სომხეთი ქურთი მებრძოლების თურქეთისთვის გადაცემას უარყოფს
თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ორი ქურთი მებრძოლი დააკავეს — ქურთულმა ჯგუფებმა სომხეთის ხელისუფლება "ღალატში" დაადანაშაულეს, თუმცა სომხეთი მებრძოლების თურქეთისთვის გადაცემას უარყოფს.
ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ორი მებრძოლის თურქეთისთვის სავარაუდო გადაცემის ცნობების გამო, სომხეთის მთავრობა კვირას ქურთული მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა. ატილა ჩიჩეკი და ჰუსეინ ილდირიმი PKK-ის სამხედრო ფრთის, სახალხო თავდაცვის ძალებისთვის (HPG) იბრძოდნენ.
HPG-ის პრესრელიზის თანახმად, ჩიჩეკი და ილდირიმი სომხეთში 2021 წლის აგვისტოს, აღმოსავლეთ თურქეთში პარტიზანული ოპერაციების ჩატარების შემდეგ გადავიდნენ. ისინი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ისინი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გაათავისუფლა, რითიც სასამართლო პროცესი შეწყდა.
სომხეთის რევოლუციური ფედერაციული პარტიის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გეგამ მანუკიანმა მთავრობა გააკრიტიკა — მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლები გათავისუფლებულები იყვნენ, მთავრობამ ისინი გაიტაცა და თურქეთის ეროვნულ სადაზვერვო ორგანიზაციას გადასცა.
კრიტიკის საპასუხოდ, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა სავარაუდო გადაცემის საქმეში მათი ჩართულობა უარყო და აღნიშნა, რომ "ეს მათი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა".
მალევე, გადაცემა უარყო იუსტიციის სამინისტრომაც, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ "უცხოელი პატიმრების მათი ქვეყნისთვის გადაცემის უფლება აქვთ".
26 სექტემბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ორ ქურთ მებრძოლზე ძებნა გამოაცხადეს, რადგან ისინი მომდევნო სასამართლო სხდომებზე უნდა გამოცხადდნენ, თუმცა მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
HPG-მ აღნიშნა, რომ "სომხეთის სახელმწიფომ დაარღვია როგორც საერთაშორისო, ასევე, საკუთარი კანონები. სომხეთის მხრიდან რევოლუციონერი ქურთისტანების, რომლებიც მათი ხალხის არსებობისა და თავისუფლების დასაცავად იბრძვიან, გენოციდური თურქული სახელმწიფოსთვის გადაცემა სამარცხვინოა".
Anadolu-ს სააგენტოს ცნობით, ორი ქურთი მებრძოლი "თურქეთის სახელმწიფოში ძებნილი ტერორისტები იყვნენ". სააგენტოს განცხადებით, ჩიჩეკი 2012 და 2020 წლებში თურქული ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობდა — ორივე შემთხვევაში რამდენიმე სამხედრო დაიღუპა. ილდირიმს სირიასა და ერაყში ანტითურქულ აქტივობებში მონაწილეობა ედება ბრალად.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა რამდენიმე ცნობილმა მედიასაშუალებამ აღნიშნა, რომ მებრძოლების დაკავების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია აქვთ. Hurriyet-ს გადაცემაში სომხეთის მონაწილეობა არ უხსენებია, თუმცა ამტკიცებს, რომ ისინი სომხეთთან თურქეთის აღმოსავლეთ საზღვარზე სპეციალური სადაზვერვო ოპერაციის დროს დააკავეს.
ქურთისტანთა თემთა გაერთიანებამ (KCK) "გენოციდური, კოლონიალურ თურქულ სახელმწიფოსა და ფაშისტურ მთავრობასთან" თანამშრომლობისთვის ფაშინიანის მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა.
"ჩვენი ორი მეგობრის თურქული სახელმწიფოსთვის გადაცემა აჩვენებს, რომ ფაშინიანის მთავრობამ ხალხების, განსაკუთრებით, სომეხი ხალხის მიზნებს უღალატა".
"ფაშინიანის მთავრობის დამოკიდებულება სომეხი ხალხის მიზნებსა და მათი არსებობისთვის ბრძოლას დიდ ზიანს აყენებს. როგორც ქურთული თავისუფლების მოძრაობა, ჩვენ ფაშინიანის მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ უარი თქვას გენოციდურ, კოლონიალურ თურქულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე და ამ ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადოს, როგორც სომეხ, ასევე, ქურთ ხალხს".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები