ისტორიაში პირველად, NASA-ს მავალმა მარსის ცაზე მწვანე ციალი დააფიქსირა — ნახეთ

ფოტო: Alex McDougal-Page
დედამიწაზე პოლარული ნათება გასაოცარ სანახაობას ქმნის, მაგრამ იცოდით, რომ ეს მარსზეც ხდება?
Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში მეცნიერები სწორედ ამ ფენომენის შესახებ გვიყვებიან, რომელიც NASA-ს მარსმავალმა ხილულ სპექტრში პირველად დააფიქსირა. ეს 2024 წლის 18 მარტს მოხდა, როცა Perseverance წითელი პლანეტის ცას აკვირდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოვლენა აქამდე არც მისი და არც რომელიმე სხვა ციური სხეულის (დედამიწის გარდა) ზედაპირიდან ყოფილა აღბეჭდილი.
მარსზე მწვანე ნათების არსებობა ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ის იქ გაშვებულმა ასტრონავტებმაც დაინახონ. მკვლევრები ამბობენ, რომ ადამიანის თვალისთვის ეს მკრთალ მომწვანო ელვარებად აღიქმება.
ასეთი ნათება მაშინ ჩნდება, როცა ატმოსფეროსთან მზის დამუხტული ნაწილაკები ურთიერთქმედებს. ციალი ჩვენი სისტემის უკლებლივ ყველა პლანეტაზეა დაფიქსირებული, თუმცა მხოლოდ ორბიტიდან გადაღებული ხედების სახით. ამ დრომდე მარსზე ციალი ისეთი გამოსხივებით ვლინდებოდა, რომელიც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, თუმცა Perseverance-მა ეს შეცვალა.
მარსის მწვანე ნათების სიმკრთალეს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი თავად აპარატის კამერებია, რომლებიც ღამის სიბნელეში ისეთ მკაფიო გამოსახულებებს ვერ იღებს, როგორც დღისით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ინსტრუმენტები ჩვენს თვალებთან შედარებით უკიდურესად მგრძნობიარე არაა, ამიტომ დიდ სხვაობას არ გვაძლევს.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ მარსს დედამიწის მსგავსი გლობალური მაგნიტური ველი არ აქვს, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს. ამის ნაცვლად, მისი ქერქის მხოლოდ კონკრეტული ნაწილებია მაგნეტიზებული, რაც ნიშნავს, რომ ციალი მთელს პლანეტაზე "ნაწილდება" და ნაკლებად მკაფიო ხდება.
ვარაუდობენ, რომ მავალის მიერ აღბეჭდილი ნათება მზის კორონული მასის ამოფრქვევის შემდეგ წარმოიქმნა. ამ დროს პლაზმისა და მაგნიტური ველის ნაკადები კოსმოსში იტყორცნება, რაც ციური სხეულების ატმოსფეროზე ზემოქმედებს. შესაბამისად, ფენომენის პროგნოზირება შესაძლებელია და Perseverance-ის კამერები მარსის ღამის ცისკენ სწორედ ამის გათვალისწინებით მიმართეს.
ეს მავალი წითელი პლანეტის ეკვატორთან ახლოსაა, მაგრამ ყველაზე მაგნეტიზებული რეგიონი მის სამხრეთ ნახევარსფეროშია. აქედან გამომდინარე, ასტრონომების ვარაუდით, იქ უფრო შესამჩნევი ნათება შეიძლება იყოს.
კომენტარები