სტატია On.ge-ს პარტნიორის, OC Media-სთვის აფხაზეთიდან მოამზადა დმიტრი სტატეინოვმა. მასალაში გამოყენებული ადგილთა დასახელებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს OC Media-სა და On.ge-ს სარედაქციო პოლიტიკას.

ომის შემდგომი განახლება აღმოსავლეთ აფხაზეთში, განსაკუთრებით კი ტყვარჩელის რაიონში, მდორედ მიმდინარეობს. ქართულ-აფხაზური ომიდან 20 წელზე მეტი გავიდა, თუმცა რესპუბლიკის ამ ნაწილში განვითარება, ჯერჯერობით, ძალიან უმნიშვნელოა.

ზემო ტყვარჩელის მიტოვებული სოფლები საოცარ სურათს ქმნის. ჯანტუხა, აკარმარა, მეხუთე შახტა, პოლიანა და კარჩილავა - ეს ის სოფლებია, რომლებიც აფხაზეთის ქვანახშირის აუზში მდებარეობენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ზონაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები - რუსები, ბერძნები, აფხაზები, ქართველები და სომხები თანაცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. უმრავლესობამ ომის დროს მიატოვა თავისი სახლი. დღეს კი ეს ადგილი, ძირითადად, რუსებითა და აფხაზებით არის დასახლებული.

ეს დასახლებები აფხაზეთის "ქალაქ მოჩვენებების" სახელითაა ცნობილი, რადგან ომამდე პერიოდის 15-ათასიანი მოსახლეობიდან, დღეს აქ მხოლოდ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს.

2003 წელს, მთლიანად ტყვარჩელის რაიონში მობინადრეების რაოდენობა 15 ათასს აღწევდა. 2011-ში ეს რიცხვი მხოლოდ 16 ათასამდე გაიზარდა. შედარებისთვის, ომამდე, 1989 წელს, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 43 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

"ყველაფერი ომის შედეგია"

ბეტონის უზარმაზარი საბჭოური შენობები, ხრუშჩოვკები (1960-იანი წლების დასაწყისში აშენებული ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლები) ნგრევის პირასაა. ისინი მჭიდროდ დასახლებულად ითვლება მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი ან ორი ოჯახი ცხოვრობს. ადამიანები როგორც შეუძლიათ ისე ცდილობენ, რომ საკუთარი სახლები გადაარჩინონ. საბჭოთა წარსულის ერთადერთი დადებითი მემკვიდრეობა ისაა, რომ ადამიანები სახლებს ღიად ტოვებენ, რადგან მოსაპარი არაფერი აქვთ და არც არავინაა, რომ მოპარვა სცადოს.

ბინები სახელმწიფო საკუთრებაშია და არჩევნების დროს აქ საარჩევნო უბნები იხსნება, რომელთაც რაიონის მცირერიცხოვანი ამომრჩეველი სტუმრობს. სოფელ ჯანტუხას შესასვლელში ადგილობრივ მცხოვრებს, ასაკოვან კაცს ვხვდები და ჩემთან საუბარს იწყებს:

ეს ყველაფერი ომის შედეგია.

შეიძლება თქვენთან საუბარი?

რაზე? ყველაფერი ისედაც ნათელია...

ომამდე სოფელი სიცოცხლით სავსე იყო, საზოგადოებრივი ცენტრებით, სკოლებითა და საბავშვო ბაღებით. ნანგრევებს შორის ახლაც შეხვდებით საუცხოო შენობებს. ხალხმა, რომელიც ერთ დროს აქ ცხოვრობდა და წვლილი შეჰქონდა საბჭოთა ცენტრალიზებულ ეკონომიკაში, ახლა აქაურობა მიატოვა.

