ავსტრალიაში აღმოჩენილი რეპტილიის უძველესი ნაკვალევი მიანიშნებს, რომ ამგვარი ქვეწარმავლები 35 მილიონი წლით უფრო ადრე წარმოიშვნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ეს არამხოლოდ მათს, არამედ მთლიანად ხმელეთის ოთხფეხა ხერხემლიანი ცხოველების, ტეტრაპოდების, ევოლუციის ისტორიას ცვლის.

"ნაკვალევის შემცველი ფილა, რომლის აწევაც ერთ ადამიანსაც შეუძლია, ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რაც აქამდე გვეგონა, რომ თანამედროვე ტეტრაპოდების ევოლუციის შესახებ ვიცოდით", — აცხადებენ მეცნიერები.

მათი ისტორია მაშინ დაიწყო, როცა თევზებმა ხმელეთზე გადაინაცვლეს და თანამედროვე ამფიბიებისა თუ ამნიონიანების (ქვეწარმავლები, ჩიტები, ძუძუმწოვრები) წინაპრებად ჩამოყალიბდნენ. მიიჩნეოდა, რომ პირველი ოთხფეხები დევონურ ეპოქაში განვითარდნენ, დღევანდელი ჯგუფები კი კარბონულ პერიოდში გამოჩნდნენ. ამნიონიანთა უადრესი ნამარხები სწორედ გვიანი კარბონული ხანიდანაა, ანუ დაახლოებით 320 მილიონი წლის წინანდელია.

მიიჩნეოდა, რომ დევონურ ეპოქაში უფრო პრიმიტიული, თევზის მსგავსი ტეტრაპოდები ან გარდამავალი ფორმის ორგანიზმები იყო გავრცელებული. ასევე, ვარაუდობდნენ, რომ ამნიონიანებისა და ამფიბიების წინაპრების განცალკევება 355 მილიონი წლის წინ დაიწყო. სწორედ ამ პერიოდისაა ავსტრალიაში ნაპოვნი ქვიშაქვის 50-სანტიმეტრიანი ფილა, რომელზეც გრძელთითება არსების ბრჭყალების კარგად შემონახული ანაბეჭდებია. ეს უძველესი ასეთი ნაკვალევია და უნიკალურ მახასიათებლებს წარმოაჩენს.

ფოტო 1: Grzegorz Niedźwiedzk / ფოტო 2: Grzegorz Niedźwiedzk

"ბრჭყალები ყველაზე ადრეულ ამნიონიანში გვხვდება, მაგრამ არა ტეტრაპოდების სხვა ჯგუფებში. ბრჭყალების ნაკაწრები და ფეხის ფორმა მიუთითებს, რომ კვალის დამტოვებელი ცხოველი პრიმიტიული რეპტილია იყო", — ამბობენ სპეციალისტები.

თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ ამ ქვეწარმავლებისა და, ზოგადად, ამნიონიანების წარმოშობა 35 მილიონი წლით უკან გადადის. აღნიშნულ, მოსაზრებას პოლონეთში აღმოჩენილი ნაკვალევიც ამყარებს, რომელიც ავსტრალიური ნიმუშის მსგავსად ძველი არაა, მაგრამ სხვა ნამარხებზე ბევრად ადრეულია. ევოლუციური ხის უკეთ გასაგებად ავტორებმა დნმ-ის მონაცემებიც გამოიყენეს.

"თანამედროვე ცხოველების დნმ-ის მიხედვით შექმნილ გენეალოგიურ ხეზე ტოტები სხვადასხვა სიგრძისაა, რაც მის ფარგლებში გენეტიკური ცვლილებების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამისთვის ნამარხები არ გვჭირდება, ამიტომ ეს მეთოდი ევოლუციის ფაზების შესასწავლად გამოსადეგია მაშინ, როცა ნამარხი მტკიცებულებები მწირია", — აცხადებენ მეცნიერები.

გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ოთხფეხების უკანასკნელი საერთო წინაპარი დევონურ ეპოქაში ცხოვრობდა — პერიოდში, როცა აქამდე არსებული ვარაუდით, მხოლოდ გარდამავალი ფორმის ქვეწარმავლები გვხვდებოდნენ.

ავტორები ამბობენ, რომ იმ დროიდან შემორჩენილი კიდევ ბევრი საინტერესო ნამარხის აღმოჩენა ჯერ კიდევ წინაა. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.