რუსეთი ყველა კონფლიქტის დროს ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მისი ქმედებები "პროვოცირებული" და გამართლებულია. ასე იქცევა დღეს უკრაინაში და ასე იქცეოდა წლების განმავლობაში საქართველოშიც. მაგალითად, ოკუპანტი ქვეყანა დღემდე ავრცელებს მოსაზრებას, თითქოს 2008 წლის 8 აგვისტოს "საქართველოს აგრესიას" უპასუხა და ამიტომაც დაიწყო ომი. კრემლის პროპაგანდა მალავს, რომ ეს თავდასხმა წლებით ადრე დაგეგმეს და ქვეყანაში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს შემოიჭრნენ.

ამაზე უამრავი წყარო მიუთითებს, რომლებსაც დღეს განვიხილავთ: მათ შორის, გავლენიანი კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები; საერთაშორისო, ქართულ და რუსულ მედიებში 2008 წელს გამოქვეყნებული მასალები, ოკუპანტების "აღიარებები" და ცნობები სახელმწიფოებრივ დონეზე.

თავიდან დავიწყოთ — სეპარატიზმის გაღვივება და "მშვიდობისმყოფელების" შემოსვლა

ჯერ საბჭოთა კავშირმა და შემდეგ რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატისტების გაძლიერებაზე იმუშავეს. მოკლედ განვიხილავთ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს, რათა გავიხსენოთ, როგორ და რატომ აღმოჩნდნენ რუსი "მშვიდობისმყოფელები" საქართველოში.

1990 წლის 20 სექტემბერს სეპარატისტებმა "სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტის" შესახებ გამოაცხადეს. 22 ნოემბერს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ეს მოთხოვნები უკანონოდ ცნო. 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია.

1991-1992 წლებში ცხინვალის რეგიონში დაპირისპირებები მიმდინარეობდა. როგორც ისტორიის დოქტორი კახაბერ ყალიჩავა განმარტავს, შექმნილი ვითარება ხელსაყრელი იყო კრემლისთვის, რომელიც ისევ და ისევ "მომრიგებლის" როლში გვევლინებოდა ქართველებსა და ოსებს შორის.

სამხრეთ ოსეთი 90-იან წლებში

ფოტო: ინდიგო

1992 წლის 29 მაისს სეპარატისტთა უმაღლესმა საბჭომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1996 წლის ნოემბერში ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველო არ აღიარებდა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ბატაშვილი წერს, რომ 1990-იანი წლების საქართველო დიპლომატიურად იზოლირებული იყო და შედეგად რუსეთმა შეძლო მისი იძულება დათანხმებულიყო ორივე რეგიონში რუს მშვიდობისმყოფელთა ყოფნას.

აფხაზეთში მთელი სამშვიდობო კონტინგენტი რუსი სამხედროები იყვნენ. ცხინვალის რეგიონში კი განსხვავებული ფორმატი იყო, რომელიც 3 ბატალიონისგან შედგებოდა:

  1. რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები;
  2. ფორმალურად ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რეგიონის წარმომადგენლები;
  3. საქართველოს შეიარაღებულ ძალები.

საბოლოოდ, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტი ლიდერები მთლიანად მოექცნენ რუსული პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის ქვეშ.

როდის დაიწყო რუსეთმა მზადება აგვისტოს ომისთვის

2002 წლის მაისში კრემლმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების ე.წ. გამარტივებულ წესს სხვადასხვა ჯგუფისთვის. სწორედ ამ კანონით დაიწყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული მოქალაქეობის მინიჭების პროცესი. როგორც იცით, თავისი მოქალაქეების და რუსულენოვანი ხალხის "დაცვა" ყოველთვის არის კრემლისთვის "არგუმენტი" აგრესიული ქმედებების გასამართლებლად.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში ახალი მთავრობა მოვიდა, რომელმაც თავის პრიორიტეტად ღიად დასავლური პოლიტიკა დაასახელა. მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოფიციალური ვიზიტი 2004 წელს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართა, თუმცა ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩებოდა.

სააკაშვილისა და პუტინის პირველი ოფიციალური შეხვედრა. 2004 წელი

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2005 წლის 26 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ახალი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. როგორც რადიო თავისუფლების ევროპული ბიურო წერს, გეგმის მიხედვით, ცხინვალის რეგიონს უნდა მინიჭებოდა ავტონომიური სტატუსი, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის უფლებით, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებდა პარლამენტისა და აღმასრულებელი ორგანოს შექმნას.

თუმცა ოსმა სეპარატისტებმა უარყვეს ეს გეგმა და მას "ყოვლად მიუღებელი, მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" უწოდეს. ამ გეგმას მხარი ეუთომ ლიუბლიანის მინისტერიალზე 2005 წლის 6 დეკემბერს დაუჭირა.

2005 წლის 30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც კრემლის სამხედრო ნაწილებს საქართველო 2008 წლის ბოლოსთვის უნდა დაეტოვებინათ.

2007 წელი, სოჭი

უკვე 2006 წლის 31 მარტს ქალაქ სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებებს: "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ" და "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ".

როგორც NYtimes წერს, პუტინსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა 2006 წელს დაიძაბა — საქართველო ეჭვობდა, რომ რუსეთი თბილისში თავის საელჩოს ჯაშუშობისთვის იყენებდა და ქვეყნიდან რუსეთის რამდენიმე მოქალაქე გააძევა. 2006 წლის ივნისს პრეზიდენტები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

უკვე 2007 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა რუსული სპეცსამსახურების ჯაშუშური ქსელის აღმოჩენის შესახებ. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს რუსეთის ოთხი და საქართველოს თერთმეტი მოქალაქე. ამის პასუხად მოსკოვმა თბილისიდან ელჩი გაიწვია.

რაც შეეხება კითხვას, როდის გადაწყვიტა კრემლმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება, ამას 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა თავად უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება კი მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა.

რა თქვა პუტინმა — სრულად

ჟურნალისტი: "დღეს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მეოთხე წელია. ამიტომ, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი პირადი მონაწილეობის შესახებ იმ დღეების მოვლენებში. გუშინ გკითხეთ ჩვენი სამხრეთ ოსი კოლეგების მიერ მომზადებულ ფილმზე, იმდროინდელ მოვლენებზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ თქვენ პეკინში ყოფნისას დარეკეთ იქიდან 8 აგვისტოს. მართლა დარეკეთ? ეს პირველია. და მეორე: რუსეთს ნამდვილად არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამხედრო აგრესიის შემთხვევაში? შეგიძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა?".

ვლადიმერ პუტინი: "იყო გეგმა და, ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის, სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. ამაზე ადრე საჯაროდ უკვე ვისაუბრე, საიდუმლო არ არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცდა ჩემთან შეთანხმებით. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ ოსეთის აჯანყებულების წვრთნაც.

მართალია, ჩვენი სამხედრო ექსპერტები, გულახდილად რომ ვთქვა, მიიჩნევდნენ, რომ ეს მეტ-ნაკლებად უსარგებლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აჯანყებულები დამარცხდებოდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან, თუნდაც ისეთ პატარა სახელმწიფოსთან, როგორიც საქართველოა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან გაბედულად იცავდა სამშობლოს. სამივე დღე, სანამ რუსული არმია მიუახლოვდა, ფაქტობრივად, მათ და ჩვენმა სამშვიდობოებმა შეაკავეს ქართული ფორმირებების ზეწოლა. ასე რომ, მათ თავიანთი როლი ითამაშეს.

ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკა, ამიტომ აქ საიდუმლო არ არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ზარებს, ორჯერ დავრეკე. დიმიტრი ანატოლიევიჩს 7 და თავდაცვის მინისტრის 8 აგვისტოს. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი".

ეს მზადება ომის შემდეგ დაადასტურა იური ბალუევსკიმაც, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე რუსული გენშტაბის უფროსი იყო, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში "დაკარგული დღე" ბალუევსკიმ თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარება პუტინმა ჯერ კიდევ დიმიტრი მედვედევის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი) გადაწყვიტა. მომზადდა ოპერაციის დეტალური გეგმა, ხოლო სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.

რა ხდებოდა 2008 წლის პირველ 7 თვეში

აგვისტოს ომს მნიშვნელოვანი მოვლენები უძღოდა წინ. გავყვეთ ქრონოლოგიურად:

რუსეთისა და საქართველოს მრავალწლიანი დაძაბული უთანხმოება 2008 წლის 17 თებერვალს, კოსოვოს გამოცხადებული დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების შემდეგ გამწვავდა. რუსეთი დებდა პირობას, რომ კოსოვოს საერთაშორისო აღიარებას სათანადოდ უპასუხებდა.

