ცხოვრების როგორი დონეა საქართველოში ანუ რამდენად ღარიბები ვართ
საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს. 17,6%-ის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური შემწეობაა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სიღარიბე ყოველდღიურ გამოწვევად რჩება.
საქართველო განვითარებადი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება — საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 მილიონამდე მოსახლეობითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. სიღარიბე, როგორც ადამიანის განვითარების უმთავრესი მუხრუჭი, მოსახლეობისთვის უცხო ნამდვილად არ არის.
ამის პარალელურად, არაერთი ოფიციალური მონაცემი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა, შემოსავლები გაიზარდა, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და სხვა. მაგრამ, მოსახლეობის ნაწილის აღქმა საპირისპიროა.
IRI-ის მიერ 2022 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 45% ამბობს, რომ ბოლო ერთ წელში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია უარესობისკენ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამასთან, გამოკითხულთა 31%-ის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით ნაწილობრივ უარესობისკენ არის შეცვლილი.
საქართველოს მთავრობა კი მაღალი ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს და ამბობს, რომ ამით ევროპასაც კი აოცებს. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების ფონზე სტატიაში შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას — როგორი ცხოვრების დონეა საქართველოში და რამდენად ღარიბები ვართ რეალურად.
ცხოვრების დონე და შემოსავლები
2021 წელს საქართველოში, დაახლოებით, 645 000 ადამიანი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. ეს ქვეყნის მოსახლეობის 17,5%-ია. 2020 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 3,8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია სოფლად, სადაც მონაცემი 21,3%-ს აღწევს.
თუ ოფიციალურ წყაროებს დავუჯერებთ, 2011-2021 წლებში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფთა ინდექსი 16,6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული — სწორედ ამას ეყრდნობა ქართული ოცნების მთავრობა, როდესაც ამტკიცებს, რომ მათი ხელისუფლების მმართველობის პირობებში საქართველოში სიღარიბე შემცირდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში მცხოვრები ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი წლიურად 11%-ით 1 221 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის რეალური შემოსავლები ამდენივე პროცენტითაა გაზრდილი. 2021 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 9,6% იყო. შესაბამისად, თუ ფასების ზრდის დონეს გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ საქართველოში მცხოვრები ოჯახების შემოსავლები ბოლო ერთ წელში თითქმის არ გაზრდილა.
საარსებო შემწეობა
მოსახლეობის ცხოვრების დონეს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა და მისი ზრდის დინამიკაც აფასებს. ბოლო ერთ წელში საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 104 953 ადამიანით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მაისში დახმარება 656 591 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 17,6%-ია.
მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით ყველაზე მეტი შემწეობის მიმღები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია — აქ რეგიონის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45,8% საარსებო დახმარებას იღებს.
რეგიონების მიხედვით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
- ქ. თბილისი — 133 944 ადამიანი;
- იმერეთი — 84 716 ადამიანი;
- ქვემო ქართლი — 81 862 ადამიანი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 76 964 ადამიანი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — 72 581 ადამიანი;
- კახეთი — 66 743 ადამიანი;
- შიდა ქართლი — 58 909 ადამიანი;
- გურია — 27 873 ადამიანი;
- სამცხე-ჯავახეთი — 19 642 ადამიანი;
- მცხეთა-მთიანეთი — 18 798 ადამიანი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14 559 ადამიანი.
შემწეობის მიმღებთა რეკორდულად გაზრდილ რაოდენობას მთავრობაში ბენეფიციართა აღრიცხვაზე დაწესებული მორატორიუმით ხსნიან. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ Covid 19-ის გავრცელებიდან გამომდინარე 2020 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებასა და შეფასებაზე ხელი აიღეს.
როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, ყოველთვიურად სოციალური შემწეობის გაცემა ბიუჯეტისთვის ათეულობით მილიონი ლარის ხარჯია. მხოლოდ მაისში დახმარების მიმღებთათვის 44 728 319 ლარი გადაირიცხა. გასული წლის იმავე თვეში ამ პროგრამის ბიუჯეტი 30 567 842 ლარი იყო — შესაბამისად, ბოლო ერთი წლის ჭრილში სოციალურად დაუცველებისთვის გადარიცხული თანხის მოცულობა 46%-ით, ანუ 14 160 477 ლარით არის გაზრდილი.
ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI)
მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფასებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ეს მაჩვენებელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ ინდექსის მთავარი კრიტერიუმები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მოსახლეობის მიერ მიღწეული განათლების დონე და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტია. მაჩვენებელი 0-დან 1-მდე მერყეობს, სადაც 1 ნიშნავს მოსახლეობის განვითარების უმაღლეს მაჩვენებელს, ხოლო 0 — ყველაზე მცირეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ადამიანური განვითარების ინდექსი 0,812-ს უტოლდება, რის შედეგადაც მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში 61-ე ადგილს ვიკავებთ — აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ძალიან მაღალი განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფშია. HDI-ის პირველ სამეულში ნორვეგია, ირლანდია და შვეიცარია არიან.
დემოგრაფია
2021 წელს საქართველოს მოსახლეობა 39 926 ადამიანით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ერთი წლის წინ — 3 728 573 ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, ბოლო ერთ წელში საქართველოს მოსახლეობა 1,1%-ით არის შემცირებული.
მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და კლებაზე ბუნებრივი მატება და მიგრაციული სალდო მოქმედებს. ბუნებრივი მატება დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობას, ხოლო მიგრაციული სალდო ემიგრანტებისა და იმიგრანტებს შორის სხვაობას აღნიშნავს.
უნდა ითქვას, რომ 2021 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატებაც (-13 960) დაფიქსირდა და უარყოფითი მიგრაციული სალდოც (-25 966). შესაბამისად, ამ პერიოდში საქართველოს უფრო მეტი ემიგრანტი ჰყავდა, ვიდრე იმიგრანტი და ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
2021 წელს მხოლოდ კორონავირუსის ინფექციამ საქართველოში 11 332 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
2021 წელს ემიგრანტების რიცხვმა 99 974-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 34,6%-ით არის გაზრდილი. იმიგრანტების რაოდენობა კი 17,8%-ით გაიზარდა და 74 008 ადამიანი შეადგინა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2021 წელს ემიგრირებულთა 88,6% შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) იყო.
ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ცხოვრების დონის გაზრდის მიზნით დედაქალაქისკენ მიგრირებს.
ადამიანების ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი იძლევა. 2021 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 ერთეულით შემცირდა და 71,4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის — 67,5 წელი, ხოლო ქალებისათვის — 75,4 წელი.
უმუშევრობა — საშუალო ხელფასი
ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 19,4%-ია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 289,6 ათასი უმუშევარი ადამიანი ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი წლიურად 2,5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო 4 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზე იყო. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს ქვეყანაში საშუალოდ 316,2 ათასი უმუშევარი ცხოვრობდა, რაც სამუშაო ძალის 20,6%-ია. სამუშაო ძალაში 15 წლის და უფროსი ასაკის ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებსაც სურთ და მზად არიან სამუშაო დაიწყონ.
ადამიანების ცხოვრების დონეზე განსაკუთრებულ გავლენას მათი შემოსავლების მოცულობა ახდენს. 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 463,8 ლარია. საშუალო ხელფასის ეს მაჩვენებელი წლიურად 11,3%-ით, ანუ 149 ლარით არის გაზრდილი, რაც, მათ შორის, ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას უკავშირდება.
2021 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153,6 ლარი, ხოლო კაცების — 1 767,9 ლარი იყო, რაც ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე მეტყველებს.
საქართველოში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საშუალო არითმეტიკულის პრინციპით გამოითვლება. მაგალითად: ვთქვათ, რომ ქვეყანაში სულ სამი ადამიანია დასაქმებული და მათი სახელფასო შემოსავალი ამგვარია — 100 ლარი, 3 000 ლარი, 500 ლარი. საშუალო არითმეტიკულის პრინციპით გამოთვლილი საშუალო ხელფასი თითოეული დასაქმებულის ანაზღაურების ჯამი და მათ რაოდენობაზე, 3-ზე განაყოფი იქნება: (100+3 000+500)/3=1 200 ლარი.
შეჯამება
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის მთავარი წყარო სოციალური შემწეობა ან უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებია, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში უკვე მეორე წელია, რაც მაღალი ინფლაციაა. 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში 13,9%-იანი ინფლაცია იყო, ხოლო მიმდინარე წლის მაისში ფასების დონის ზრდის მაჩვენებელი 13,3%-ს გაუტოლდა.
ბოლო ორი წლის ჭრილში ფასები განსაკუთრებით გაზრდილია სურსათსა და ტრანსპორტზე, რაც მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა — საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე ადამიანების ხარჯების ძირითადი ნაწილი სწორედ სურსათის შესაძენად მიემართება.
ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტით შექმნილი მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება, ანუ ერთი თვისთვის საჭირო საარსებო მინიმუმი აპრილში 241 ლარია. მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებაც კი საკმარისი იქნება იმის დასადგენად, რომ ამ მოცულობის თანხა ერთი ადამიანის არსებობისთვის საჭირო სასურსათო და არასასურსათო ხარჯებს ვერ დაფარავს.
რეალურად, თუ გვსურს დავინახოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე, მის მთლიან შიდა პროდუქტს უნდა შევხედოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების ჯამია. ეს მაჩვენებელი მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასებისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
2021 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით მშპ-ს მოცულობა 5 015 დოლარი იყო — საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზე იმყოფებოდა. ეს მონაცემი განსაკუთრებით კარგად აჩვენებს იმას, როგორი ცხოვრების დონე შეიძლება იყოს საქართველოში და რამდენად ღარიბები ვართ.
კომენტარები