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

ჯანტუხა ყველაზე ხალხმრავალია "ქალაქ მოჩვენებებს" შორის - სოფელს დაახლოებით 50 ბინადარი ჰყავს. 38-მდე ადამიანი ცხოვრობს აკმარაში და დაახლოებით იმავე რაოდენობის სხვა სოფლებში. საცხოვრებელი ბინები ცარიელი ხრუშჩოვკებისგან აივნებზე გასაშრობად გამოფენილი სარეცხითაა გამოყოფილი.

დანგრეული სახლის ფანჯრიდან ორი შვიდ წლამდე გოგო იყურება, თუმცა ჩემი კამერის შენიშვნისთანავე იმალებიან.

ფოტო 1: Dmitry Stateynov / OC Media / ფოტო 2: Dmitry Stateynov / OC Media

დედამ აგვიკრძალა ფოტოების გადაღება, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

რატომ?

აგვიკრძალა და მორჩა.

გოგონამ მეგობარს რაღაც გადაუჩურჩულა და უეცრად ორივე დანგრეულ შენობაში გაუჩინარდა.

მობინადრეთა უმრავლესობა ქვანახშირის მომპოვებელ, პატარა თურქულ ფირმაშია დასაქმებული. თითოეულ ოჯახს ჰყავს რქოსანი ცხოველი და ფუტკარი.

სკოლები, მაღაზიები და ავტობუსები

მოთხოვნა პროდუქტებზე ადგილობრივ მაღაზიაში დაბალია, ამიტომ საკვებისა თუ საოჯახო ნივთების შესაძენად ადამიანები, პირველ რიგში, მაღაზიის მესაკუთრეს ურეკავენ, რომელიც ახლოს ცხოვრობს და ამოწმებენ, სახლშია, თუ არა. ზამთარში რაიონის ადმინისტრაცია სოფლებს უფასო სანთლებითა და პურით ამარაგებს, სხვაგვარად თავის გატანა რთულია.

კვირაში ერთხელ, ადგილობრივები ტყვარჩელის ბაზარს სტუმრობენ. ავტობუსი ტყვარჩელის მიმართულებით კვირაში ორჯერ მოძრაობს. ასევე, ავტობუსს დაჰყავს ბავშვები სკოლაში.

"დღესასწაულებზე ვსტუმრობთ ერთმანეთს"

დაახლოებით 10 წლის წინ, ასაკოვანი ქალი სახელად გალინა, ან როგორც მისი რამდენიმე მეზობელი ეძახის, დეიდა გალია, ჯანტუხადან აკარმარაში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ გალინას უფროსი შვილი საფრანგეთში ცხოვრობს, ის აფხაზეთის დატოვებას არ გეგმავს.

ხუთი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი მყავს იქ, - ამბობს გალინა.

არ გინდათ, საფრანგეთში გადასვლა?

მე? სად? დიახ, იქ [ცხოვრების] მაღალი ხარისხია, არის სამუშაო, ფული, იაფი პროდუქტი, მაგრამ ჩემი გული აფხაზეთშია.

შვილები გყავთ იქ?

უფროსი გოგო იქაა, საშუალო და უმცროსი კი ტყვარჩელში ცხოვრობენ.

გეხმარებიან?

უფროსმა შვილმა მითხრა, რომ ფულს გამომიგზავნიდა, მაგრამ უარი ვუთხარი. ვუთხარი, შვილები რომ გეყოლება ისინი გამოკვებე-თქო.

და როგორ ახერხებთ თავის გადარჩენას?

პენსიას ვიღებ [აფხაზეთში პენსია თვეში 500 რუბლი, ანუ 9 დოლარია]. კიდევ ათასი რუბლი დაამატეს, მაგრამ ჯერ არ მოუციათ. ბოსტნისა და სახლის გარეშე ვერ გადარჩები, - ამბობს გალინა.

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

მის ხმაში არანაირი წყენა თავის საცხოვრებელ პირობებზე არ შეიმჩნეოდა. ის სიტუაციას აღიქვამს როგორც ფაქტს და მარტივად ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. მუშაობს თავის ბაღჩაში და სახლში, ზრდის შვილიშვილებს, და უკეთესის იმედი აქვს.

