწვევები და პოლიციის სისასტიკე სდევს.
"ქუჩებში ხშირად ვხედავთ სისხლს", — ამბობს კამრან მამადლი, 27 წლის ვეგანი აქტივისტი.
მამადლი ცხოველთა უფლებებით დაახლოებით ოთხი წლის წინ დაინტერესდა — იმ დროს როცა აზერბაიჯანში ეს თემა აქტუალური გახდა. ის OC Media-ს უცხადებს, რომ წინააღმდეგობის ფორმირებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ ძალადობამ მთავარი როლი ითამაშა, თუმცა აქტივისტები თავადაც ხშირად ხდებიან ძალადობის სამიზნეები.
ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ბაქოში ძაღლებს მხოლოდ იმისთვის იჭერენ, რომ სტერილიზაცია გაუკეთონ და გაუშვან, თუმცა სისხლი იმის მტკიცებულებაა, რომ რეალურად ძაღლებს ხოცავენ.
აქტივისტების ბრალდებები უმეტესად ტოპლანის ცხოველებზე ზრუნვის ცენტრს მიემართება — ეს 2018 წელს ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, "უზრუნველყოს ბაქოს მაცხოვრებლების უსაფრთხოება, იზრუნოს უპატრონო ცხოველებზე და შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ".
თუმცა აქტივისტები ირწმუნებიან, რომ რეალურად ძაღლები ქრებიან.
"ფაქტია, რომ ძაღლები ქრებიან. ტოპლანის თანამშრომლებს ძაღლები სასტიკი, არაეთიკური მეთოდებით აჰყავთ ქუჩებიდან, რითაც მათ უფლებებს უხეშად ლახავენ. თანამშრომლები ძაღლებს სცემენ. ზოგიერთ ძაღლს პირიდან სისხლი მოსდის, ზოგს ჭრილობები აქვს. ამის ამსახველი ვიდეოები გვაქვს", — ამბობს ნიჯათ ისმაილი, კიდევ ერთი აქტივისტი.
"მკვლელობის სასტიკი მეთოდი"
აქტივისტები ამბობენ, რომ ტოპლანის ცენტრს ყოველდღიურად აჰყავს ძაღლები ბაქოს ცენტრიდან. შემდეგ კი ისინი ხან გარეუბნებში, ხანაც — ქალაქიდან მოშორებულ რეგიონებში მიჰყავს, სადაც მათ სახელმწიფო სამსახურისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები ქუჩებში ესვრიან და ხოცავენ.
მამადლის თქმით, ძაღლები ბაქოს ცენტრში რომ დაეხოცათ, ხალხი ვიდეოებს გადაიღებდა და გამოაქვეყნებდა. შედარებით მიყრუებულ ადგილებში კი იგივე ქმედება საჯარო თვალისაგან დაფარული რჩება. მიუხედავად ამისა, ვიდეოები ხანდახან მაინც ვრცელდება სოციალურ მედიაში.
მამადლის თქმით, ძაღლები მტკივნეული და ნელი სიკვდილით კვდებიან.
"ეს მკვლელობის სასტიკი ფორმაა. ხშირად დაჭრილი ძაღლები მთელი დღე ტანჯვის შემდეგ იხოცებიან".
მისი სიტყვებით, ეს საქმიანობა არა მხოლოდ სასტიკი, არამედ უკანონოც არის — როგორც აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ასევე — შინაურ ცხოველთა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით, რომელსაც აზერბაიჯანიც აწერს ხელს.
თავის მხრივ, იარაღის გამოყენებაც კანონდარღვევაა. აზერბაიჯანში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება მხოლოდ სამართალდამცავებს აქვთ. მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლები კი ამ უფლებით უკანონოდ სარგებლობენ.
აქტივისტების თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ზოგიერთი ვიდეო იმდენად ხმაურიანი გამოდგა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხის გაცემა მოუწია. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ინციდენტში მონაწილე ადამიანების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღეს.
OC Media კომენტარისთვის ჰეიდარ ალიევის ფონდსა და ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ცხოველთა უფლებების დაცვა საკუთარი უფლებების ფასად
ცხოველების უფლებების დაცვის პროცესში აქტივისტები თავს მნიშვნელოვან საფრთხეში იგდებენ.
აზერბაიჯანელი აქტივისტები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია და კანონს არ არღვევს, მათზე სახელმწიფო გამუდმებით ძალადობს.
ცხოველთა უფლებების დამცველების ყველა აქციასა თუ შეკრებას პოლიცია შლის. ორგანიზატორებს ხშირად აკავებენ და ამ პროცესში ისინი ხშირად აწყდებიან ძალადობასა და მუქარას პოლიციელებისაგან, რის შესახებაც მათ მედიასთან უსაუბრიათ.
"პოლიცია უმეტესად ისე გვექცევა, როგორც მტრებს. თითქოს ინსტრუქცია აქვთ მიღებული, რომ როგორც კი ცხოველების უფლებადამცველს დაინახავენ, ჯერ უყვირონ, მერე კი ხელები გადაუგრიხონ. ერთხელ პოლიციის განყოფილებაში ძალით გადამიგრიხეს ხელი ისე, რომ მოეტეხათ. მოულოდნელად მუხლები მომეკეცა და ყვირილი დავიწყე", — იხსენებს ისმაილი.
ის ამატებს, რომ სხვა შემთხვევაში მას პოლიციის განყოფილებაში ახრჩობდნენ, რის შემდეგაც სამი დღე ვეღარ ჭამდა.
მამადლისაც ასეთივე ისტორიები აქვს:
"უამრავი შემთხვევა იყო, როცა პოლიციის განყოფილებაში წაყვანისას ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ძალადობა განყოფილებაშიც გრძელდებოდა", — ამბობს ის.
"როცა აქციებს ვმართავთ, ისინი ძალის გამოყენებით გვაკავებენ. ასევე უსაფუძვლო ჯარიმებს გვიწერენ".
2021 წლის ივლისში გამართული აქციების შემდეგ დაკავებულ ექვს აქტივისტს ჯამში ჯარიმის სახით ₼2,400 ($1,400)-ის გადახდა დაეკისრა.
2021 წლის აგვისტოში ტოპლანის ცხოველებზე ზრუნვის ცენტრის ორმა თანამშრომელმა ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლ ოთხ აქტივისტს სასამართლოში უჩივლა: მათ შორის ერთ-ერთი ისმაილოვია. სხვები არიან: ელხან მირზაევი, აინურ ბაბაზადე და ილჰამა ნასიროვა.
საქმე ცილისწამების მუხლით აღიძრა, რასაც აქტივისტების რეპუტაციის შელახვა და მათი საჯაროდ დამცირება მოჰყვა. აქტივისტები ამბობენ, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და მსგავსი საქმის არსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობას მათზე ზეწოლის მოხდენა სურს.
"საქმე საგანგებოდ არის გაწელილი — უკვე ერთი წელია, პროცესი მიმდინარეობს. ტოპლანის თანამშრომლები ითხოვენ, რომ კომპენსაციის სახით ₼100,000 ($59,000) გადავუხადოთ. თუ სასამართლო ჩვენს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ" — ამბობს ისმაილი.
მომავლის იმედი
მამადლი ამბობს, რომ ცხოველთა უფლებების საკითხზე პოლიტიკური რეპრესიების ხსენების გარეშე საუბარი შეუძლებელია. მისი თქმით, იმის გამო, რომ რეჟიმი ანტიდემოკრატიულია, აქტივისტებს ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად და ტოპლანის ცენტრის მიერ ცხოველებზე ძალადობის შესაწყვეტად ბერკეტები ფაქტობრივად არ აქვთ.
"თუ აზერბაიჯანში დემოკრატიული ხელისუფლება არ მოვა... ჩვენი მოთხოვნების შესრულების პროცესი ძალიან ნელი იქნება", — ამბობს ის, — "სწორედ ამიტომ, დემოკრატიული ცვლილებები ჩვენი პარალელური მოთხოვნაა".
მამადლის სჯერა, რომ სახელმწიფო რეფორმების მოთხოვნა ის მიზეზია, რის გამოც ხელისუფლება ასე აგრესიულად ებრძვის ცხოველთა უფლებების აქტივიზმს.
"წლების განმავლობაში მთავრობა აზერბაიჯანის მოსახლეობას აჯერებდა, რომ ადამიანებმა პირადი ყოველდღიური ინტერესების მიღმა არაფერზე უნდა იფიქრონ და სამოქალაქო აზრი არ უნდა გააჩნდეთ. ამის გამო აქტივისტების მიერ ცხოველთა უფლებების საკითხების გაჟღერება მათთვის კიდევ უფრო შოკისმომგვრელია. წლების განმავლობაში რადიკალურად განსხვავებულ საზოგადოებრივ სტრუქტურას აშენებდნენ".
"ასე თუ ისე, ახალი საპროტესტო ძალის გამოჩენა, რომელიც სახელმწიფოს დანაშაულს ამხელს, მაღალჩინოსნებს საკმაოდ აღელვებთ. ეს ცხადად ჩანს", — ამბობს მამადლი.
მისი თქმით, ცხოველთა უფლებების თემა ადამიანთა უფლებებთან საკმაოდ ახლოსა, რადგან ამ თემაზე მომუშავე აქტივისტები პარალელურად სხვა საკითხებზეც საუბრობენ, მაგალითად, ლგბტ უფლებებზე და პოლიტიკური შევიწროების შემთხვევებზე.
"მგონია, რომ ცხოველების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ქვეყნის მოქალაქეებს"
მამადლი ახლა აზერბაიჯანში ვეგანი აქტივისტებისაგან შემდგარი გუნდის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, მისი თანამებრძოლები კი სოციალურ მედიაში ცხოველთა დაცვის კამპანიებს გეგმავენ და მუდმივად აპროტესტებენ ტოპლანის საქმიანობას.
მიუხედავად შექმნილი წნეხისა და ბარიერებისა, კამრანი მაინც იმედიანადაა განწყობილი:
"მგონია, რომ, რაც არ უნდა რთული იყოს, ბოლოს მაინც დავამარცხებთ", – ამბობს ის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა
კომენტარები