როგორ ვაკონტროლოთ შაკიკი მოგზაურობისას — რჩევები
ზაფხული მოვიდა და ბევრი ჩვენგანი სამოგზაუროდ ემზადება, თუმცა მათთვის, ვისაც შაკიკი აწუხებს, ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ერთი დიდი თავის ტკივილი შეიძლება იყოს. ამის მიზეზი კლიმატის, კვების რაციონისა და ძილის რეჟიმის ცვლილებაა. ასევე, სტრესი, რომელიც საკმაოდ მძლავრ მაპროვოცირებელ ფაქტორად მიიჩნევა.
საბედნიეროდ, შეტევების თავიდან აცილება შესაძლებელია. წინამდებარე სტატიაში სწორედ ამასთან დაკავშირებულ რჩევებს მოგცემთ, რომლებიც შაკიკის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.
წინასწარ მოემზადეთ
როგორც უკვე ვახსენეთ, სტრესს შაკიკის შეტევის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ მის შესამცირებლად ყველაფერი უნდა მოიმოქმედოთ, პირველ რიგში, საჭიროა, მოგზაურობა წინასწარ დაგეგმოთ და მასთან დაკავშირებული დეტალებიც დროულად მოაგვაროთ. კარგი იქნება, თუ ტანსაცმელსა და აუცილებელ ნივთებს ერთი დღით ადრე მაინც ჩააბარგებთ, რადგან ესეც სტრესის წყაროა.
იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს მართავთ, გირჩევთ, გზაში შეისვენოთ ხოლმე. თან იქონიეთ მედიკამენტები. უმჯობესია, ყველაზე ეფექტიანი პრეპარატები შეარჩიოთ, რაშიც ექიმიც დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ მათი დიდი დოზით მიღება რეკომენდებული არაა, ამიტომ კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.
შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რეჟიმი
ზოგჯერ, მოგზაურობა ადამიანის ძილის რეჟიმს არღვევს, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ეს თავის ტკივილსაც ედება საფუძვლად, ამიტომ დასასვენებლად წასვლისას სჯობს, ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს დაწვეთ, ჩვეულ პერიოდში. 7-8 საათის განმავლობაში ძილი ძალების აღსადგენად იდეალურია. ეცადეთ, შუადღით თვლემას მოერიდოთ.
ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს
მოგზაურობას ხშირად კვების რაციონის ცვლილებაც ახლავს თან, რადგან, ძნელია, ადგილობრივი კერძების მირთმევისგან თავი შეიკავოთ. ამის მიუხედავად, უნდა მოერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც თავს გატკივებთ, იქნება ეს შოკოლადი, ყველი, წითელი ღვინო, სოიას სოუსი, შაქარი, ხელოვნური დამატკბობლები, ციტრუსი თუ სხვა. საყურადღებოა დღის განმავლობაში მიღებული კოფეინის რაოდენობაც, რომ არაფერი ვთქვათ ალკოჰოლზე.
დალიეთ საკმარისი წყალი
შაკიკის მქონე ადამიანთა 1/3 თავის ტკივილის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ მიზეზად სწორედ დეჰიდრატაციას ასახელებს. შესაბამისად, აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ, მითუმეტეს მაშინ, თუ მიფრინავთ, სიცხეში გიწევთ ყოფნა ან ფიზიკური აქტივობით ხართ დაკავებული (ცურვა, თხილამურებზე სრიალი და ა.შ.). ამისთვის, წყლის ბოთლი მუდმივად თან იქონიეთ.
თავიდან აიცილეთ პოტენციური რისკები
ის, ვინც შაკიკით იტანჯება, როგორც წესი, განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მძაფრი სუნის, კაშკაშა ან მოციმციმე სინათლისა და სიცხის მიმართ. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, ასეთ გარემოს მაქსიმალურად მოერიდოთ და სათვალე, ყურის დამცავი საცობები თუ სხვა მსგავსი საშუალებები გამოიყენოთ.
იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული კლიმატისა და სიმაღლის მქონე რეგიონში მიემგზავრებით, მოერიდეთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც რისკის შემცველია, მაგალითად, ზღვის სიღრმეში ყვინთვა, მაღალმთიან არეალში სრიალი და სხვა.
ყურადღება მიაქციეთ მგზავრობის აუტანლობას
შაკიკის მქონე ადამიანთა დიდი ნაწილს, ამავდროულად, მგზავრობის აუტანლობაც აწუხებს. ამის თავიდან ასაცილებლად, ტრანსპორტში, იქნება ეს ავტომანქანა თუ ავტობუსი, წინა ადგილი დაიკავეთ, მატარებელსა და თვითმფრინავში კი ფანჯარასთან/ილუმინატორთან მოთავსდით. სათანადო პრეპარატების გამოყენებამდე ექიმს გაესაუბრეთ.
მოერიდეთ სიგარეტის კვამლს
თამბაქოს მოხმარებას ან ისეთ ადგილზე დიდხანს ყოფნას, სადაც მისი ჭარბი კვამლია, თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია. სიგარეტის მოწევა ბევრ რესტორანში, ბარში, კაფესა და სასტუმროში აკრძალულია, სწორედ ასეთ ადგილებს ეწვიეთ. ღია სივრცეში კი მეტი დაცულობისთვის, მწეველებისგან მოშორებულ მაგიდაზე დაბრძანდით.
გახსოვდეთ, რომ მოგზაურობა თქვენთვის ძალიან კარგია, რადგან სტრესისგან დაცლის საშუალებას გაძლევთ. ეცადეთ, ეს დრო თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები