ისტორია სავსეა მძიმე პერიოდებით. თუ მსოფლიო ისტორიის წიგნის ნებისმიერ თავს გადავხედავთ მივხვდებით, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა ძალიან იშვიათი და ყოველთვის თითქმის მიუღწეველი იყო. რა თქმა უნდა არსებობდა პერიოდები, როცა ადამიანებმა ბედნიერება და სიმდიდრე გამოცადეს, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი მომენტები ძალადობის მასშტაბური აფეთქებით ან რაიმე კატაკლიზმით მთავრდებოდა.

საინტერესოა, რომელი იყო ყველაზე უარესი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში? ბევრი მეცნიერის თქმით, ყველა ისტორიულ უბედურებას შორის, ერთი პერიოდი განსაკუთრებით გამოირჩეოდა უბედურებებით — ჩვენი წელთაღრიცხვით 536 წელი.

ეს დრო ისტორიულად მძიმე იყო. სისხლიანი ომების და მომაკვდინებელი დაავადებების გარდა, ასევე ამოიფრქვა ვულკანი, რომელმაც ცაში ფერფლი და მტვერი გაფანტა, მზე კი ნაცრისფერი ნისლით დაიფარა.

ფოტო: IG Digital Arts/Shutterstock.com

არავინ იცის ზუსტად, რომელი ვულკანი იყო ამის მიზეზი. დიდი ხნის განმავლობაში ელ-სალვადორში მდებარე ვულკანი ილოპანგო ითვლებოდა მთავარ ეჭვმიტანილად, მაგრამ 2018 წლის კვლევამ სხვა ჰიპოთეზა წამოაყენა. ამ კვლევის მიხედვით ვულკანი ისლანდიაში ამოიფრქვა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ე.წ. "ვულკანური ზამთარი" შესაძლოა რამდენიმე თანმიმდევრული ამოფრქვევით იყოს გამოწვეული, რომლებიც 536-540 წლებში მოხდა.

"ხალხი სრულიად ბუნებრივადაა შეშფოთებული ცაში უჩვეულო ნიშნების გამო და შიშით კითხულობენ, რას უნდა ნიშნავდეს ეს. მზემ, რომელიც პირველი ვარსკვლავია, თითქოს თავისი სინათლე დაკარგა და მოყვითალო-მომწვანო ფერი აქვს", — წერდა რომაელი პოლიტიკოსი კასიოდოროსი 538 წელს.

მაშინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპიც ასევე აღნიშნავდა მზის ბურუსით დაბნელებაზე, რამაც "შიშისა და ფიქრის საგნად აქცია ცა".

ამ მოვლენის მრავალი ფიზიკური და მეცნიერული მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, დანიაში მოჭრილი ხეების რგოლებზე ჩანს, რომ ისინი VI საუკუნის შუა პერიოდში თითქმის არ გაზრდილა, რაც მიუთითებს იმ კლიმატურ ცვლილებებზე, რომლებიც 536 წელს მოხდა. გრენლანდიიდან და ანტარქტიდიდან აღებულ ყინულის ნიმუშებში კი ჩანს, რომ იმ დროს ატმოსფერო სავსე იყო მჟავური მტვრით, რაც მზის შუქს ბლოკავდა.

ფოტო: ancient-origins.net

მზის "ჩაქრობასთან" ერთად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და სოფლის მეურნეობა თითქმის განადგურდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ამოფრქვევამ და მისმა შედეგებმა განაპირობა ე.წ. "გვიანანტიკური მცირე გამყინვარების ეპოქა", რომელიც 536 წელს დაიწყო და მომდევნო წლების დამატებითმა ვულკანურმა აქტივობებმა კიდევ უფრო გააღრმავა.

იმ პერიოდის ზაფხულში გლობალურად ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცა. ჩინეთში ზაფხულში თოვლი მოდიოდა, სამხრეთ ამერიკაში გვალვები მძვინვარებდა, ხოლო შუა აღმოსავლეთში ცის ბუნდოვანი ბურუსი ადამიანებს აშფოთებდა.

ამ ყველაფერმა შიმშილსა და უბედურებას უმალვე დაუდო სათავე. ირლანდიური მემატიანე 536 წელს აღწერს, როგორც "პურის უკმარისობის წელს", ხოლო ეგვიპტეში, რომაულ პორტ პელუზიუმში, შავი ჭირი დაიწყო და სწრაფადვე გავრცელდა.

ეს თითქმის 1 500 წლის წინ მოხდა, ამიტომ არ გვაქვს საშუალება, რომ მსოფლიო მასშტაბით მასალები შეგვეგროვებინა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ბევრი წერილობითი წყარო არ მოიპოვება. მაგრამ, ისტორიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ 536 წელი გარკვეული რეგიონებისთვის წარმოადგენს განსაკუთრებით ბნელ და რთულ პერიოდს კაცობრიობის ისტორიაში.

"ევროპასა და აზიის ზოგიერთ ნაწილში 536 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, თუ არა ყველაზე საშინელი პერიოდი საცხოვრებლად", – განუცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა მაიკლ მაკკორმიკმა ჟურნალ Science-ს 2018 წელს.

მცირე გამყინვარების დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, ხმელთაშუაზღვისპირეთში დაიწყო იუსტინიანეს ჭირის პანდემია. კონსტანტინოპოლი — აღმოსავლეთ რომის იმპერიის გული განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა და მომდევნო ათწლეულებში მილიონობით ადამიანი შეეწირა ინფექციას. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის საბოლოო დაცემას ბევრი ფაქტორი განაპირობებდა, ზოგი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ კლიმატური კატასტროფისა და ეპიდემიის კომბინაციამ დიდი როლი ითამაშა იმპერიის დაღმასვლაში.

ფოტო: Bettman / Getty Images

ამ მოვლენებმა გავლენა მხოლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთზე არ მოახდინა. ცენტრალურ აზიაში, როცა კლიმატი უფრო ცივი და მშრალი გახდა, მომთაბარე ტომებს საძოვრები გაუნადგურდათ და იძულებულნი გახდნენ, ჩინეთისკენ გადაენაცვლათ. მათსა და ადგილობრივ მმართველობებს შორის შეტაკებები დაიწყო. გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით აღმოსავლეთ რომის იმპერიას დაუკავშირდა და ერთად ჩამოაგდეს სასანიდთა იმპერია სპარსეთში.

ზემოთ მოყვანილი პასუხი შედარებით ევროპაცენტრულია, ამ კითხვაზე პასუხი კი შეიძლება უფრო იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ სად ვცხოვრობთ. 536 წლის "ვულკანური ზამთარი" სხვა რეგიონებისთვის შესაძლოა სასიკეთოც კი აღმოჩნდა. როცა აღმოსავლეთ რომის და სასანიდთა იმპერიები კრიზისში აღმოჩნდნენ, არაბეთის ნახევარკუნძულზე ნალექებმა იმატა.

დასავლური იმპერიების შესუსტების ფონზე, ახლა ოდნავ უკეთეს სიტუაციაში მყოფ არაბეთის ნახევარკუნძულს ახალი ძალის აღზევებისთვის იდეალური პირობები შეექმნა და ეს ძალა მართლაც გამოჩნდა. მეშვიდე საუკუნეში არაბთა იმპერია მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ცივილიზაცია გახდა ისტორიაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.