როგორ იქცა ჩვეულებრივი შაბათ-კვირა ქუთაისში ნამდვილ ზარზეიმად
"ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა", — ასე იხსენებს ქართული სტარტაპის, ნატუსის, დამფუძნებელი ნათია კიკნაძე ცოტა ხნის წინ ქუთაისში გამართულ ზარზეიმზე თავის პირველ შთაბეჭდილებას.
საქართველოს ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა არაჩვეულებრივ გასტრონომიულ გამოფენას სულ ცოტა ხნის წინ, 3 და 4 სექტემბერს უმასპინძლა. თიბისისა და მისი პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით STALL-ის ორგანიზებული მასშტაბური ღონისძიების მიზანი ახალბედა მეწარმეების წახალისებასა და რეგიონში ქართული წარმოების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. თუკი პროექტის მონაწილეების შეფასებებს გავითვალისწინებთ, ზარზეიმმა ამ მიზანს მიაღწია კიდეც.
ნათიამ, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და ბუნებრივი ყვავილებით აფორმებს, საქმიანობა აპრილის თვეში დაიწყო. მისთვის და ნატუსისთვის ზარზეიმი მეორე ფესტივალი იყო, თუმცა, ამბობს, რომ მისი "პირველთან შედარებაც კი არ შეიძლება", რადგან ქუთაისში გამართული ღონისძიება გამორჩეულად ორგანიზებული იყო — ყველა საჭიროებას დაუყოვნებლივ უკმაყოფილებდნენ, ფესტივალამდეც და ფესტივალის მიმდინარეობისასაც.
"მეწარმისთვის და განსაკუთრებით, ჩემ მსგავსად ახალბედა მეწარმისთვის, ფინანსები ბევრ რამეს წყვეტს, ღონისძიებაზე კი ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავით; ამიტომ მასში მონაწილეობა ძალიან კომფორტული იყო", — აღნიშნავს ნათია.
ნატუსის დამფუძნებელი ასევე იხსენებს, რომ საფესტივალო ადგილზე მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო დახვდა — მონაწილეები ერთმანეთს გულღიად უცვლიდნენ აზრებს, შეფასებებს და გამოცდილებას. ის კი არა, ნათიამ მეზობელ დახლებზე გამოფენილი პროდუქციის შემქმნელებიც გაიცნო და დაუმეგობრდა, მათგან კი სასარგებლო რჩევები მიიღო.
"საჭირო ხალხი გავიცანი", — ამბობს ნათია, — "ჩვენ ხომ ერთი ხედვა გვაქვს; შექმნა ქართული და შენი სამშობლო წარმოაჩინო. ჩვენს წილ საქართველოს ვქმნით. ამიტომ, ასეთი ღონისძიებები ნამდვილად საჭიროა".
ნათიასგან განსხვავებით, ზარზეიმი პირველი მსგავსი ფესტივალი იყო აკაკი საღინაძისთვის, რომელიც ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოემზადა. მეტიც — აკაკის თქმით, ზარზეიმი იყო მოტივაცია, რომ თანაქალაქელებისთვის თავისი ბრენდის, მარცვალის, "სასიგნალო" ფალაფელის კერძი შეეთავაზებინა, შემდეგ კი, მიღებული გამოცდილება რესტორნის შექმნაშიც დახმარებოდა.
"ქუთაისში მსგავსი ღონისძიებებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მოთხოვნაც გაიზრდება საზოგადოებაში, რადგან ფესტივალი კარგად ორგანიზებული იყო და ქალაქში მცხოვრებებმა ისიამოვნეს", — აცხადებს აკაკი.
ექსპერიმენტმა — იმერული სამზარეულოს "სტრიტ ფუდის" სერვისად ქცევამ — გაამართლა და სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ. შედეგით კმაყოფილია აკაკიც, რომელიც რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების საჭიროებას ხაზს უსვამს.
"ასეთი ფესტივალები რეგიონებში მხოლოდ იმიტომ არ არის საჭირო, რომ მათი ნაკლებობაა; საჭიროა ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერადაც. ეს ერთგვარი გამოწვევები ხომ კონკურენციას ქმნის და გარემოს აჯანსაღებს", — აღნიშნავს მარცვალის დამფუძნებელი, — "ამასთან, როცა რეგიონში მეწარმე დაინახავს, რომ მისი კერძის დასაგემოვნებლად დედაქალაქიდანაც სტუმრობენ, ეს აქამდე არსებულ 'ტრადიციას' შემოატრიალებს, მერე კი სტუმრებიც ნახავენ, რომ ქალაქმა მათ რაღაც საინტერესო შესთავაზა".
აკაკი ამატებს, რომ რადგან ზარზეიმმა მსგავსი ფესტივალის რეგიონში გამართვის პრეცედენტი შექმნა, "ბაზარი აღარავის მისცემს საშუალებას, რომ ეს პროცესი შეჩერდეს".
აკაკის მსგავსად, მასპინძელი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გაითვალისწინა თამარ სალაძემაც, რომელმაც ღონისძიებაზე თავისი ბრენდის, კრეპაიას, სახელით, კრეპები იმერული შიგთავსით წარადგინა. ამ ექსპერიმენტმა და ფესტივალმა კი "გემრიელად ჩაიარა".
თამარიც ამბობს, რომ დედაქალაქი ასეთ პროექტებს მიჩვეულია, თუმცა, ქუთაისისთვის მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი გამორჩეული ღონისძიებაა. კრეპაიას დამფუძნებლის თქმით, მნიშვნელოვანია, ასეთ ძველ ქალაქში მცხოვრებ ხალხს მსგავსმა ინიციატივებმა რწმენა მიანიჭოს.
"ძალიან სასიამოვნო იყო ფესტივალზე ჟრიამულის ნახვა", — ამბობს თამარი, — "ინიციატორებს დიდი მადლობა, რადგან ასეთი ფესტივალები ადგილობრივებს რწმენას აძლევს და იმედს უღვივებს, რომ საინტერესო ამბები მათ ქალაქშიც შეიძლება მოხდეს — როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის".
ფესტივალის სტუმრებისთვის იმერული გასტრონომიის გაცოცხლება მოიწადინა ადგილობრივმა რესტორანმა პალატიმაც. ტრადიციული კერძების ახალი ვარიაციები ზარზეიმზე მისული მომხმარებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
"საოცარი იყო", — ასე იხსენებს ფესტივალს პალატის წარმომადგენელი, თორნიკე ჭელიძე, — "საინტერესო, კარგი და ბედნიერი ფესტივალი, ნამდვილად ზარზეიმი იყო".
თორნიკეს თქმით, ღონისძიებამ მათ საშუალება მისცა, კოლეგებს შეხვედროდნენ, გაეცვალათ აზრები და მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქცია შეეთავაზებინათ. ზარზეიმმა, ერთგვარად, ქალაქის "გასტრონომიული მეწარმეობა გააერთიანა". ამიტომ, მისი აზრით, კარგი იქნებოდა, მსგავსი ღონისძიებები თუ სამომავლოდაც გაგრძელდებოდა.
"ასეთი ფესტივალები, სხვა ყველაფერთან ერთად, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სტარტაპებისთვის, რადგან საზოგადოებაში ცნობადობის გასაზრდელად კარგი საშუალებაა", — ამატებს თორნიკე.
ცნობადობის გაზრდის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას კოსმეტიკური საპნების მწარმოებელი ბრენდის, Soap.ge-ის წარმომადგენელი, ლევან ლომთაძე. ისინი უკვე რამდენიმე წელია, პროდუქციას აწარმოებენ და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავთ, თუმცა, ზარზეიმზე კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნეს საკუთარი ბრენდი.
"საქართველოში ბევრი გამორჩეული მეწარმეა, რომელიც საინტერესო პროდუქციას აწარმოებს. მათ ამიტომ ხალხში გამოჩენა სჭირდებათ, რათა მომხმარებელმა ბრენდის შესახებ შეიტყოს", — ამბობს ლევანი, — "ასეთი ღონისძიებები კი ამის ყველაზე მარტივი და ხელსაყრელი საშუალებაა".
ფართო აუდიტორიისთვის საკუთარი პროდუქციის გაცნობის ხელსაყრელი საშუალება რომ ფესტივალია, ამას ეთანხმება ბრენდ ჩაროზის წარმომადგენელი, მეგი ტრაპაიძეც.