"ომამდე მეურნეობით არ ვიყავი დაკავებული. ადრე, ფასები დაბალი იყო და სამსახურებიც გვქონდა. ომის შემდეგ კი არც სამსახურები გვქონდა და თაროებიც დაცარიელდა, ამიტომ მომიწია ბაღჩაში მუშაობა. მაქვს ხახვი, ნიორი, სტაფილო, მარწყვი, ბარდა და კარტოფილი. რამდენიმე ცხოველიც გვყავს, ქათმები და ღორი. პურს თვითონ ვაცხობ, ასე უფრო მოსახერხებელია."

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

დეიდა გალია ამბობს, რომ ის, მისი რამდენიმე მეზობელი და სოფლის სხვა მობინადრეები ცდილობენ ხშირად მოიყარონ თავი და ერთად იზეიმონ დღესასწაულები:

"ამ შენობაში ჩემთან და ახალგაზრდა ოჯახთან ერთად 90 წლის ქალი ცხოვრობს. დღესასწაულებზე ერთმანეთს ვინახულებთ, მაგრამ ყოველთვის არ არის ამის შესაძლებლობა. ყველა თავისი საქმეებითაა დაკავებული."

აივანზე მეზობელი გამოდის.

"ნატაშა," - ეძახის დეიდა გალია, "მათ თქვეს, რომ ყაბაყის დათესვა შეგიძლია. მე უკვე მოვამზადე მიწა, არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ მაინც დავთესავ".

"ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან"

ახალგაზრდა ქალი სახელად ნატაშა, ან ნატალია, მის ქმართან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს. ნატაშა 11 წლის იყო, როდესაც ომი დაიწყო. ყოველდღე იხსენებს როგორი იყო სოფლები ომამდე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ნათესავები ცენტრალურ რუსეთში, ოსეთსა და საქართველოში ჰყავს, წასვლის შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონიათ.

"ახლახან სოხუმში მიწა შევიძინეთ, სახლის აშენება გვინდა, მაგრამ ეს მალე ვერ მოხდება," - ამბობს ნატალია.

თითო ბავშვზე 500 რუბლის ოდენობის დახმარებას იღებს. ქმარი ადგილობრივ მაღაროში მუშაობს. ახალგაზრდა ოჯახს საკუთარი ფერმა აქვს. სახლთან ახლოს, სადაც ადრე ნატალიას საბავშვო ბაღი იყო, ღორები, მამლები, ძროხები და ქათმები ჰყავთ.

ნატაშა ამბობს, რომ ომის შემდეგ, როცა ადამიანებმა სოფლის დატოვება დაიწყეს, თავიდან ძალიან საშიში იყო, თუმცა დროთა განმავლობაში შიში გაქრა.

"არ გვეშინია სიბნელის ქუჩაში, ან ხალხის ნაკლებობის. ყველაფერ ამის წინაშე სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ადგილები ომის დროს განადგურდა. სინამდვილეში ყველაფერი მაროდიორობის შედეგია. ომის შემდეგ არ იყო სამსახური და ყველა ისე ცხოვრობდა, როგორც შეეძლო. მახსოვს, როგორი იყო ქალაქი და როგორი იყო ომი..."

ბიჭი მორბის, დანგრეული შენობის ფანჯარაში ხტება და იმალება. უცებ ფანჯრიდან ბურთი მოფრინავს, რომელსაც მეორე ბიჭი ხვდება. ის ბურთს ურტყამს და ბორცვზე აგორებს. ბავშვები ყვირილით ბურთს მისდევენ. მათ თავიანთი ცხოვრება ისეთი დაამახსოვრდებათ, როგორიც იყო - მსუბუქი, უდარდელი, და ნანგრევებით გარშემორტყმული. მათთვის ეს სრულიად ნორმალური იქნება, რადგან სხვაგვარი გარემო არ უნახავთ.

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media

ფოტო: Dmitry Stateynov / OC Media