პუტინი ირწმუნებოდა, თითქოს კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება დაანგრევდა საერთაშორისო წესრიგს, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე მიანიშნებდა. ამაზე საუბრობდა ბალუევსკიც. ეს საკითხი, რომ რუსეთისთვის საბაბი აღმოჩნდა დასტურდება მიხეილ სააკაშვილი ომის შემდგომ, 2008 წლის 28 ნოემბერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის მიცემული ჩვენებითაც. მისი თქმით, პუტინმა ბოლო შეხვედრისას (თებერვალი) უთხრა, რომ კოსოვოს აღიარების გამო "საკამათო ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ოსეთზე" პასუხს გასცემდა, ოღონდ დასავლეთს, ამერიკას, NATO-ს და ეს საქართველოს არ ეხებოდა.

ფოტო მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის 2008 წლის შეხვედრიდან

ფოტო: Associated Press

6 მარტს, რუსეთი გამოვიდა დთს-ის 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც გაერთიანების წევრებს აფხაზეთთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას უკრძალავდა.

21 მარტს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა, განეხილა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის NATO-ს სამიტზე

ფოტო: AFP

3 აპრილს პუტინმა სეპარატისტთა ლიდერებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ "არა დეკლარაციულ, არამედ პრაქტიკულ" მხარდაჭერას დაჰპირდა.

3 აპრილს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა. ითქვა, რომ საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება.

8 აპრილს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩვეული რიტორიკით თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა ყველაფერს, რათა არ დაუშვა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება.

16 აპრილს, იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება რუსეთის ოფიციალური ორგანოების მიერ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების შესახებ. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ რუსეთი ამ რეგიონების ანექსიას აპირებდა. დასავლეთმა ეს გადაწყვეტილება დაგმო.

Civil.ge წერს, რომ ამ ფაქტებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება მოჰყვა, რაც ომის წინანდელ პერიოდში, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე სამხედროების და ტექნიკის რაოდენობა გაიზარდა. სამხედრო ბაზის აქტიური მშენებლობა დაიწყო ცხინვალის რეგიონში, ჯავაში, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტის სამოქმედოს ზონის მიღმა მდებარეობდა.

20 აპრილს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო უიარაღო ქართული დრონი, რომელიც აფხაზეთში რუსული ძალების ზრდას აკვირდებოდა. გაეროს მისიამ, რომელმაც მხარეთა მოთხოვნით დაიწყო ამ საქმის მოკვლევა, დაადასტურა, რომ თვითმფრინავი რუსული იყო.

ევროპის საბჭოს დაარსებულ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2008 წლის აპრილში რუსული შემადგენლობით დაკომპლექტებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების შემადგენლობა დამატებითი სამხედრო ნაწილებით გაძლიერდა და მიუხედავად საქართველოს პროტესტებისა

აპრილის ბოლოს მოსკოვმა განაცხადა, რომ ის აფხაზეთში გზავნიდა ნოვოროსიისკში ბაზირებული მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის 400 ჯარისკაცს, რაც სამშვიდობო ოპერაციების შესახებ დსთ-ის შეთანხმების დარღვევა იყო. აფხაზეთში გაგზავნილი რუსული ძალები ეკუთვნოდა მე-7 დივიზიის 108-ე სადესანტო მოიერიშე პოლკს. ასევე, აფხაზეთში გაიგზავნა რუსული სპეცდანიშნულების ძალების ორი ასეული, ხოლო სხვა სპეცდანიშნულების ძალები გაუშვეს ცხინვალის რეგიონში.

31 მაისს, რუსეთმა აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირემდე მიმავალი სარკინიგზო ხაზის შესაკეთებლად, სარკინიგზო ჯარების ვოლგოგრადის 76-ე შენაერთის 400-კაციანი შემადგენლობა შეიყვანა. რკინიგზის შეკეთება 30 ივლისს დასრულდა. ეს პროექტი საქართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"მეტიც, ქართული მხარე მუდმივად გამოხატავდა შეშფოთებას რკინიგზის რეაბილიტაციის ფაქტის გამო და ეწინააღმდეგებოდა მას, ვინაიდან რკინიგზის რეაბილიტაციას მუდმივად უკავშირებდნენ რუსეთიდან სამხედრო აღჭურვილობის ოჩამჩირემდე ტრანსპორტირების, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჯარებისათვის "საჭიროების შემთხვევაში" გადაადგილების შესაძლებლობის გამარტივებას და, აფხაზეთის სამხედრო პოტენციალის ზრდას", — ვკითხულობთ ღია საზოგადოების ფონდის ანგარიშში.

