5 მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩცდ-ის მე-18 სეზონის ფინალმა დაგვანახა
ყველაზე პოპულარული ქართული ტელესერიალის, ჩემი ცოლის დაქალების, მე-18 სეზონი დასრულდა. სეზონს, რომელმაც ჯამში 69 სერია გააერთიანა, ტრადიციულად მოულოდნელი ფინალი ჰქონდა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სერია უკვე ასიათასობით მაყურებელმა ნახა, მისმა განხილვამ კი სოციალური ქსელები მოიცვა.
სტატიაში შეხვდებით სპოილერებს ჩცდ-ის მე-18 სეზონიდან
ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩცდ ერთგვარად ჩვენი საზოგადოების ანარეკლად იქცა, რადგან ტელეეკრანზე ბევრი სოციალური პრობლემა გააცოცხლა. გამონაკლისი არც მე-18 სეზონი ყოფილა, თუმცა, ფინალმა ბევრ შეკითხვასთან ერთად პასუხგაცემული საკითხებიც დაგვიტოვა. მაგალითად ის, რომ...
1. მოძალადეები არ იცვლებიან
სერიალის მე-18 სეზონს ორი მთავარი ანტიგმირი ჰყავდა: სოსო და ბაქარი. ორივე კაცის მაგალითზე ვიხილეთ ძალადობისა და მანიპულაციის სხვადასხვა სახე და მათი გავლენა გარშემომყოფებზე. ყველაზე ნიშანდობლივი მაინც სოსოს პერსონაჟი იყო, რომელსაც სეზონის დასაწყისში მხოლოდ თეთრი რაში თუ აკლდა. სერიების განმავლობაში პერსონაჟის განვითარებამ ბევრი გააკვირვა, ზოგი კი — არც ისე, რადგან ურთიერთობას ტოქსიკური ელფერი ჯერ კიდევ მაშინ დაჰკრავდა, როცა კატოს სოსოს მხრიდან კონტროლი რომანტიკულად მიაჩნდა.
თუმცა, მსხვერპლის დადანაშაულება ერთმნიშვნელოვნად არასწორია. უბრალოდ, კატოს ხშირად არაადეკვატური კომენტარები პარტნიორის მხრიდან მანიპულაციაზე იმის თვალნათლად დანასახად იყო საჭირო, თუ სად გადის ზღვარი პირად სივრცესა და ურთიერთობებს შორის. ამ ზღვარზე თვალის დახუჭვამ კი ფიზიკურ ძალადობამდეც შეიძლება მიგვიყვანოს.
აი, მე-18 სეზონის ფინალმა ისიც დაგვანახა, რა შედეგი მოსდევს ფიზიკურ ძალადობაზე თვალის დახუჭვას. სოსო კატოს ეუბნება, რომ "რასაც ერთმანეთს აპატიებენ, აღარ მიუბრუნდებიან", თუმცა, ძალადობა სწორედ ისაა, რისი პატიებაც და მით უმეტეს დავიწყება ყველაზე ნაკლებად შეიძლება. მიზეზი მარტივია — მოძალადეები არ იცვლებიან და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა სეზონის ბოლო სერიაში, რომელსაც, შესაძლოა, სულ სხვაგვარი დასასრული ჰქონოდა...
2. ძალადობაზე თვალის დახუჭვაც დანაშაულია
რადგან სხვაგვარი დასასრული ვახსენეთ, ისიც ავხსნათ, რა იქნებოდა ამის საფუძველი. მაყურებლების დიდი ნაწილი სეზონის ფინალურ სერიაში ძალადობის ფაქტზე კატოს მეგობრების რეაქციამ გააღიზიანა და სამართლიანადაც. თუმცაღა მეგობრებმა სოსოს და მისი ქცევების შესახებ თითქმის ყველაფერი იცოდნენ, არცერთს არ დაუშვია შესაძლებლობა, რომ იმ საღამოს კატო შეიძლებოდა უკანასკნელად ენახათ (ნაწილობრივ, დახმარება ქეთიმ სცადა, თუმცა, ყველაზე უარესი სცენარის განვითარებაზე არც მას უფიქრია). შეიძლება დაუშვეს კიდეც, მაგრამ გული უსაგნო ოპტიმიზმით დაიმშვიდეს — ან უარესი, გადაწყვიტეს, რომ სხვის ურთიერთობაში ჩარევა მიუღებელია.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა კატო კვლავაც ფსიქოლოგიური მანიპულაციის მსხვერპლად იქცა და მოძალადესთან დაბრუნება გადაწყვიტა, მის არცერთ მეგობარს არ ჰქონია მკაფიოდ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება — ცხადია, თინას გარდა.
ძალადობაზე თვალის დახუჭვა და მისი შედეგი იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა, რომელსაც ამ სერიაში ხაზი გაესვა. ფემიციდის გახშირებული შემთხვევების არცთუ მცირე ნაწილი ხომ სწორედ მეგობრების, მეზობლების ან ახლობლების პასიურობის გამო ხდება.
3. ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანებს რადიკალურად ცვლის
როგორც უკვე ვთქვით, სეზონის მეორე უდიდესი ანტიგმირი ბაქარ ორჯონიკიძე იყო, რომლის ურთიერთობა პარტნიორთან ასევე თანდათან უფრო შესამჩნევად ტოქსიკური გახდა. იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ ძალადობამდე არ მისულა, ბიზნესმენის პარტნიორი, ლელა, ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი მუდმივად იყო. ამიტომ არ გაჰკვირვებია ბევრს ნაბიჯი, რომელიც სეზონის ფინალური სერიის მიწურულს გადადგა. მეტიც — ზოგიერთი ამ დასასრულს ბაქარისა და ლელას ერთად ცხოვრების ადრეული პერიოდიდანვე წინასწარმეტყველებდა.
არადა, ყველას გვახსოვს, როგორი იყო ლელა თავიდან — მორიდებული, თავმდაბალი, ადამიანებისადმი კეთილგანწყობილი და მზრუნველი. შთამბეჭდავი იყო პერსონაჟის ტრანსფორმაცია სერიიდან სერიამდე — როგორ კლავდა კარგ თვისებებს მასში პარტნიორის მხრიდან მუდმივი დამცირება, შეურაცხყოფა და მანიპულაცია.
რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით, როგორი გაგრძელება ექნება ლელას ხაზს, თუმცა, შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სერიალში საზოგადოებას იმისგან სრულიად განსხვავებული რეაქცია ექნება, რაც თუნდაც ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაზე ჰქონდა მე-10 სეზონში (უმძიმესი დანაშაული მაშინ მწერლის პლაგიატიზმმა გადაფარა). საიდან ვიცით?
4. საზოგადოებრივი სტიგმაც რადიკალურად ცვლის ადამიანებს
იქიდან ვიცით, რომ ცხადად ვიხილეთ, როგორ მოექცა მაკა ანჯაფარიძეს საზოგადოება დანაშაულის ჩადენამდე და განსაკუთრებით — მას შემდეგ. სისტემური უსამართლობის წინაშე მარტო დარჩენილ პერსონაჟს ვერავინ გაუგო. არასწორი იქნება, გმირის ცალკეული ქმედებები უკონტექსტოდ განვიხილოთ. მაკა ასევე იყო შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, პირად სივრცეში შეჭრის შემდეგ კი მან თავი ღირსებაშელახულად იგრძნო. თუმცა, მის გვერდით ვერც რიგითი ადამიანები დადგნენ და ვერც — ქვეყანაში სამართლის აღმსრულებელი ორგანოები.
მიუხედავად ამისა, მე-18 სეზონის ფინალურ სერიებში მაკას ხაზს უჩვეულო და ბუნდოვანი დასასრული ჰქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით, როგორ ცდილობდა პერსონაჟი წარსულს გაქცეოდა და ახალი ცხოვრება დაეწყო. თუმცა, ამის შესაძლებლობა მას საზოგადოებამ არ მისცა, სადაც მუდმივად ახსენებდნენ დანაშაულს, მის მოტივსა და სხვა. მისი წარსული სხვებისთვის ერთგვარ იარაღადაც იქცა. რა თქმა უნდა, ესეც ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა იყო. ამ სერიებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სტიგმა და რესოციალიზაციის პრობლემა, რომელიც ყოფილი მსჯავრდებულებისთვის არსებობს. განსაკუთრებით, თუ იგი მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს.
5. დაბოლოს — ერთი ადამიანის გამოჩენილი გამბედაობაც ცვლის ყველაფერს
ფინალური სერიის მთავარი გმირი უდავოდ მაქსიმე იყო. ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წინათ იგი კატოს რომანტიკულ ინტერესს წარმოადგენდა. ინტერნეტგანხილვებში ზოგიერთი აღნიშნავს, რომ დიდწილად თავისი ახლობლების რეაქციით იმედგაცრუებული კატოსთვის მნიშვნელოვანი იყო ის, განწირულს ვიღაცამ დახმარების ხელი რომ გამოუწოდა — და არა ის, ეს ხელი რომ მაქსიმესი იყო.
ჰიპერბოლების გარეშე რომ ვთქვათ, მაქსიმეს ეს საქციელი გმირობა ალბათ არ იყო — უფრო ადამიანური თანაგრძნობისა და გამბედაობის გამოვლინება. სცენის მორალი კი ჩემთვის ის იყო, რომ თუმცაღა ჩვენი პასიურობა და დანაშაული შეიძლება კოლექტიური იყოს, ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს.
თუკი გსურს, ჩცდ-ის შესახებ განხილვაში ჩაერთო ან, უბრალოდ, სხვა მაყურებლების აზრი გაიგო, შემოგვიერთდი ფეისბუქჯგუფში ერთი სერიაც და...
კომენტარები