თავაზიანობის ფასი — ChatGPT-სთვის მადლობის თქმა მილიონობით დოლარი ჯდება

ფოტო: Vice.com
როგორც აღმოჩნდა, ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტებთან ჩვენი თავაზიანობა შეიძლება, კომპანიებს მილიონობით დოლარი უჯდებოდეთ. ეს ნამდვილად ასეა ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ს, შემთხვევაში.
გასულ კვირას სემ ალტმანმა, OpenAI-ს გენერალურმა დირექტორმა, დაადასტურა, რომ კომპანიას ელექტროენერგიის ხარჯი "ათობით მილიონი დოლარით" არის გაზრდილი. მისი აზრით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანები ChatGPT-სთან საუბარში თავაზიანობას იჩენენ.
სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა იეჭვა, რომ ჩვენი თავაზიანობა OpenAI-ს ხარჯებს გაუზრდიდა. პოსტს სემ ალტმანიც მალევე გამოეხმაურა და ეს ეჭვი დაადასტურა.
გამომცემლობა Future-ის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკაში AI-ის მომხმარებელთა 67% საუბარში თავაზიანობას იჩენს. ამ ადამიანებიდან თითქმის ყოველი მეხუთე (18%) აცხადებს, რომ ისინი ხელოვნურ ინტელექტს რეგულარულად ეუბნებიან სიტყვებს "გთხოვ" და "მადლობა", რათა თავი დაიცვან AI-ის პოტენციური აღმასვლისა და ადამიანებზე გაბატონებისგან. დანარჩენი 82% ამბობს, რომ თავაზიანია უბრალოდ იმიტომ, რომ ასე მოქცევა მათთვისვეა სასიამოვნო — არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს ესაუბრება თუ AI-ს.
AI-სთან თავაზიანობა შესაძლოა ფუნქციურ მიზანსაც ემსახურებოდეს. კურტის ბივერსმა, Microsoft-ის დიზაინის დირექტორმა, კომპანიის ბლოგში აღნიშნა, რომ "თავაზიანად საუბარი AI-გან უკუკავშირს იწვევს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ AI-ს თავაზიანად ვესაუბრებით, როგორც წესი, ისიც თავაზიან პასუხებს გვცემს.
ამის მიუხედავად, თავაზიანობას თავისი ფასი აქვს, თანაც საკმაოდ ძვირი. ელექტროენერგიის კვლევითი ინსტიტუტის (EPRI) 2024 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით, ChatGPT-თვის შეკითხვის დასმა ან კომენტარის მიწერა ათჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე იმავეს გაკეთება — Google-ის ჩვეულებრივ საძიებო სისტემაში.
BestBrokers-ის, ფინანსური რჩევების საიტის, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ChatGPT-ს წელიწადში საშუალოდ 1 059 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია სჭირდება, რაც დაახლოებით $139.7 მილიონი დოლარის ხარჯია.
AI-ის ასევე დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება სერვერების გასაცივებლად. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ChatGPT-ს 100-სიტყვიანი მეილის დასაწერად დაახლოებით 1 408 მილილიტრი (1,408 ლიტრი) წყალი სჭირდება, ხოლო ისეთი მოკლე პასუხისთვის, როგორიცაა — "არაფრის", 40-50 მილილიტრი წყალია საჭირო.
ისიც აღსანიშნავია, რომ OpenAI-ს თავისუფლად შეუძლია ელექტროენერგიის ხარჯებისთვის ათობით მილიონი დოლარის გამოყოფა. მიმდინარე თვის დასაწყისში სტარტაპმა $40 მილიარდი მოიზიდა, რამაც კომპანიის ღირებულება $300 მილიარდამდე გაზარდა. ეს ყველაზე მასშტაბური კერძო გარიგებაა ტექნოლოგიურ ისტორიაში.
OpenAI-ს ცნობით, პლატფორმას დღეის მდგომარეობით 500 მილიონი ყოველკვირეული მომხმარებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში, როცა ეს მაჩვენებელი თებერვალში 400 მილიონი იყო.
კომენტარები