უკვე მიმდინარე ომის დროს, მაშინდელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ რუსული სარკინიგზო ჯარების შესახებ განაცხადა:

"ახლა ჩვენ უკვე ვიცით სიმართლე იმის შესახებ, თუ რატომ იყვნენ იქ ეს ძალები. მათი მიზანი იყო რკინიგზის აღდგენა იმისთვის, რომ გაეგზავნათ ამუნიცია და სხვა სამხედრო ტვირთები რუსული შემოჭრის დასახმარებლად".

მაისში რუსეთის მხრიდან აფხაზეთში ცალმხრივად განთავსებულ დამატებით ჯარსა და მძიმე არტილერიის შეყვანის შესახებ ჩანაწერი ევროპარლამენტის 2008 წლის 5 ივლისის რეზოლუციაშიცაა.

ივნისის შუა რიცხვებში ცხინვალის რეგიონების სოფლების: კეხვის, ერგნეთის, თამარაშენისა და კოხათის მახლობლად აფეთქებები იყო. ცეცხლი გაიხსნა სოფლების სვერის, ფრისის, ზემო ფრისისა და ანძისის მიმართულებითაც.

ივლისში ცხინვალის რეგიონში ვითარება კიდევ უფრო იძაბებოდა. 2008 წლის 3 ივლისს განხორციელდა თავდასხმა ერედვი–ხეითის შემოვლით გზაზე. ეს იყო საქართველოს მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის წინააღმდეგ მიმართული აფეთქება — დაიჭრა რამდენიმე ქართველი პოლიციელი. ამაზე საუბარია ევროპის საბჭოს დაარსებულ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშში.

8 ივლისს ეუთოს სამუშაო ჯგუფის წევრები და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერი ედუარდ კოკოითი, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ვიზიტის დროს გვირაბში შევიდნენ. დაკავებული ოთხი ქართველი ჯარისკაცი იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ფოტო: AFP

8 ივლისს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა. საქართველოს საგარეო უწყებამ კი მათი ეს ქმედება "ღია აგრესიად" შეაფასა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2008 წელი.

ფოტო: Zurab Kurtsikidze/European Pressphoto Agency

აფეთქებები ივლისის შემდეგ პერიოდშიც ხდებოდა. Civil.ge წერდა, რომ 1990 წლების შემდეგ პირველად, სარაბუკის სიმაღლეებზე, ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოს ცეცხლი 120-მილიმეტრიანი კალიბრის საარტილერიო დანადგარიდან გაუხსნეს. ამაზე საუბარია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ჩვენებებშიც.

ომისთვის მზადების კიდევ ერთი დასტური — რა არის კავკასია-2008

რუსეთმა 15 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა კავკასია-2008 დაიწყო. წვრთნებში მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, სათაურით "მებრძოლო, იცნობდე შენს მტერს" — ბროშურა შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნას აპროტესტებდა.

ღია საზოგადოების ფონდი საკუთარ კვლევაში აღნიშნავს, რომ წვრთნებში 8 000-მა ჯარისკაცმა და 700-მა ერთეულმა ჯავშანტექნიკამ მიიღო მონაწილეობა. ძირითადად ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქიდან, მათ შორის სადესანტო ნაწილებმა, საჰაერო ძალების ნაწილებმა, ჰაერსაწინააღმდეგო ნაწილებმა, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ფლოტებმა, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა.

რადიო თავისუფლების ქართული ბიურო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ სწავლების ლეგენდა "მთიან რეგიონში ტერორისტების აღმოჩენა-განადგურებასა და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამაგრებას ითვალისწინებდა". ასევე, ვლადიკავკაზის მოტომსროლელთა პოლკს ვარჯიშებზე ბრძანება ჰქონდა მიცემული საქართველოსთან დამაკავშირებელი როკის გვირაბის მყისიერად ჩაკეტვაზე.

წვრთნები 2 აგვისტოს დასრულდა, თუმცა საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მათში მონაწილე სამხედრო ნაწილები დისლოკაციის ადგილებზე არ დაბრუნებულან.

"წვრთნის შემდეგ, ზოგი ქვედანაყოფი დაუბრუნდა თავის გარნიზონს, დანარჩენი კი, როგორც ჩანს, დარჩა და გაშლილი იყო სიფრთხილის მიზნით საქართველოს საზღვართან. აქედან გამომდინარე, მათ შეეძლოთ, სამხრეთ ოსეთისკენ სწრაფად გადაადგილება როკის გვირაბის გავლით, ბრძანების შემდეგ", — წერია ევროპის საბჭოს დაარსებულ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშში.

NYtimes-თან მიცემულ კომენტარში ექსპერტმა რუსეთის სამხედრო საკითხებში, დეილ ჰერსპრინგმა თქვა, რომ ეს წვრთნები იყო ზუსტად ის, რაც მათ საქართველოში რამდენიმე კვირის შემდეგ შეასრულეს.

"ეს ვარჯიში იყო სრული რეპეტიცია", — აღნიშნავდა ის.

2008 წლის 15 ივლისს საქართველოშიც დაიწყო ერთობლივი ქართულ-ამერიკული
სამხედრო წვრთნები დაუყოვნებელი პასუხი — 2008, რომელიც სამ კვირას გაგრძელდა. მასში 1 650 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა — 1 000 ამერიკელი, 620 ქართველი და 10-10 უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სომეხი ოფიცერი.

ღია საზოგადოების ფონდი განმარტავს, რომ ეს წვრთნები შემდეგში რუსული საინფორმაციო სამსახურებისა და რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ბრალდებებისა და სპეკულაციების მიზეზი გახდა.

როგორ აღასრულა რუსეთმა გეგმა: რა ხდებოდა აგვისტოს დასაწყისში

პირველი აგვისტო:

დილის 08:00 საათისთვის პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელსაც ქართველი პოლიციელები გადაჰყავდა, დისტანციური მართვით ამოქმედებულ ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა. ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა, ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა.

2 აგვისტო:

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურმა ვალერი ევტუხოვიჩმა თქვა, რომ მათი ძალები, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, დაეხმარონ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუს "სამშვიდობოებს".

სეპარატისტების ლიდერმა ედუარდ კოკოითმა კი ისაუბრა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაძლოა, ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ჩართულიყვნენ. ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა, თეიმურაზ მამსუროვმა, ედუარდ კოკოითს საქართველოს მხრიდან "აგრესიის მოგერიებაში" დახმარება აღუთქვა.

2 აგვისტოს სროლების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და 7 ქართველი დაიჭრა. როგორც ღია საზოგადოების ფონდი აღნიშნავს, ქართულ ნაციონალურ საინფორმაციო საშუალებებს არაფერი უთქვამთ ოსური მხარის დანაკარგების შესახებ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს გვიან ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა ცხინვალისა და ახლომდებარე ოსური სოფლების მიმართულებით.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციას ცხინვალიდან და დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებული სოფლებიდან, რომელიც 6 აგვისტომდე გაგრძელდა.

3 აგვისტო:

ქართული მხარის განცხადებით, ოსურმა ძალებმა ქართველ პოლიციელთა საგუშაგოს სოფელ დვანთან ცეცხლი გაუხსნეს. ცხინვალში კი ქართული მხარე სოფელ მუგუთის მიმართულებით სროლაში დაადანაშაულეს.

უკვე სამ აგვისტოს საქართველოს დაზვერვა აცხადებდა, რომ გვირაბის გავლით, ჯავის რაიონში, რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ელემენტები განალაგეს.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული შინაგან საქმეთა მინისტრი, მიხაილ მინძაევი ცხინვალის სამხრეთით მდებარე ქართული ქალაქების გორის, ქარელის და ერთ-ერთი საკურორტო ზონის დაბომბვით იმუქრებოდა.

4 აგვისტო:

ედუარდ კოკოითმა თქვა, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან 300 "მოხალისე" შემოვიდა და ელოდა მათი რაოდენობის 2 000-მდე გაზრდას.

3 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა და საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრეს. მოსკოვმა თბილისი "არაპროპორციული ძალის გამოყენებაში" დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყება ამბობდა, რომ 2 აგვისტოს შუაღამისას ცხინვალის საცხოვრებელი კვარტლების მასიურად დაცხრილეს.

რუსი კაზაკების ლიდერმა და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, სეპარატისტების ლიდერს, ედუარდ კოკოითს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დაადასტურა კაზაკების მზადყოფნა "პირველი მოწოდებისთანავე აღმოუჩინონ დახმარება სამხრეთ ოსეთს სახელმწიფო ინტერესების დაცვაში".

რონდელის ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ომის დასრულების შემდეგ, ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ "მოხალისეთა" მობილიზება ხორციელდებოდა ოფიციალურად, ჩრდილოეთ კავკასიაში რეგიონული და რაიონული სამხედრო კომისარიატების მეშვეობით და მათი უმრავლესობა მიამაგრეს რუსული რეგულარული ჯარის მე-19 დივიზიას.

5 აგვისტო:

ქართველი ჯარისკაცები პოზიციებს იკავებენ სოფელ ერგნეთის მახლობლად. 5 აგვისტო

სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებული ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს მიმართულებით 01:30 საათიდან 06:30 საათამდე სროლები იყო — ორი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში "მოხალისეთა" პირველი ჯგუფები უკვე ჩავიდნენ.

საქართველოს დაზვერვის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთში რუსეთის 33-ე მოტომსროლელი ბრიგადის ელემენტები განალაგეს, ხოლო როკის გვირაბთან, რუსეთის მხარეს 135-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკები იდგნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოვიდა მოწოდებით, საქართველომ და რუსეთმა ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე როკის გვირაბის ერთობლივი მონიტორინგი განახორციელონ.

6 აგვისტო:

2008 წელს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო 6 აგვისტოს რეგიონის საზღვართან ხვდება სამხრეთ ოსეთში ქართული სამშვიდობო ძალების მეთაურს.

ცხინვალი და რუსი "სამშვიდობოები" ინტენსიური სროლების შესახებ იტყობინებიან, ქართული მხარე განმარტავდა, რომ ცეცხლი პირველად მოწინააღმდეგემ გახსნა ქართული სოფლების ავნევის, ნულის და დვანის მიმართულებით. ცეცხლი სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოსაც გაუხსნეს, რის შედეგადაც, სამი სამშვიდობო დაიჭრა.

2008 წლის 6 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. თუმცა, ამ დღეს სროლებს დევნილებიც ადასტურებენ. ღია საზოგადოების ფონდთან ერთ-ერთი დევნილი იხსენებს, ადგილზე ვითარება იმდენად რთული იყო, რომ ქალებისა და ბავშვების უმეტესობამ სოფელი დატოვა.

2008 წლის 5 აგვისტოს ღამით დაიწყო ხეობაში სროლები. იმ ღამით ტყვიები სოფელ ვანათის მხარესაც მოდიოდა, მაგრამ ძირითადი თავდასხმა იყო სოფელ ერედვზე. ექვსში საარტილერიო დანადგარებიდან ისროდნენ ოსური სოფელ დმენისიდან, სადაც დიდძალი სამხედრო ტექნიკა იყო შეტანილი, ასევე ოსურ სოფელ სარაბუკიდან და ოსური სოფელ ორტევიდან. სახლს მოხვდა ჭურვი და მთლიანად დაიშალა.

დევნილი რა­მაზ ცი­ცი­ლოშ­ვი­ლი

რონდელის ფონდი რუსული მედიის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 6 აგვისტოს დიდი რაოდენობის რუსული სამხედრო ძალები მოძრაობდნენ როკის გვირაბის მიმართულებით. საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა სავსე იყო მძიმე ტექნიკისა და სატვირთო მანქანებისგან შემდგარი სამხედრო კოლონებით.

10-11 აგვისტოსთვის, მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ ვაშაძის, ვიზიტი იგეგმება. მხარეები კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარების განხილვას გეგმავენ.

და ბოლოს, როგორ დაიწყო აგვისტოს ომი

7 აგვისტოს ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. რონდელის ფონდის ანგარიშში ავტორი ამ დღის სამხედრო მოვლენებს ორ კატეგორიად ყოფს:

  1. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საცეცხლე შეტაკებების დამატებითი ესკალაცია
  2. რუსული ჯარის საქართველოში დადასტურებული შემოჭრა და საპასუხო ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყება.

არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც 7 აგვისტოს როკის გვირაბში რუსი სამხედროებისა და ტექნიკის გადაადგილებას ადასტურებს. ქართული მხარეს ერთ-ერთ მაგალითად ოსი სამხედროების სატელეფონო საუბრები მოჰყავს.

ოსი სამხედრო სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ კოლონას, რომელმაც როკის გვირაბი გამოიარა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, რუსი პოლკოვნიკი გვარად კაზაჩენკო მეთაურობდა. ცნობილია, რომ პოლკოვნიკი ანდრეი კაზაჩენკო ომის დროს მე-19 დივიზიის 693-ე მოტომსროლელთა პოლკს მეთაურობდა, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას რუსულ შეტევით ოპერაციაში და იბრძოდა ქართული ჯარის წინააღმდეგ.

NYtimes-ის მასალაში არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც საქართველოს ოფიციალურ პირებს ესაუბრებოდა, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსეთის სამხედროებმა და ტექნიკამ როკის გვირაბი გამოიარა.

როგორც Civil.ge წერს, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგო, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საზღვრის მახლობლად განთავსებულმა რუსმა სამხედროებმა მიიღეს ბრძანება, საზღვრისკენ დაძვრისთვის მოემზადონ. მათივე თქმით, 14:30 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მყოფ სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონისკენ ემოძრავათ.

