აშშ-ში შტორმის გამო ცა გამწვანდა — როგორ
გუშინ სიუ ფოლსში, სამხრეთ დაკოტაში, ცა გამწვანდა. ეს მასიური შტორმის, ე.წ. დერეჩოს, შედეგად მოხდა, რომლის გამოც რამდენიმე ადამიანი დაზარალდა, ათასობით მოქალაქეს კი პირადი საკუთრება დაუზიანდა. დაზიანებულია ენერგომომარაგების სისტემებიც.
დერეჩო ძლიერი, გამანადგურებელი შტორმია, რომელსაც თან გრიგალის მაგვარი ქარი და ძლიერი წვიმა ახლავს. როგორც წესი, იგი ასობით კილომეტრის მანძილზე გადაადგილდება.
მართალია, ამგვარი მოვლენები ზოგჯერ მსგავს ნათებას იწვევს, თუმცა, The Washington Post-ის უწყებას თუ დავუჯერებთ, გუშინ მომხდარი რამ ძალიან იშვიათია.
ცის გამწვანების ასახსნელად არაერთი მოსაზრება არსებობს, მოწინავე თეორიის თანახმად კი ეს მძიმე წვეთებისა და სეტყვის მიერ სინათლის გაფანტვასა და არეკვლას უკავშირდება.
Scientific American-ზე ვკითხულობთ, რომ ქარიშხალი ელჭექითა და ძლიერი წვიმით ხშირად გვიან შუადღითა და საღამოს ხდება — მაშინ, როდესაც მზის ჩასვლისას ცაზე წითელ-ყვითელი ტონალობები ჩნდება. წყალი ლურჯ ფერს განსაკუთრებით კარგად აკავებს და მიჩნეულია, რომ გარკვეული დიამეტრის წვიმის წვეთებს ლაჟვარდისფრის გარდა ყველა ნათების გაფანტვა შეუძლია.
შესაბამისად, მეტეოროლოგების აზრით, თუკი შტორმის დროს წვიმა საკმარისად ძლიერია და დროის მონაკვეთიც შესაბამისად დაემთხვევა, ყვითელი ტონალობებისა და ლურჯი ნათების შერევა ცას მწვანედ შეფერავს.
WaPo-ს მეტეოროლოგის, მეთიუ კაპუჩის, თქმით, ზემოთ მოყვანილი თეორიის მიუხედავადაც კი, მსგავსი ფერი ცაზე ახლო წარსულში მეტეოროლოგიის ისტორიას არ ახსოვს.
კომენტარები