ადამიანი ერთადერთი ძუძუმწოვარი არაა, რომელიც თმის ნაკლებობით გამოირჩევა. იგივე მახასიათებელი ბევრ სხვა ცხოველში ფიქსირდება, მათ შორის სპილოებში, მარტორქებსა და ვირთხებში. წყალში მობინადრე ზოგიერთ ძუძუმწოვარს კი სხეულზე თმა საერთოდ არ აქვს — მაგალითად, დელფინსა და ვეშაპს.

მეცნიერების აზრით, წარსულში ყველა ძუძუმწოვარი საკმაოდ ბალნიანი იყო, მაგრამ მილიონობით წლის განმავლობაში ზოგიერთმა სახეობამ, მათ შორის ჰომო საპიენსმა, ბალანი თანდათან დაკარგა. ამ ფაქტზე დაყრდნობით ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლებოდა თმის ნაკლებობა ევოლუციურ უპირატესობად ქცეულიყო?

ბალანი სხეულს სითბოს უნარჩუნებს და იცავს როგორც მზისგან, ისე დაზიანებისგან. გარდა ამისა, მას ძალიან მგრძნობიარე ძირები აქვს, რაც ცხოველებს შეხების ადვილად აღქმაში ეხმარება.

ადამიანებს ოფლის გამოყოფის სახით ბუნებრივი გაგრილების სისტემა გვაქვს.

ფოტო: Jenny Evans via Getty Image News

რა თქმა უნდა, ადამიანებსაც გვაქვს სხეულზე ბეწვი, მაგრამ ის თხელი და ნაკლებად შესამჩნევია. გამონაკლისია თავზე არსებული თმა, რომლის მთავარი დანიშნულებაც მზის სხივებისგან სკალპის დაცვაა.

დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ ადამიანებისა და შიმპანზეების ევოლუციური გზები გაიყო. ერთი თეორიის მიხედვით, თმა თბოიზოლაციის მიზნით გაგვიქრა. უნდა ითქვას, რომ ჩვენ გაცილებით მეტი საოფლე ჯირკვალი გვაქვს, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს. ოფლის აორთქლებისას სხეულის სითბო იკარგება, რაც ცხელ აფრიკულ სავანაში მცხოვრები ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო. თმა კი ამ პროცესს ხელს უშლიდა.

მეორე თეორიის მიხედვით, თმის გაქრობა ნადირობას უკავშირდება. იმისათვის, რომ ჩვენი წინაპრები მათზე გაცილებით სწრაფ ცხოველებს დასწეოდნენ და მოენადირებინათ, დიდხანს სირბილის უნარი იყო საჭირო. საქმე ისაა, რომ სხეულზე ბალნის სიმრავლე ცხოველებში გადახურებას იწვევდა და სირბილში ისე უშლიდათ ხელს, რომ, საბოლოოდ, ადამიანების მსხვერპლები ხდებოდნენ — არსებების, რომლებსაც მათზე ნაკლები ბალანი ჰქონდათ, ანუ სირბილისას იმდენად არ იღლებოდნენ.

მეცნიერებმა 62 ძუძუმწოვრის გენომი შეადარეს, მათ შორის ადამიანების, ძაღლებისა და ციყვების. კვლევაში აღნიშნულია, რომ ადამიანებს სქელი ბალნის ხელახლა განსავითარებლად ყველა საჭირო გენი დღემდე გვაქვს შემორჩენილი, თუმცა ისინი პასიურია, ანუ არ ფუნქციონირებს.

პეტრუს გონსალვუსი მეუღლესთან ერთად. 1575 წელი.

ფოტო: National Gallery of Art

არსებობს იშვიათი გამონაკლისიც, რომელიც ჰიპერტრიქოზის სახელითაა ცნობილი. ეს დაავადება ადამიანებს მთელ სხეულზე სქელ თმას უჩენს. სწორედ ამით იყო ცნობილი პეტრუს გონსალვუსი. იგი XVI საუკუნეში, ბავშვობის ასაკში, საფრანგეთის მეფეს წარუდგინეს, როგორც "უცნაური ცხოველი", მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. საინტერესოა, რომ მოგვიანებით მასზე და მისი ცოლის ისტორიაზე დაფუძნდა ზღაპარი "ურჩხული და მზეთუნახავი".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.