გგონიათ, კორონავირუსის ვაქცინაზე მითები მხოლოდ მის შექმნამდე ვრცელდებოდა ან მაშინ, როცა საქართველოში შემოიტანეს? არა. ანტივაქსერები დღემდე ებრძვიან იმუნიზაციას და ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ პანდემია დასრულდა და აცრა საჭირო აღარ არის. ამისთვის კი ტრადიციულ ხერხებს — დეზინფორმაციასა და პროპაგანდას იყენებენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მხარდაჭერილმა კვლევამ — COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის — გამოავლინა ის ასპექტები, რომლებიც გავლენას ახდენს ვაქცინაზე მათი დამოკიდებულებების ფორმირებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. დადგინდა, რომ შეთქმულების თეორიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ახალგაზრდებში ვაქცინაციაზე.

"უშვილობას იწვევს", "არაფერს შველის", "მასონები გვჩიპავენ" და მრავალი სხვა ე.წ. არგუმენტი, ალბათ, თქვენც არაერთხელ მოგისმენიათ — ამ სტატიაში სწორედ მათ განვიხილავთ და ვიტყვით, რა არის სიმართლე.

მითი #1: ვაქცინა ცვლის ადამიანის დნმ-ს

ფოტო: Brendan Lynch

სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის, დნმ-ის შეცვლა შეუძლია. ამას ანტივაქსერები განსაკუთრებით Pfizer-ის ვაქცინის წინააღმდეგ იყენებდნენ. ალბათ, მითის ავტორები გენმოდიფიცირებულ კარტოფილებად ან ზომბებად წარმოგვიდგენდნენ, თუმცა აცრილები გენეტიკურ კოდში ცვლილებებს ნამდვილად არ ვუჩივით.

სინამდვილეში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანის დნმ-ის შეცვლა არ შეუძლია. Pfizer ვაქცინა შეიცავს საინფორმაციო რნმ-ს, რომელიც არ შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ. როგორც კი მ-რნმ თავის ფუნქციას შეასრულებს, ორგანიზმიდან გამოიდევნება.

კვლევამ გამოავლინა, რომ ვაქცინაციით დნმ-ის სტრუქტურის შეცვლაზე მითი ახალგაზრდებში სკეპტიციმს იწვევს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი ალმონდი განმარტავს, რომ რნმ ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, შემდეგ იმუნური სისტემა სწავლობს ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების ამოცნობას და გამომუშავებას. ვაქცინას დნმ-თან შეხება საერთოდ არ აქვს.

მითი #2: ექსპერიმენტის ნაწილი ვართ, ჩვენზე ცდიან ვაქცინას

ფოტო: Pinterest

ხშირად ანტივაქსერების არგუმენტი არის ის, რომ ვაქცინას შესაბამისი კვლევები არ გაუვლია და ახლა ჩვენზე ცდიან, ამიტომ ის არასანდოა. გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ერთი დიდი ლაბორატორია ვართ, რადგან კორონავირუსით ვაქცინაცია არამხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან მიმდინარეობს.

სინამდვილეში, საქართველოში არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. შესაბამისად, ვაქცინაცია არ არის ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარების პროცესი, არამედ არის მნიშვნელოვანი საშუალება საკუთარი თავის დაცვისა და პანდემიის შესაჩერებლად.

ენდეთ WHO-ს, FDA-ის და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებს და არა "ნიკა ნიკას", "ანტივაქსერ მარიამის" და "gaukmebulia gaukmebulia" ანგარიშებს უკან ამოფარებულ ანტივაქსერებს.

მითი #3: ვაქცინაციას რა აზრი აქვს, აცრილებსაც ემართებათ ვირუსი

ფოტო: Mattew Robarik

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილის არგუმენტია, რომ პირობითად მათ მეზობელს, რომელსაც ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდა, ვირუსი მაინც შეხვდა, ამიტომ ის არაეფექტურია. ამბებით ასე მანიპულაცია არც ისე კარგი საქციელია.

აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოში არსებული არცერთი ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ ვირუსი არ შეგხვდება. ამას არც ქართველი და არც საერთაშორისო ექსპერტები არ ამტკიცებენ. საქმე იმაშია, რომ ვაქცინის ძირითადი მიზანი ინფიცირების ალბათობის შემცირება, ინფიცირების შემთხვევაში კი გართულებისა და სიკვდილის თავიდან აცილებაა.

ეს "არგუმენტი" განსაკუთრებით აქტუალური იყო ომიკრონის შტამისას, რადგან ბევრი აცრილი დაინფიცირდა. კვლევები ადასტურებს, რომ მართალია mRNA (ფაიზერი, მოდერნა) ვაქცინის ერთი ან ორი დოზა ვერ ანეიტრალებს ომიკრონს, თუმცა მესამე დოზა იმუნური მეხსიერების გააქტიურებას ახერხებს, რითაც აძლიერებს ანტისხეულების გამანეიტრალებელ ფუნქციას და ეფექტიანად ასუსტებს კორონავირუსის ამ შტამს.

მითი #4: ალერგიული ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინა აკრძალულია

ფოტო: Cristine Daniof

ვაქცინაციას განსაკუთრებით ერიდებოდნენ ალერგიული ადამიანები, რადგან მითი იმის შესახებ, რომ მათ ვაქცინა მხოლოდ დააზარალებს, საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყოფი ახალგაზრდები მიზეზად ასახლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველაზე ხშირად კი —ალერგიულობას.

სინამდვილეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკომენდებული არაა იმ შემთხვევაში თუ:

  • ადამიანს ანამნეზში აქვს მწვავე ალერგიული რეაქცია კორონავირუსის საწინააღმდგეო ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე;
  • ადამიანი ვაქცინის გაკეთების დღეს არის ავად, ან აღენიშნება COVID-19-ის სიმპტომები. თუმცა, ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია სიმპტომების ალაგების შემდგომ.

სხვა შემთხვევაში, ალერგიულ ადამიანებს იმისთვის რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, შეუძლიათ კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.

მითი #5: ვაქცინა იწვევს უშვილობას

ფოტო: Anisha Hossain | The Cavalier Daily

ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითია. ადამიანთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ვაქცინა სპერმის ხარისხს აქვეითებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ის ქალებში რიგ რეპროდუქციულ პრობლემებს იწვევს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების ვაქცინაციის პროცესში დამაბრკოლებელია მითი, თითქოს ვაქცინაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მსგავსი მცდარი მტკიცებულებები განსაკუთრებით ეჭვებს აღძრავს რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და კაცებში.

სინამდვილეში, მეცნიერების შეფასებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გავლენას ახდენს ადამიანის ნაყოფიერებაზე. ვაქცინაციის მეშვეობით ხდება იმუნური სტიმულაციის გამოწვევა COVID-19 ვირუსის, სპაიკცილების მიმართ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ კაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება.

მითი #6: ვაქცინით გვჩიპავენ და 5G ინტერნეტს დავიჭერთ

ფოტო: Kelly Kaminero

ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და თანაც მასშტაბური მითია, რომ ვაქცინის საშუალებით ხალხის სამართავად ორგანიზმში ჩიპები შეყავთ. ადამიანები, რომლებსაც ამის სჯერათ, ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემია მხოლოდ ნიღაბია, ნამდვილი გეგმა კი GPS-იანი მიკროჩიპების იმპლანტაციაა და მის უკან Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი დგას.

სინამდვილეში, ბილ გეიტს იმაზე მნიშვნელოვანი საქმე აქვს, ვიდრე ადამიანების ვაქცინაციით დაჩიპვაა. თავად ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს ბრალდება "სიცრუე" იყო. ასე რომ, მიკროჩიპებისა და 5G ინტერნეტის შესახებ გავრცელებული მითები ანტივაქსერული მოძრაობის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული დეზინფორმაციაა. ამაში მარტივად დარწმუნდებით, რადგან თქვენს ირგვლივ ვაქცინირებული ადამიანები ვართ და ინტერნეტს ნამდვილად ვერ ვიჭერთ.

მითი #7: ვაქცინის ხარისხს არ ვენდობი, მოკლე დროშია შექმნილი

ფოტო: Viraj Nayar for NPR

საზოგადოების ნაწილი ვაქცინას ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ფიქრობენ, რომ მის შექმნას მეტისმეტად ცოტა დრო დასჭირდა და ამის გამო უხარისხოა.

სინამდვილეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა გაიარეს მკაცრი ტესტირება კლინიკურ კვლევებში იმის დასადასტურებლად, რომ აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

იმუნოლოგები განმარტავენ, რომ კორონავირუსები იქამდე არსებობდნენ სამყაროში, სანამ Covid-19 გაჩნდებოდა და მეცნიერებსაც ნაფიქრი ჰქონდათ ამ ვირუსთან ბრძოლის საშუალებებზე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ მოსაზრების არარელევანტურობას ადასტურებს, არის მსოფლიოს ერთობლივი ძალისხმევა, შექმნილიყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ყველამ ვიცით, რომ ვაქცინის შექმნისთვის კოლოსალური თანხები დაიხარჯა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც იძლეოდა საშუალებას, შექმნის პროცესში ბევრი მკვლევარი ჩართულიყო.

საქართველოში მხოლოდ ის ვაქცინებია შემოტანილი, რომლებმაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია მოიპოვეს.

მითი #8: ვაქცინა კორონავირუსით ხალხის დასაინფიცირებლად შეიქმნა

ფოტო: Muhabit ul Haq

ანტივაქსერების ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში ვირუსი შეყავთ და ხალხს განზრახ აინფიცირებენ. სინამდვილეში, ვაქცინა არანაირ ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და მისი საშუალებით ინფიცირებაც შეუძლებელია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერილი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების არჩევანზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ვაქცინებთან, არამედ უშუალოდ ვირუსთან დაკავშირებული მითებიც. მათ, ვისაც ვირუსის ხელოვნურად გამოყვანის სჯერა, ნაკლებად აინტერესებს ვაქცინების შემადგენლობაც და ზემოთხსენებული მითებიც, ისინი იმთავითვე არ ენდობიან ვაქცინებს და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი არსებობა კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ისევე, როგორც თვითონ ვირუსი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ არსებობს ვაქცინების სამი ტიპი: ცოცხალი, მკვდარი და რეკომბინანტული, ანუ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული. მისი თქმით, ცოცხალმა ვაქცინამ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, რომ "რაღაც დაავადების მსგავსი" გამოიწვიოს. თუმცა, კორონავირუსის ვაქცინები ასეთი ტიპის ვაქცინათა ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

მითი #9: ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ

ფოტო: Maria Chimishkyan

იმუნოლოგების მოწოდებების მიუხედავად, რომ რისკჯგუფებში ვაქცინაცია აუცილებელი და საჭიროა, საზოგადოების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა ან სხვა დაავადებების ქონის შემთხვევაში მათთვის კორონავირუსის ვაქცინა სახიფათოა.

სინამდვილეში, ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ ადამიანებისთის, ვისაც რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს, განსაკუთრებით დიაბეტისა და სისხლძარღვთა თრომბოზული დაავადებების შემთხვევაში. სწორედ ასეთი ადამიანების COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, დიდია რისკი, რომ ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლა გაუძნელდეს, დასჭირდეს კლინიკაში განთავსება და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ფატალური შედეგი დადგეს.

მითი #10: აცრილებიც იღუპებიან, სჯობს ჯანსაღად ვიცხოვრო და ესეც მეყოფა

ფოტო: James Yang

ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსისგან თავის დაცვა ვარჯიშით, სწორი კვებით ან ბევრი C ვიტამინის მიღებითაა შესაძლებელი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვირუსს ალკოჰოლით მკურნალობდნენ.

რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, თუმცა ვირუსის პრევენციისთვის ეს საკმარისი არ არის. COVID-19-ის ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს ეხმარება, გაძლიერდეს და შეიარაღდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებით. ეს ანტისხეულები ამოიცნობენ და ანეიტრალებენ ვირუსს, სანამ ის მოასწრებს ორგანიზმში გამრავლებას და დაავადების გამწვავებას.


კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დაბალანსებული და გამჭირვალე ინფორმაციის მიწოდება ვაქცინაციის რისკებსა და ეფექტიანობაზე, მათ შორის, კვლევებით გამყარებულ გვერდით ეფექტებზე, გავლენას ახდენს ვაქცინირების გადაწყვეტილებაზე. ის ზრდის ნდობას და სარგებლის გააზრებას, რაც საქართველოში რეალური გამოწვევაა ახალგაზრდების ვაქცინირების კუთხით. გამჭვირვალე კომუნიკაციისას გასათვალისწინებელია ვაქცინათა ტექნიკური მახასიათებლებიც, ვინაიდან, სხვადასხვა კვლევის თანახმად, ეს ამცირებს რისკის აღქმას. ვაქცინაციაზე მიმართვიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ინტეგრირებული საკომუნიკაციო მიდგომების გამოყენება.

დასასრულს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უნდა ენდოთ მხოლოდ სანდო წყაროებს და მეცნიერულ დასკვნებს, რადგან ანტივაქსერული კამპანია ჯერ კიდევ არ ნებდება.

მასალა მომზადებულია გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და ისინი, შესაძლოა, არ წარმოადგენდნენ UNFPA-ს პოზიციას.