18:40 საათზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, თბილისმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. უკვე 19:10 საათზე მიხეილ სააკაშვილმა მხარეებს ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა და რუსეთს დათმობები შესთავაზა.

მოგვიანებით რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა, იური პოპოვმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება მეორე დღეს, 13:00 საათზე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. თუმცა შეთანხმების მიღწევის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა — 20:30 საათზე სოფელ ავნევს, შემდეგ კი სოფელ ფრისს ცეცხლი გაუხსნეს.

ბრაიზას ამბობდა, 7 აგვისტოს ღამით ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკა ტყეშელაშვილს.

"ის ადამიანურ დონეზე იყო სრულად დარწმუნებული, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა", — ამბობდა ბრაიზა.

მინისტრმა მას ასევე უთხრა, რომ ამ პირობებში უნდა დაეცვათ საკუთარი სოფლები.

საქართველოს ხელმძღვანელობა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დარწმუნებული იყო, რომ რუსულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოჭრა დაიწყეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე გამოაცხადა სოფელ პრისის დაბომბვის შესახებ, ხოლო რუსი "სამშვიდობოების" მეთაურმა, გენერალმა მარატ კულახმეტოვმა თქვა, რომ ცხინვალს ესროდნენ.

23:35 საათზე მიხეილ სააკაშვილმა გენშტაბის უფროსს, ზაზა გოგავას მისცა 3 ბრძანება:

  1. დაეცვათ სამოქალაქო პირები ცხინვალის რეგიონში;
  2. მოეხდინათ იმ წერტილების ნეიტრალიზება, საიდანაც ხდებოდა
    სამოქალაქო პირებზე, საქართველოს სამშვიდობო ძალებზე და პოლიციაზე შეტევა;
  3. შეეჩერებინათ რუსეთის რეგულარული ჯარის გადაადგილება როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს სამთავრობო ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია, რათა შეესრულებინათ პრეზიდენტის ბრძანება.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი განმარტავს, რომ თბილისმა სამხედრო ოპერაცია მხოლოდ მას მერე დაიწყო, რაც 7 აგვისტოს განმავლობაში არაერთხელ მიიღო ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული ჯარის შესახებ.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 8 აგვისტოს, გამთენიისას საბრძოლო ოპერაციებს იწყებენ. როგორც Civil.ge წერს, 02:37 საათზე გრიგორი კარასინმა გრიგოლ ვაშაძეს დაურეკა და უთხრა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ახლა იწყებდნენ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციას. გამთენიის 5 საათის შემდეგ, რუს სამხედროებს უკვე გავლილი ჰქონდათ ქალაქი ჯავა.

კიდევ რა წყაროებით დასტურდება, რომ შვიდ აგვისტოს რუსული არმია საქართველოში იყო

რუსული მედია:

2008 წლის 3 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა გაზეთმა "კრასნაია ზვეზდამ" გამოაქვეყნა სტატია, სადაც 135-ე პოლკის კაპიტანმა დენის სიდრისტიმ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს მისმა დანაყოფმა მიიღო ბრძანება გადასულიყო ცხინვალში. მოგვიანებით სტატიაში თარიღი 8 აგვისტოთი შეიცვალა, შემდეგ კი საერთოდ წაიშალა.

ერთ-ერთ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 52-ე არმიის რუსმა სამხედრომ 10 აგვისტოს დაურეკა დედას და უთხრა, რომ 7 აგვისტოდან სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა. პერმის მხრიდან სხვა სამხედროების დედები საუბრობდნენ იმასაც, რომ მათი შვილების ტელეფონები 7 აგვისტოს შემდეგ გაითიშა. შვიდი აგვისტოდან ზარებს აღარ პასუხობდა, არც მორდოვიის რეგიონის ერთ-ერთი მცხოვრები, 58-ე არმიის სამხედრო.

რუსეთის მთავრობის ოფიციალური გაზეთი როსიისკაია გაზეტა 2008 წლის აგვისტოში ქართველებთან ბრძოლაში დაღუპული მაიორის, დენის ვეტჩინოვის ბრინჯაოს ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე წერდა. აქ აღნიშნული იყო, რომ ის სამხედრო დავალებთ ცხინვალში 7 აგვისტოს დილით წავიდა.

სასამართლო გამოძიება:

იძებნება ინფორმაცია კიდევ ერთი რუსი სამხედროს შესახებ რომელიც ასევე 7-ში დაიღუპა — ადამიანის უფლებათა დამცველმა რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, გამოაქვეყნა პრესრელიზი ვლადიმირ სელიპეტოვის საქმის შესახებ. ის 693-ე პოლკის მე-3 მოტომსროლელთა ბატალიონში მსახურობდა (ამავე პოლკის მეთაურს პოლკოვნიკ კაზაჩენკოს ახსენებს ოსი მესაზღვრე საქართველოს დაზვერვის მიერ მოპოვებულ საუბარში). ფონდის განცხადებით, სელიპეტოვი 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა.

"სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვლადიმირ სელიპეტოვი გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯავის რაიონის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის სამხრეთული პორტალის შესასვლელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 155 მეტრში".

აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერი სერგეი ბაღაფში:

ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ მან 2008 წლის 7 აგვისტოს ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა.

"მე ვესაუბრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს. ახლა [ვითარება] მეტნაკლებად დასტაბილურდა. იქ შევიდა ჩრდილოეთ კავკასიის ოკრუგის ბატალიონი".

კიბერშეტევა საქართველოზე:

2008 წელის 7 აგვისტოდან საქართველო რუსეთის მხრიდან არამხოლოდ ფიზიკური, არამედ კიბერაგრესიის მსხვერპლიც გახდა. კოორდინირებულად შეუტიეს სახელმწიფო სტრუქტურების, მედიებისა და სატრანსპორტო კომპანიების ვებგვერდებს. კიბერშეტევებმა დრო მოაგებინა რუსეთს იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია გაურთულა და ერთი პრობლემიდან მეორეზე გადაატანინა ყურადღება.

ევროპის საბჭოს დაარსებულ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისია გამოყოფს რამდენიმე, ყველაზე საყურადღებო მოვლენას კიბერშეტევის თვალსაზრისით, რომელთა შორისაც 7 აგვისტოცაა, რა დროსაც რამდენიმე ქართული სერვერი და ინტერნეტ-ტრაფიკი დაკავებული და გარე კონტროლს დაქვემდებარებული იყო.

საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები 7 აგვისტოს:

ევროკავშირი, აშშ, ეუთო, მეგობარი ქვეყნების საელჩოები და საგარეო საქმეთა უწყებები, სენატორები თუ ევროპარლამენტარები, ასევე, ყოფილი თანამდებობის პირები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს სწორედ 7 აგვისტოს ავრცელებენ.

პუტინი და მედვედევი — ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები 7-8 აგვისტოს მათ კომუნიკაციაზე

ფოტო: GRIGORY SYSOYEV/TASS

როგორც იცით, მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს 2008 წლის 7 მაისიდან 2012 წლის 7 მაისამდე იკავებდა. მანამდეც და მის შემდეგაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო. თუმცა არც მედვედევის პრეზიდენტობისას ყოფილა ის სადმე შორს და პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ლევადა ცენტრის მიერ 2008 წლის ივლისის გამოკითხვის მიხედვით, რუსების მხოლოდ 8%-ს სჯეროდა, რომ ქვეყანას ხელმძღვანელობდა მედვედევი. გამოკითხულთა 36% ამბობდა, რომ რეალურად ქვეყანაში ძალაუფლება ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.

აგვისტოს ომის დროს იყო თუ არა მათ შორის აქტიური კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა და აინტერესებს. პირდაპირ გეტყვით, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, რადგან თვითონაც არ ჩამოყალიბებულან.

BBC-ს რუსულმა ბიურომ 2018 წელს ერთად შეკრიბა მედვედევისა და პუტინის კომენტარები 7-8 აგვისტოს მათი კომუნიკაციის შესახებ — რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს პუტინი პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა. მედვედევი ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ დაურეკა პუტინს. თუმცა პუტინმა თქვა, რომ იქიდან დარეკა ორჯერ 7 და 8 აგვისტოს. პუტინის ამ განცხადების შემდეგაც კი მედვედევმა იმავეს მტკიცება განაგრძო.

რა დანაკარგი განიცადა საქართველომ რუსეთის აგრესიის შედეგად

საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ომი მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა, თუმცა ქვეყანამ დიდი დანაკარგები განიცადა.

აგვისტოს ომი

აგვისტოს ომი

ფოტო: Leli Blagonravova

ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის, 1 045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.

ფოტო: Reuters / Gleb Garanich

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას. ომის შემდეგ რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული 2 რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და დღემდე ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და არ არის დაცული მათი ფუნდამენტური უფლებები.

საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.

გარდა ამისა, რუსეთი დღემდე აწარმოეობს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ — კიბერშეტევით, პროპაგანდითა და სხვა ხერხებით საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, როდის და ვინ დაიწყო ომი.