ერევანში პიროტექინიკის საწყობის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა
ერევანში, სურამლუს ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ორი ქალი და ერთი კაცი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 61 ადამიანი. ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, არმენ პამბუხჩიანმა RFE/RL-ს განუცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანძარი ძირითადად, ლიკვიდირებულია, თუმცა მოსახლეობას მოუწოდა, შენობების ჩამონგრევის საფრთხის გამო, ტერიტორიის სიახლოვეს ყოფნისგან თავი შეიკავონ.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, 19 ადამიანის ნათესავები დაუკავშირდნენ და ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის, ორსულ ქალსა და ხუთი წლის ბავშვთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
სამინისტროს ცნობით, აფეთქება იმ შენობაში მოხდა, სადაც ფეიერვერკები ინახებოდა. კვირას, როცა მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, მცირე აფეთქებებს დიდი აფეთქებები მოჰყვა.
პირველადი აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია — სამართალდამცავმა უწყებებმა უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გამოძიება დაიწყეს.
აფეთქების შემდეგ, კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა მეტროსადგურებში, სავაჭრო ცენტრებში, ზოოპარკებში, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებში ასაფეთქებლების არსებობის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რის გამოც მთელს ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა. თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები