თანამშრომლებმა ბორჯომის პირველი ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი ცდილობდნენ სატვირთო ავტომობილებისთვის შენობიდან მარაგის გამოტანის შესაძლებლობა არ მიეცათ. ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.

"კომპანია ცდილობს დღეს, რომ ტრაილერები შეიყვანოს, დატვირთოს, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ, მაქსიმალურად მშვიდობიანად ვცდილობთ, რომ ამ ტრაილერის მძღოლებს ავუხსნათ რაშია საქმე, რა მდგომარეობაა. თავისთავად, ცდილობენ თვითონაც, რომ გაგვითვალისწინონ, გადადიან მეორე მხარეს და არ შედიან ქარხნის ტერიტორიაზე", — ამბობს ფორმულასთან ერთ-ერთი თანამშრომელი.

ბორჯომის თანამშრომლები 31 მაისს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, ძველ შრომით პირობებზე დაბრუნებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებზე არ დაბრუნდებიან, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ თანამშრომლებზე ზეწოლასა და მუქარაში შემჩნეული ადამიანები სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

კომპანია ბორჯომმა 29 აპრილიდან სანქციების გამო ორივე ქარხანაში წარმოება დროებით შეაჩერა. 5 მაისს ბორჯომმა 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიაში თქვეს, რომ შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდნენ დასაქმებულთა ხელშეკრულებაში ცვლილება შეეტანათ, რაზეც თანამშრომელთა ნაწილი არ დათანხმდა.

ბორჯომის წარმოების შეჩერების შემდეგ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და მოსახლეობას მალე ეტყვიან სასიამოვნო ინფორმაციას.

19 მაისს ცნობილი გახდა, რომ IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მთავრობა ბორჯომის მფლობელი კომპანიის შეთავაზებას განიხილავს. მთავრობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს ბორჯომის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა.