ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ადრეული ადამიანები ისეთ ქვებს იყენებდნენ, რომლებიც ბუნებრივად ბასრი იყო. ეს ხდებოდა ბევრად ადრე, ვიდრე ადამიანი ქვის იარაღის დამზადებას დაიწყებდა.

სამი მილიონი წლის წინ ბასრი ქვის იარაღების შემუშავებამ ადრეულ ადამიანებს საშუალება მისცა უფრო მარტივად მიეღოთ როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვები. ამ ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი წინაპრების ტვინის ზრდაში და დააყენა კაცობრიობა ტექნოლოგიურ გზაზე, რომელიც დღესაც გრძელდება.

და მაინც, როგორ დაიწყო ამ ხელსაწყოების დამზადების პროცესი პირველად?

ახალი ჰიპოთეზა ქვის ხელსაწყოების ტექნოლოგიის წარმოშობის შესახებ კლივლენდის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის მკვლევრებმა წარადგინეს. მკვლევრებმა თავიანთი ნაშრომი ჟურნალში Archaeometry შემოგვთავაზეს.

"ევრიკას" მომენტის გადახედვა

"არ გვგონია, 'ევრიკას' მომენტი მაშინ დამდგარიყო, როდესაც ჰომინიდებმა ბასრი ქვების გამოყენება დაიწყეს. სავარაუდოდ ყველაფერი ქვის იარაღების საჭიროების გაჩენის მომენტიდან დაიწყო", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ქვის იარაღების დამზადებამდე, ადრეული ადამიანები ბუნებრივად ბასრი ფორმის მქონე ქვებს იყენებდნენ. მეორე მხრივ, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ქვების მოპოვება ჩვენს უძველეს წინაპრებს ძალიან გაუჭირდებოდათ, რადგან ბუნებაში ეს იშვიათია.

სწორედ ამ ბოლო დებულებას ეწინააღმდეგება ახალი კვლევა. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ბუნებრივად ბასრი ქვები ხშირია და შესაბამისად, ჩვენს წინაპრებს მათთვის მიგნება არ უნდა გასჭირვებოდათ.

"არის ადგილები სადაც ბასრი ქანები ათასობით წარმოიქმნება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ქვები ჩვენი წინაპრებისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა", — აღნიშნულია კვლევაში.

ადრეული წვდომა ბუნებრივ იარაღებზე

კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ჰომინიდების საკვების გადამუშავების ადგილები ხშირად ქვის ბუნებრივ წყაროებთან იყო.

"დიდი ალბათობით, ისინი ამას სპეციალურად აკეთებდნენ. მათ იცოდნენ თუ სად მოიპოვებოდა ასეთი ქვები და ამ ადგილებს შესაბამისად სტუმრობდნენ კიდევაც", — ამბობენ მკვლევრები.

ბუნებრივად გაჩენილი ბასრი ქვები.

ფოტო: arcm

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თავდაპირველად, ჩვენი წინაპრები მხოლოდ ბუნებრივად ბასრ ქვებს იყენებდნენ. უკვე ამის შემდეგ გაჩნდა მოთხოვნილება, რომ თავად დაეწყოთ მსგავსი ქვების დამზადება. შესაბამისი მოტივაცია ორი ძირითადი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო: მსგავსი ქვები ყველგან არ მოიპოვებოდა და დამუშავების შემდეგ ქვა შეიძლება კიდევ უფრო ბასრი გამხდარიყო, ვიდრე ეს ბუნებაში მოპოვებული ბასრი მასალაა.

შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰომინიდები ბუნებაში წარმოებულ ბასრ ქვებს 6 მილიონი წლის წინაც იყენებდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.