NASA-კოსმოსურმა ზონდმა Lucy-მ რიგით მეორე ასტეროიდს ახლო დისტანციაზე ჩაუარა და მისი გასაოცარი კადრები მოიპოვა. ამ ობიექტს 52246 დონალდჯონსონი ეწოდება იმ ანთროპოლოგის პატივსაცემად, რომელმაც ჩვენი წინაპრის, ლუსის, ნაშთები აღმოაჩინა.

ესაა ე.წ. კონტაქტური ბინარული ასტეროიდი, რომელიც ორივე ბოლოში ამობურცულია და შუა ნაწილთან ახლოს წვრილდება.

"ასტეროიდ დონალდჯონსონს ძალიან რთული გეოლოგია გამოარჩევს. ამ სტრუქტურების დეტალური შესწავლა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის სიცოცხლის საშენი მასალებისა და იმ შეჯახებების შესახებ, რომლებმაც მზის სისტემის პლანეტები წარმოქმნა", — აცხადებს პლანეტარული მეცნიერების სპეციალისტი, ჰალ ლევისონი.

Lucy ობიექტს 960 კილომეტრ მანძილზე 20 აპრილს მიუახლოვდა და მასთან ჩავლისას სურათებს დაახლოებით ყოველ 2 წამში იღებდა. ამ მონაცემებით დადასტურდა, რომ დონალდჯონსონი მართლაც კონტაქტური ბინარული ასტეროიდია, ანუ ორი სხეულის შეჯახებისა და შერწყმის შედეგადაა ფორმირებული.

ის იმაზე ოდნავ დიდი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მისი სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია, სიგანე კი ყველაზე ფართო ნაწილში 3.5 კილომეტრს შეადგენს. ზონდის პირველი სამიზნე ასტეროიდი დინკენიში და მისი მინითანამგზავრი სელამი იყო, რომელიც ასევე კონტაქტური ბინარულობით ხასიათდება.

ეს ობიექტები, რომლებიც მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელში მოძრაობს, მისიის ერთგვარი მოთელვაა. მთავარი მიზანი იუპიტერის ტროელი ასტეროიდების შესწავლაა, რომლებიც ამ გიგანტური პლანეტის გრავიტაციის გამო იმავე ორბიტაზე გადაადგილდება. მათ აქამდე მცირე დისტანციაზე არცერთი კოსმოსური აპარატი სწვევია.

ახალი კადრები მოწმობს, რომ Lucy-ს შესაძლებლობებს დიდი პოტენციალი აქვს. მომდევნო კვირების განმავლობაში მეცნიერები მის მიერ გადაღებულ ფოტოებს დაამუშავებენ და გააანალიზებენ. ზონდი ასტეროიდთა სარტყლამდე ამ წლის ბოლომდე იმოგზაურებს,.პირველი "შეხვედრა" 2027 წლის აგვისტოშია მოსალოდნელი, დამატებით 5 ობიექტთან ჩავლა კი — 2027-2033 წლებს შორის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.