როგორ აისახება სტრესი ჩვენს ჯანმრთელობაზე
თუ თავს სტრესის ქვეშ გრძნობთ, მარტონი არ ხართ. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ ადამიანთა 87-მა პროცენტმა აღიარა, რომ ამ მხრივ უკანასკნელი 2 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო, რაც კორონავირუსის პანდემიით, ინფლაციითა თუ პოლიტიკური დაძაბულობებითაა განპირობებული.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტრესი ყოველთვის ცუდი არაა, რადგან ის მსუბუქი, ხანმოკლე სახით აუცილებელიცაა. მაგალითად, თქვენი მიმართულებით მომავალი მანქანის დანახვისას ან ექიმთან ვიზიტამდე ნერვიულობისას ორგანიზმი ენერგიით ივსება, რაც წნეხის მიმართ გვაძლიერებს და თავდაცვის ინსტინქტსაც აფხიზლებს. მაგრამ არსებობს ხანგრძლივი სტრესიც, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდეთ.
ამ სტატიაში სწორედ მასზე გესაუბრებით და გაგაცნობთ დაავადებებს, რომელთა გამოწვევაც სტრესს შეუძლია.
1. დეპრესია და სხვა მენტალური პრობლემები
თუ სტრესს დიდი ხნის განმავლობაში განიცდით, შესაძლოა, ეს ისეთ სერიოზულ მენტალურ პრობლემაში გადაიზარდოს, როგორიც დეპრესიაა. ცნობილია, რომ არასასიამოვნო ემოციები ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მათ გამო თავს იჩენს შფოთვითი და პანიკური შეტევებიც.
უნდა ითქვას, რომ ეს გენეტიკაზე, გარემოსა და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, თუმცა სტატისტიკა სტრესსა და განსაკუთრებით, დეპრესიას შორის მკაფიო მიზეზ-შედეგობრიობივ კავშირს ავლენს.
2. ინსომნია
ინსომნია ასევე სტრესით შეიძლება იყოს პროვოცირებული. რაც ყველაზე ცუდია, უძილობა, თავის მხრივ, სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს, რადგან ძილი და დასვენება ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ეს იმას ნიშნავს, რომ სტრესით განპირობებული ინსომნია ისევ და ისევ სტრესს აღრმავებს, ამიტომ გირჩევთ, ძილის ჯანსაღ რეჟიმს ყურადღება მიაქციოთ და მის შენარჩუნებაზე იზრუნოთ.
3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
მეცნიერებისთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ სტრესი გულის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მართალია, მათი პირდაპირი, სხვა მიზეზებისგან დამოუკიდებელი კავშირის შესახებ მტკიცებულება ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, მაგრამ ვიცით, რომ ამ დროს გულისცემა ხშირდება, სისხლძარღვები კი იკუმშება. სხეულის ასეთი რეაქციის უკან ადრენალინი, კორტიზოლი და სხვა ჰორმონები დგას.
არაა გამორიცხული, რომ ამან დროთა განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც ზოგჯერ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ან საკვების მიღებაც ემატება.
4. ინფექციები
სტრესს ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტებაც შეუძლია, რის შედეგადაც ჩვენს სხეულში ინფექციების შემოჭრის მეტი რისკია. მათ შორისაა გრიპის ვირუსიც. ამას გამოცემაში The New England Journal of Medicine გამოქვეყნებული კვლევაც ცხადყოფს, რომელმაც აჩვენა, რომ სტრესის ქვეშ მყოფი ცდისპირები ინფექციების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადები იყვნენ, ვიდრე დანარჩენი მონაწილეები.
5. კუჭ-ნაწლავის დაავადებები
სტრესის ფონზე იცვლება საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში მოხვედრილი საკვების გადაადგილების პროცესიც,. ეს იმის შანსს ზრდის, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეგექმნათ, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ანთებითი პროცესი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, დიარეა და სხვა.
6. ქრონიკული ტკივილი
კიდევ ერთი რამ, რასაც შესაძლოა, საფუძვლად სწორედ სტრესი დაედოს, ქრონიკული ტკივილი გახლავთ. იქნება ეს შაკიკი თუ უსიამოვნო შეგრძნება წელის არეში, რაც ძალიან ხშირია. საქმე იმაშია, რომ ამ დროს კუნთები იჭიმება, ეს ძალისხმევა კი ტკივილში გადაიზრდება.
7. სიმსივნე
სიმსივნის გამომწვევი მიზეზების შესახებ ჩვენთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუმცა სტრესი ამასთან გარკვეულ კავშირში ნამდვილად არის და დაავადებების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
ის ორგანიზმის ანთებით რეაქციას ააქტიურებს, ასევე, თირკმელზედა ჯირკვლებს ასტიმულირებს და სხეულში ჰორმონ გლუკოკორტიკოიდების გამოყოფას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენს და არაა გამორიცხული, რომ სიმსივნის ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობდეს.
8. ავტოიმუნური დაავადებები
სტრესს აკავშირებენ ისეთ დაავადებებთანაც, როგორიცაა რევმატული ართრიტი, გაფანტული სკლეროზი, წითელი მჭამელი, ფსორიაზი და ა.შ. 2018 წლის კვლევის მიხედვით, სტრესის მქონე პაციენტები ავტოიმუნური დარღვევების ჩამოყალიბების მეტი რისკის წინაშე არიან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, სტრესის მართვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მსგავსი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის ეფექტიანია იოგა, ყურადღების მოკრებაზე ორიენტირებული თერაპიები და სხვა მეთოდები. თუმცა, თუ გრძნობთ, რომ სტრესს მარტო ვერ უმკლავდებით და ის თქვენს ჯანმრთელობაზეც აისახება, სჯობს კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები