რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ცხოვრება ჯოზეფმა, მაიტრიმ, მარიამმა და კანჯიმ
რა აქცევს საქართველოს მიგრანტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად — ამის გასარკვევად ჩვენთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზნით ჩამოსულ რესპონდენტებს ვესაუბრეთ. ვკითხეთ, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს საქართველო და რამდენად ტოლერანტული გარემო დახვდათ უსაფრთხო ცხოვრებისა და განვითარებისთვის.
ზოგადად, საქართველო ემიგრაციის ქვეყანა უფროა, ვიდრე იმიგრაციის. მხოლოდ გასულ, 2021 წელს ემიგრაციაში 80 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა. 2020 წლის მონაცემებით კი, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 861 077 ადამიანს — მოსახლეობის დაახლოებით, 22% შეადგენდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო წლებში იმიგრაციაციაც მზარდია. 2019 წლის მონაცემებით, 52,000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობდა მოქმედ ბინადრობის მოწმობას. რატომ? — შრომით მიგრაციასთან ერთად, ქვეყნის მიმართ მიგრანტების მიზიდულობის ცენტრი, ხშირ შემთხვევაში, განათლების სექტორია. სტატიის რესპონდენტებიდან ორი სწორედ განათლებამ ჩამოიყვანა.
"2012 წელი იყო, საქართველოში სასწავლებლად რომ ჩამოვედი, მაგრამ საქართველომ ისე შემაყვარა თავი, დარჩენა გადავწყვიტე" — ჯოზეფი, ნიგერია
ჯოზეფი, აქ ჩამოსვლამდე, ნიგერიაში, ერთ-ერთ საგამომცემლო კომპანიაში მუშაობდა და სწავლობდა — ელექტროინჟინერიას ეუფლებოდა. თუმცა, 2012 წელს საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის პოლიტიკის შესწავლის სურვილმა ჩამოიყვანა.
ჩვენი კანონმდებლობით, სასწავლო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა, 6 წლამდე ვადით.
ჯოზეფს ვკითხე, მისი გამოცდილებით, ახლა უფრო ტოლერანტულია საქართველოში გარემო, თუ 2012 წელს, როდესაც აქ ჩამოვიდა.
"ვფიქრობ, ხალხი ეჩვევა იმიგრანტებსა და სტუმრებს. მე მჯერა, რომ ახლა უფრო ტოლერანტულია გარემო, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩამოვედი", — მპასუხობს ჯოზეფი და დისკრიმინაციის შემთხვევებზეც მესაუბრება, რომელიც სამწუხაროდ, რამდენჯერმე გამოსცადა. ამბობს, რომ ასეთი შემთხვევებისას, სიტუაციის განმუხტვის უნარები ეხმარება.
"მედიცინის შესწავლა მინდოდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ საქართველო იყო საუკეთესო არჩევანი", — მაიტრი, ინდოეთი
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სწავლისა და განვითარების მაძიებელ იმიგრანტთა წარმომავლობის ძირითადი ქვეყნები ნიგერია, ირანი, ერაყი, აზერბაიჯანი და ინდოეთია.
მნიშვნელოვანია, რა რეპუტაცია აქვს ამ ქვეყნებში საქართველოს ტოლერანტობისა და უსაფრთხო გარემოს კუთხით. ინდოელი მაიტრის მაგალითის მიხედვით — საკმაოდ კარგი. აქ ჩამოსვლა მას ნათესავმა ურჩია.
ჯოზეფისგან განსხვავებით, მაიტრი საქართველოს დატოვებას აპირებს. სწავლა უკვე დაასრულა და ახლა დიპლომის მიღებამდე, 1-წლიან პრაქტიკას გადის კლინიკაში. თუმცა მითხრა, რომ აქ გატარებულმა წლებმა არამხოლოდ პროფესიულად, არამედ, პიროვნულადაც ძალიან გაზარდა.
"მალე დავამთავრებ და წასვლას ვაპირებ, რომ ინდოეთში გავაგრძელო ჩემი კარიერა. საქართველოში 6 წლის გატარების შემდეგ, გავიზარდე პიროვნულადაც. ჩამოვედი, როგორც მოზარდი და დავბრუნდები — ზრდასრული. აქ მე მქონდა სივრცე დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლება ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის. თავს წარმოუდგენლად დაცულად ვგრძნობ."
"ქართველებმა გადამატანინეს ჩემი მძიმე პერიოდი და თავი სახლში მაგრძნობინეს", — მარიამი, ირანი
მარიამ შარიფი დღეს ქალთა უფლებათა აქტივისტია ირანიდან. თუმცა, საქართველოში ჩამოსვლამდე მას, ისევე, როგორც ყველა ირანელ ქალს, იმ წესებით უწევდა ცხოვრება, რომელსაც მის ქვეყანაში თეოკრატიული დოგმები ადგენს.
ასე რომ, მისი ჩამოსვლის მოტივაცია, სტატიის სხვა რესპონდენტებისგან ძალიან განსხვავებულია. მძიმე პერიოდი კი, რომელზეც საუბრობს, მამაც და სარისკო გადაწყვეტილებას მოჰყვა — მოეხსნა ჰიჯაბი. ოჯახის მხარდაჭერის მიუხედავად, გარემო და მკაცრი წესები შეუწყნარებელი იყო მარიამის სურვილებისა და გამოხატვის ისეთი ფორმების მიმართაც კი, როგორიცაა ჩაცმის სტილი, თუ უბრალოდ, საჯარო სივრცეში სიცილი. ირანის დატოვებამდე 2 თვით ადრე, მას ქუჩაში გამვლელი კაცი ფიზიკურად დაესხა თავს, რადგან ჰიჯაბი არ ეკეთა.
ასე აღმოჩნდა მარიამი ჩვენს ქვეყანაში, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, კეთილგანწყობილი გარემო აქვს. ახლა სხვების უფლებებისთვის იბრძვის — როგორც ქალთა უფლებათა აქტივისტი და სოცმუშაკი.
"საქართველოში, ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ შემეძლო ამომესუნთქა და დამეგეგმა მომავალი. ვეხმარები იმიგრანტებს, ვაცნობ უფლებებს ვეხმარებით საკვებით, მედიკამენტებითა თუ სხვა საჭიროებებით, რომელსაც რომელსაც მათთვის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს".
მეტწილად ტოლერანტული გარემოს მიუხედავად, მიგრანტები საქართველოში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას აწყდებიან. მარიამის შემთხვევაში ეს არაკეთილგანწყობილ რეპლიკებში გამოიხატება იმის გამო, რომ “საქართველოში, სადაც ბევრი უმუშევარია, მას, როგორც ირანელ ლტოლვილს, კარგი სამსახური აქვს”.
"მსმენია, საკუთარ ქვეყანაში არაფერი აქვთ და უნდათ, ჩვენ წაგვართვან ყველაფერიო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ირანელები ქვეყანას მეტი თავისუფლებისთვის ტოვებენ. სხვა ყველაფერი გვაქვს ირანში, სრული თავისუფლების გარდა."
"ქართული ღვინის შესასწავლად ჩამოვედი, მაგრამ ბუნების, ტრადიციებისა და ადამიანების აღმოჩენის შემდეგ, დარჩენა გადავწყვიტე", — კანჯი, იაპონია
კანჯის On.ge—ს მკითხველი უკვე იცნობს. 3 წლის წინ, საფრანგეთში ღვინის ტექნოლოგიის შესასწავლად ჩავიდა, იქ ქართული ღვინო აღმოაჩინა და აქ გადმოსვლა გადაწყვიტა. მერე მიხვდა, რომ ქართული ენის შესწავლის გარეშე, საქმიანი ურთიერთობები რთული იქნებოდა, ამიტომ, ჯერ ენა ისწავლა, ახლა კი, როდესაც მისი სოციალური და საქმიანი გარემო დედაქალაქს გასცდა და სენაკში გადავიდა, მეგრულსაც სწავლობს.
ენასთან ერთად, ქართულ სამეურნეო და კულინარიულ პოტენციალსაც სწავლობს — იაპონური და მეგრული კულტურების სინთეზში ბევრ შესაძლებლობას ხედავს.
"პირველ რიგში, მეგრული კულტურისა და სამეგრელოს პოპულარიზაცია მინდა. მდიდარია ეს კუთხე ბუნებრივი რესურსებით, თავისებური ტრადიციებით. ტურიზმისთვის ეს ძალიან საინტერესოა. მაინტერესებს, ქართული ღვინისა და იაპონური კერძების შერწყმა. მგონია, მარკეტინგულადაც საინტერესო იქნება. არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯაპონა ჰაუსთან" ერთად, რეგიონის განვითარებისთვის, ბევრი სხვა გეგმაც გვაქვს", — მეუბნება კანჯი და განმარტავს, რომ "ჯაპონა" მეგრულად თუთის ხეების ტყეს ნიშნავს, რაც ძალიან ჰგავს იაპონიის ინგლისურენოვან შესატყვისს — "Japan".
რამდენად რთულია ქვეყნიდან წასვლა და უცხო გარემოში ახალ, სოციალურ და ეკონომიკურ რელსებზე გადასვლა, ეს საქართველოში კარგად გვესმის. ამისთვის ქართველი ემიგრანტების ათასობით მაგალითი გვაქვს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ ერთმანეთისგან რასობრივად, კულტურულად, თუ ეთნიკურად განსხვავებულ ადამიანებს საერთო, განმასხვავებლებზე მეტი გვაქვს.
ეს რომ უფრო მკაფიოდ დავინახოთ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოში 5-კვირიანი კამპანია წამოიწყო ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას — #ჩვენშისაერთომეტია. მიზანი ქსენოფობიასთან ბრძოლა, მიგრანტების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დადებითი განწყობის შექმნაა.
კამპანიის მიზანია, საზოგადოება ქსენოფობიის წინააღმდეგ დისკუსიაში ჩართოს, ხელი შეუწყოს სტერეოტიპების დანგრევას და წარმოაჩინოს, რამდენად მნიშვნელოვანია მიგრანტების როლი საქართველოს განვითარებაში. წარმატებული ინტეგრაცია არის დინამიური და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს მიგრანტებისა და მასპინძელი საზოგადოების ურთიერთადაპტაციას ფუნდამენტური უფლებების დაცვის, პატივისცემის, ტოლერანტობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
კამპანიის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საზოგადოებას აცნობს მიგრანტების ისტორიებს, ანახებს მათ როლს საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაში, მათ ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში და სხვა. ამ საინტერესო რესპონდენტების აღმოჩენაც ამ კამპანიის ფარგლებში შევძელი.
კომენტარები