მეცნიერებმა წონის კლებისათვის ახალი მედიკამენტი შექმნეს — კვლევის ფარგლებში იგი ეფექტიანია
ახალი მედიკამენტის მიმღებმა პირებმა საშუალოდ სხეულის მასის 20% დაკარგეს.
ახლახან მეცნიერება ჭარბ წონასთან საბრძოლველად კიდევ ერთი მედიკამენტი გამოცადეს. შედეგად კვლევის მონაწილეებმა საშუალოდ სხეულის მასის 20 პროცენტი დაკარგეს. წამალი აშშ-ის ფარმაცევტულ კომპანია Lilly-ს ეკუთვნის.
ასევე იხილეთ: ჭარბი წონა ყოველწლიურად ევროპაში 1.2 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს — WHO-ს ახალი ანგარიში
ადამიანის სხეული საკმაოდ კომპლექსური სისტემაა. როდესაც მას ენერგია, იგივე კალორიები, ესაჭიროება, ჰორმონ გრელინს გამოყოფს, რომელიც შიმშილის გრძნობას გვიჩენს. მირთმევის შემდეგ სხეული ნაკლებ გრელინს გამოყოფს და მას ჰორმონებით, მათ შორის GLP-1-ით, PYY-ითა და ლეპტინით ანაცვლებს. სწორედ ესენი გვეხმარება, თავი დანაყრებულად ვიგრძნოთ.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა წონის კლებას ვცდილობთ, დანაყრების ჰორმონები მცირდება, შიმშილისა კი იმატებს, რაც შიმშილის მუდმივ შეგრძნებას აჩენს და წონის კლებაში გვიშლის ხელს.
კომპანია Lilly-ს მიერ შექმნილ ახალ მედიკამენტს ტირზეპატიდი ეწოდება. მასში ჰორმონების მიმბაძველი ორი სინთეზური ნივთიერებაა გაერთიანებული: GLP-1 და GIP. როგორც ჩანს, GIP ენერგიის ხარჯვას აძლიერებს და საკვების მიღების სურვილს აქრობს. სავარაუდოდ, GIP-ისა და GLP-1-ის მოქმედების კომბინაცია წონის კლებას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
კვლევის ფარგლებში, რომელშიც დაახლოებით 2 500 დიაბეტის არმქონე ზრდასრული მონაწილეობდა, მეცნიერებმა მედიკამენტის ეფექტიანობა და უსაფრთხოება შეამოწმეს. კვლევაში მონაწილეთა საშუალო წონა 105 კილოგრამს შეადგენდა. მათ ყოველკვირეულად წამლის დაბალ (5 მგ), საშუალო (10 მგ) ან მაღალ (15 მგ) დოზას, ანდა პლაცებოს აძლევდნენ 72 კვირის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ წონის ყველაზე მკვეთრი კლება, საშუალოდ სხეულის მასის 22,5 პროცენტი, წამლის ყველაზე მაღალი დოზის მიღებისას შეინიშნებოდა.
გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტს არაერთი გვერდითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა. მათი ხარისხი წამლის დოზის გაზრდასთან ერთად ძლიერდება. მიუხედავად ამისა, წონის კლებისათვის განკუთვნილი მედიკამენტებისათვის თავის დანებება ნებისმიერ დროს შეიძლება — განსხვავებით ქირურგიული ჩარევისგან, რომლის შედეგადაც კვებითი ჩვევები სამუდამოდ იცვლება.
კომპანია დამატებით კვლევას ჩაატარებს იმის გასარკვევად, შეგვიძლია თუ არა, მედიკამენტი მეორე ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც გამოვიყენოთ.
საგულისხმოა, რომ კვლევა თავად ფარმაცევტულმა კომპანიამ ჩაატარა და ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, იგი დარგის სხვა სპეციალისტებს არ შეუფასებიათ. იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, სავარაუდოდ, რამდენიმე წელში წამალი ბაზარზე ხელმისაწვდომიც გახდება.
კომენტარები