26 ივლისს თბილისში რობოტების უდიდესი ორთაბრძოლა გაიმართება — როგორ დავესწროთ

ფოტო: GRA
26 ივლისს თბილისში რობოტების უდიდესი ორთაბრძოლა, Robo Battle 2025, გაიმართება. ტექნოლოგიურ ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) უწევს. ორთაბრძოლა Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში ჩატარდება რადიო ქალაქში (Radio City).
Robo Battle 2025 მიზნად ისახავს, ახალგაზრდები ტექნოლოგიური და საინჟინრო სფეროებით დააინტერესოს და წაახალისოს. სივრცე ინჟინრებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უმასპინძლებს.
ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიები და ინოვაციები იქნება. დღის განმავლობაში ფესტივალზე დამსწრეები სხვადასხვა აქტივობას იხილავენ, იქნება ეს საინჟინრო შოუ, რობოტების ბრძოლა თუ ინტერაქციული სივრცეები. უფრო ზუსტად, Robo Battle 2025-ზე დაგვხვდება:
- რობოტების ბრძოლა — დისტანციურად მართვადი რობოტების შეჯიბრება სამ წონით კატეგორიაში;
- SUMO რობოტების ტურნირი — ავტონომიური რობოტების შეჯიბრება;
- დრონების საგამოფენო სივრცე;
- დრონების საფრენი სივრცე;
- RC CAR საგამოფენო სივრცე;
- დემო ზონა, რომელშიც მონაწილეთა რობოტების დათვალიერებას შევძლებთ;
- კვებისა და გართობის სივრცე — მუსიკა, თამაშები და სოციალიზაცია;
- სპონსორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების სტენდები.
რობოტების ბრძოლისა და SUMO რობოტების შეჯიბრებისთვის გუნდური რეგისტრაცია იყო გამოცხადებული. პროცესი უკვე დასრულდა, საბოლოო ჯამში კი ამ აქტივობებში წარდგება: საბრძოლო რობოტების 92 გუნდი (315 მონაწილე) და სუმო რობოტების 49 გუნდი (132 მონაწილე).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რობოტების ბრძოლისა და SUMO რობოტების კატეგორიებში საპრიზო ფონდი 25 ათასი ლარია. ეს თანხა სხვადასხვა წონით კატეგორიასა თუ ნომინაციაში გამარჯვებულ გუნდებზე განაწილდება.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია — ამისათვის მხოლოდ მარტივი რეგისტრაციის გავლაა საჭირო ამ ბმულზე. გვექნება ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვის შანსიც, საბოლოოდ კი ღონისძიების მთავარ სანახაობას, რობოტების ბრძოლასა და SUMO რობოტების შეჯიბრებას, ვიხილავთ.
ღონისძიება დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. იგი თბილისში, კერძოდ რადიო ქალაქში (Radio City / District 4), გაიმართება. რუკაზე მისამართს ამ ბმულზე იხილავთ. თუკი ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ საქართველოს რობოტიკის ასოციაციას მიმართოთ მეილზე: info@gra.ge.
რობოტთა ორთაბრძოლაზე ჩვენს პოდკასტს ამ ბმულიდანაც მოუსმენთ.
კომენტარები