ვენერა დედამიწას უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა

ფოტო: nikon
ვენერას ახალი კვლევის თანახმად, ეს არასტუმართმოყვარე სამყარო დედამიწას იმაზე უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ათწლეულების წინ შეგროვებული საარქივო მონაცემების ახალი ანალიზის მიხედვით, ვენერაზე ტექტონიკური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც პლანეტის ზედაპირის დეფორმაციას ახდენს. ეს თუ ასეა, მაშინ ვენერას ზედაპირზე არსებული დიდი, მრგვალი სტრუქტურები, რომლებიც კორონებადაა (გვირგვინები) ცნობილი, შესაძლოა იყოს გასაღები, რომელიც პლანეტის შიდა პროცესების გაგებაში დაგვეხმარება.
"დღეს დედამიწაზე მსგავსი ფორმები არ გვხვდება, თუმცა, შესაძლოა, ისინი არსებობდა მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტა ახალგაზრდა იყო", — ამბობს პლანეტარული მეცნიერი გაელ კასჩოლი მერილენდის უნივერსიტეტიდან.
მკვლევრების თქმით, გრავიტაციისა და ტოპოგრაფიული მონაცემების გაერთიანებით, ამ კვლევამ ვენერას ზედაპირის მიწისქვეშა პროცესების შესახებ ახალი და საინტერესო წარმოდგენა შეგვიქმნა.

ვენერას გვირგვინების სურათები: საათის ისრის მიმართულებით, ზემოდან მარცხნივ: არტემისი, კეცალპეტლატლი, ბაჰეტი და ფოტლა.
ფოტო: NASA/JPL-Caltech
ვენერას, დედამიწისგან განსხვავებით, ტექტონიკური ფილები არ აქვს. ჩვენს პლანეტაზე, ქერქი დაყოფილია ფრაგმენტულ ფილებად. ეს წარმოქმნის აქტიურ გეოლოგიასა და ზედაპირულ მახასიათებლებს.
მეორე მხრივ, ტექტონიკური ფილების გარეშეც კი, ვენერას ზედაპირი სავსეა შინაგანი აქტივობებით, რომლებიც ქვემოდან ზემოთ იწევს და დეფორმაციებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელია გვირგვინები. ისინი გარკვეულწილად კრატერების მსგავსია, რომლებიც შედგება ამაღლებული რგოლისგან, რაც გარს აკრავს ჩაძირულ შუა ნაწილს. მათი დიამეტრი შეიძლება ასობით კილომეტრიც იყოს.
თავდაპირველად, მეცნიერებს ეს სტრუქტურები კრატერები ეგონათ, თუმცა უფრო დეტალური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი ვულკანური ბუნებისაა. ვარაუდობენ, რომ ეს პლანეტის შიგნიდან ამომავალი ცხელი გამდნარი მასალიდან მომდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ვენერას ტექტონიკური ფილები არ აქვს, ტექტონიკური აქტივობა, სავარაუდოდ, მანტიასა და ლითოსფეროს შორის ურთიერთქმედების სახით არსებობს. მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ეს ურთიერთქმედებები გვირგვინების ქვეშ მიმდინარეობდეს.
მკვლევრებმა შეიმუშავეს მოდელები, რათა აღეწერათ გვირგვინების წარმოქმნის სხვადასხვა სცენარები. ამის შემდეგ, მოდელები NASA-ს მაგელანის ზონდის მიერ შეგროვებულ გრავიტაციულ და ტოპოგრაფიულ დაკვირვებებს შეადარეს.
ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 52 გვირგვინი ფარავს გამდნარი მასალის ცხელ, მოლივლივე ღრუბლებს, რომლებიც ნაკლებად მკვრივია, ვიდრე მიმდებარე მასალა. სავარაუდოდ სწორედ ეს განაპირობებს ტექტონიკურ პროცესებს.
დედამიწაზე ორი პროცესია, რომელიც შესაძლოა ვენერაზე, კორონების ქვემოთაც მიმდინარეობდეს. პირველი ეს სუბდუქციაა. დედამიწაზე ეს მაშინ ხდება, როცა ერთი ტექტონიკური ფირფიტის კიდე მეორე, მეზობელი ფირფიტის ქვემოთაა.

ვენერას გვირგვინების ქვეშ მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ტექტონიკური აქტივობის ილუსტრაციები.
ფოტო: Anna Gülcher, CC BY-NC.
მეორე პროცესი ლითოსფერული დინებაა — როდესაც ლითოსფეროს, ანუ ქერქის ქვედა ნაწილი, ქვემოდან თბება, ის ნელ-ნელა დნობას იწყებს და წვეთოვან მასად ყალიბდება. ეს წვეთები მაინც უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე ქვემოთ არსებული გამდნარი მასა, რის გამოც საბოლოოდ ისინი პლანეტის შიდა ნაწილში ეშვება.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ. მათი თქმით, შესაძლოა, ვენერაზე კიდევ უფრო საინტერესო პროცესებიც მიმდინარეობდეს.
კვლევა ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები