ჩინეთი და რუსეთი 2036 წლისთვის მთვარეზე ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ
რუსეთმა და ჩინეთმა მთვარეზე ბირთვული ელექტროსადგურის აშენების ხელშეკრულება გააფორმეს. რეაქტორი მთვარის საერთაშორისო კვლევით სადგურს (ILRS) ენერგიით უზრუნველყოფს. გეგმის მიხედვით, სადგურის მშენებლობა 2036 წლისთვის უნდა დასრულდეს, როგორც ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილ თანამშრომლობის მემორანდუმშია ნათქვამი.
განცხადება იმ დროს გავრცელდა, როცა NASA-მ 2026 წლის ბიუჯეტი გამოაქვეყნა. მასში მთვარის ორბიტული ბაზის აშენების ხარჯები გათვალისწინებული არ იყო. შესაბამისად, ეს გეგმა გაუქმდა.
ჩინეთ-რუსეთის რეაქტორის მშენებლობა შესაძლოა, სრულად ავტომატურად, ადამიანების გარეშე განხორციელდეს. ამის შესახებ 2024 წელს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, Roscosmos-ის ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დეტალები გაურკვეველია, მისი თქმით, ტექნოლოგია "თითქმის მზად არის".
"სადგური კოსმოსის საფუძვლიან კვლევებს ჩაატარებს. ასევე ტექნოლოგიას გამოცდის, რომელიც მთვარის სადგურის ხანგრძლივ, უპილოტო მუშაობას უზრუნველყოფს. მომავალში მთვარეზე ადამიანის ყოფნაც შესაძლებელი გახდება", — ნათქვამია Roscosmos-ის 8 მაისის განცხადებაში, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.
ახალი კვლევითი სადგურის მთვარის სამხრეთ პოლუსზე აშენების გეგმას 17 ქვეყანა უჭერს მხარს. მათ შორის ეგვიპტე, პაკისტანი, ვენესუელა, ტაილანდი და სამხრეთ აფრიკა. ბაზის საწყისი სამუშაოები ჩინეთის 2028 წლის მისია Chang’e-8-ით დაიწყება. ის ასევე პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩინელი ასტრონავტი მთვარეზე დადგება.
მთვარის საერთაშორისო კვლევითი სადგურის განვითარების გეგმა პირველად 2021 წლის ივნისში გახდა ცნობილი. ჩინეთმა და რუსეთმა მაშინ განაცხადეს, რომ 2030–2035 წლებში ისინი ხუთ სუპერმძიმე რაკეტას გაგზავნიდნენ, რათა მთვარის უპილოტო ბაზის ძირითადი ნაწილი შეედგინათ.
საბაზისო სტრუქტურის დასრულების შემდეგ, ჩინეთი დამატებით გაშვებებს გეგმავს, რომლებიც ბაზის გაფართოებას ემსახურება. მათ შორის, მთვარის ორბიტაზე მდებარე კოსმოსური სადგურის, ასევე მთვარის ეკვატორთან და შორეულ მხარეს განლაგებული ორი კვანძის დაკავშირებას. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის კოსმოსის კვლევის პროექტის მთავარმა ხელმძღვანელმა, ვუ იანჰუამ, 2024 წლის პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ადამიანის მარსზე გასაშვებად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა 2050 წლისთვის უნდა დასრულდეს. ვუს თქმით, მოდელი მზის ენერგიაზე, რადიოიზოტოპურ და ბირთვულ გენერატორებზე იმუშავებს.
"ვაპირებთ, დედამიწასა და მთვარეს შორის კავშირის ქსელები გავაბათ. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის მთვარის ტრანსპორტის, მაგალითად, შორ მანძილზე მოძრავი უპილოტო მანქანისა და ეკიპაჟიანი მავალების შექმნას ვაპირებთ", — ამბობს ვუ.
მემორანდუმი იმ დროს გაფორმდა, როცა ჩინეთის კოსმოსური გეგმები სულ უფრო ამბიციური ხდება. ქვეყანამ მთვარის ზედაპირზე პირველად 2013 წელს, Chang’e 3 მისიით დადგა ფეხი. მაშინ მთვარეზე უპილოტო მავალი დაეშვა. შემდგომ ნიმუშები მოაგროვეს და ზედაპირის რუკაც შეადგინეს.
ჩინეთის ეს მიზანი, რომ მთვარეზე მუდმივი სადგური ააშენოს, ამერიკასთან, კერძოდ, Artemis-ის პროგრამასთან, კონკურენციაში შედის, რომელსაც ბოლო დროს სერიოზული შეფერხებები აქვს. მისია Artemis III, რომელიც NASA-ს ასტრონავტებს 50-წლიანი პაუზის შემდეგ მთვარეზე დააბრუნებს, სავარაუდოდ, 2027 წელს განხორციელდება.
ამასობაში, NASA-ს მთვარის ორბიტაზე განთავსებული სადგურის, Gateway, ბედი გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ სადგურის მშენებლობა მნიშვნელოვან ეტაპზეა, ტრამპის ადმინისტრაციის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი მის გაუქმებას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ: ტრამპის ადმინისტრაცია სამეცნიერო ინსტიტუტებსა და კვლევებს ბიუჯეტს უმცირებს
კომენტარები