აშშ-ში თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევა მხედველობის შესანარჩუნებლად უჩვეულო თერაპიის პოტენციალს გვიჩვენებს. ის თვალში, არც მეტი და არც ნაკლები, ოქროს მტვრის ინიექციას გულისხმობს, რაც ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის ან სხვა მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ.

მაკულარული დეგენერაცია მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს და მისი რისკი ასაკის პარალელურად იმატებს. ამ დროს თვალის ბადურაში არსებული მაკულა (ყვითელი ხალი) ზიანდება, რომელიც სინათლის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორებს შეიცავს. ეს მხედველობის დაბინდვასა და სხვა პრობლემებს იწვევს. ამ პროცესის შესანელებლად თერაპიები გამოიყენება, მაგრამ მათი მეშვეობით დაავადება შექცევადი მაინც ვერ ხდება.

ახალი მეთოდი სწორედ ამის პოტენციალს გვთავაზობს. ესაა ბადურას ერთგვარი პროთეზი, რომელსაც დეგენერაციის შედეგად გაუარესებული მხედველობის აღდგენა შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის რთული ოპერაცია ან გენეტიკური მოდიფიკაცია სულაც არაა საჭირო.

კვლევის ფარგლებში ოქროს ნანონაწილაკები ინფრაწითელ სინათლესთან გააერთიანეს.

ფოტო: Nie et al., ACS Nano, 2025

თერაპია შემდეგნაირად მუშაობს: ოქროს პაწაწინა ნანონაწილაკები ანტისხეულებზეა მიმაგრებული, რათა თვალის კონკრეტული უჯრედები ამოიღოს მიზანში. შემდეგ ისინი ბადურასა და ბროლს შორის ინიექციის გზით შეჰყავთ და სპეციალური ინფრაწითელი სინათლით ააქტიურებენ იმისთვის, რომ შერჩეული უჯრედები ფოტორეცეპტორების მსგავსად ამოქმედდეს. ადამიანებში გამოსაყენებლად შესაძლებელია, რომ ამგვარი ლაზერი სათვალეებში ჩამონტაჟდეს.

ამჟამად მეთოდი თაგვებზე გამოცადეს, რამაც წარმატებით ჩაიარა — მღრღნელებს მხედველობა აღუდგათ, ნაწილობრივ მაინც. დადგინდა, რომ ასეთი ნანონაწილაკები ბადურაში თვეობით შეიძლება შენარჩუნდეს და სერიოზული ტოქსიკური გავლენა არ იქონიოს.

იმის გასაგებად, იგივე ეფექტი ადამიანებზეც გავრცელდება თუ არა, დამატებითი კვლევებია საჭირო. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დადასტურებაც. ამის მიუხედავად, ეს მეთოდი იმედისმომცემია.

ახალი ნაშრომი გამოცემაში ACS Nano გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.