"საზოგადოება ასე იგებს, რა არის ქართულ ბაზარზე — რომ ეს პროდუქცია კარგია და მრავალფეროვანი", — ამბობს მეგი, — "ამასთან, შენთვის, როგორც მეწარმისთვის, ღონისძიება ერთგვარი სტიმულიცაა".
სტიმულია კონტაქტების გამრავალფეროვნებისთვისაც — ასე ხომ, როგორც ვთქვით, ბევრ კოლეგას იცნობ და სასარგებლო კავშირებს ამყარებ.
აი, ბრენდმა ბაიომ კი, ზარზეიმზე ლუდი წარადგინა. მათთვის ეს პირველი ფესტივალი არ ყოფილა და გარკვეული მოლოდინები წინასწარვე ჰქონდათ. ბაიოს წარმომადგენლის, გიორგი მარუაშვილის თქმით, ღონისძიების სტუმრებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღეს. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფესტივალები რეგიონების განვითარებისათვის აუცილებელია და მათი ჩატარება სხვა ქალაქებშიც საჭიროა.
"ქუთაისს სჭირდება ასეთი სახის ფესტივალები, ამიტომ ინიციატივა მისასალმებელია", — ამბობს არჩილ გუნიავას მარნის წარმომადგენელი, ნინო გუნიავაც, — "ზარზეიმი მშვენიერი სინთეზი იყო სხვადასხვა მეწარმეობის, მეღვინეობის, სწრაფი კვებისა და სხვა პროდუქტების".
სინთეზის ნაწილი იყო ლუდიც — ოტიას ეზოდან მან პირდაპირ ზარზეიმზე გადაინაცვლა და მომხმარებელს სამი სახის პროდუქტით ფესტივალზე უმასპინძლა. თუმცა, ღონისძიებაზე მათ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, პოტენციური პარტნიორებიც ესტუმრნენ.
"ასეთი ღონისძიებების იმერეთის სხვა ქალაქებში ჩატარებაც კარგი იქნებოდა", — ამატებს ოტია იოსელიანი, — "სასიხარულო იქნებოდა, მონაწილეების რაოდენობაც თუ გაიზრდებოდა. ჩვენ კი, ფესტივალზე მიღებულ გამოხმაურებას აუცილებლად გავითვალისწინებთ სამომავლოდ".
ზარზეიმზე მიღებული გამოხმაურება, ცხადია, მნიშვნელოვანია ღონისძიების ორგანიზატორებისთვისაც. როგორც ვთქვით, პროექტის მხარდამჭერი თიბისი და მისი პროგრამა სტარტაპერია. კომპანიის წარმომადგენელი, ანკა თოთიბაძე, ამბობს, რომ მათი მოტივაცია ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა იყო. ამასთან, თიბისისთვის ეს პირველი მსგავსი აქტივობა გახლდათ დედაქალაქს გარეთ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ადგილობრივი მეწარმეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ფართო საზოგადოებისათვის გაეცნოთ", — ამბობს ანკა, — "ვფიქრობ, ეს მიზანი შევასრულეთ კიდეც".
ადგილობრივი და განსაკუთრებით ახალბედა მეწარმეების მხარდაჭერისთვის თიბისიმ წლების წინ საგანგებოდ შექმნა პროგრამა სტარტაპერიც, რომელიც სხვადასხვა აქტივობით ცდილობს მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ამის ერთ-ერთი გზაა გარებაზრობების მოწყობა — მსგავსი გამოცდილება კი კომპანიას თბილისში არაერთხელ ჰქონდა Stall Georgia-სთან თანამშრომლობით.
"ვცდილობთ, რომ ყველა აქტივობა, რომელსაც ვგეგმავთ, უკუკავშირზე დამყარებული იყოს", — აღნიშნავს ანკა, — "ჩვენს მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, ვცდილობთ, ინფორმირებულები ვიყოთ საჭიროებებზე და აქტივობებიც მათ საპასუხოდ განვახორციელოთ. ზარზეიმის მხარდაჭერის ინიციატივაც სწორედ ასე გაჩნდა".
თიბისის წარმომადგენლის თქმით, ეს პროცესი — უკუკავშირის მიღება და სამომავლო აქტივობების შესაბამისად დაგეგმვა — უწყვეტი პროცესია და ამჟამადაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ქართული სტარტაპები სამომავლოდ კიდევ მეტ საინტერესო პროექტს უნდა ელოდონ.
კომენტარები