"წყვდიადის მარცხენა ხელმა" დაგვანახა, რომ მეგობრობაც სასიყვარულო ისტორია შეიძლება იყოს
ურსულა კ. ლე გუინის 1969 წელს გამოცემული ბრწყინვალე სამეცნიერო ფანტასტიკა ადამიანური კავშირის შესახებ დღესაც ღირებულ გაკვეთილს გვასწავლის.
დღეს სულ უფრო ხშირად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ გაბატონებულ იდეას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი. კერძოდ, კულტურაშიც და ყოველდღიურობაშიც მეტად ფასდება ის ხანგრძლივი ურთიერთობები, რომლებიც მეგობრებთან — ჩვენ მიერ არჩეული ოჯახის წევრებთან — გვაქვს და იცვლება ინტიმურობისა და რომანტიკის მიღებული ნორმების ბუნება.
მართლაც, რა იქნებოდა, თუ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კავშირები არა რომანტიკულ პარტნიორებთან, არამედ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან გვექნებოდა? წყვდიადის მარცხენა ხელში ცნობილი მწერალი, ურსულა კ. ლე გუინი გენლი აისა და თერემ ჰართ რემ ირ ესტრავენს შორის არსებული ურთიერთობით სწორედ ასეთ შესაძლებლობას აღწერს.
როდესაც რომანტიკულ ურთიერთობაზე ვფიქრობთ, როგორც წესი, წარმოგვიდგება ორი ადამიანი (ძირითადად, ცისგენდერი და ჰეტეროსექსუალი კაცი და ქალი), რომლებსაც ერთმანეთი უყვარდებათ და რომანტიკულ (ხშირად ასევე სექსუალურ) ურთიერთობას იწყებენ ოჯახის შექმნის მიზნით. რომანტიკის საზოგადოებაში არსებული ეს ვიწრო ხედვა ცნობილია როგორც ამატონორმატიულობა. რაისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, ელიზაბეთ ბრეიკი თავის წიგნში, ქორწინების მინიმიზაცია, წერს, რომ ჩვენ ყველას ცხოვრებაში ამატონორმატიულობის ძიებისკენ გვიბიძგებენ. ეს კი სხვა ისეთი ურთიერთობების ხარჯზე ხდება, როგორიცაა მეგობრობა და ურთიერთობა საკუთარ თავთან.
წყვდიადის მარცხენა ხელი ფუნდამენტურად უპირისპირდება ამატონორმატიულობას. ამბავი ფოკუსირებულია აიზე, დედამიწაზე დაბადებულ პროტაგონისტზე, რომელიც ცდილობს, რომ პლანეტა გეთენი ეკუმენს, გალაქტიკათაშორის ალიანსს შეუერთოს. მისი დიპლომატიური მისიის მსვლელობისას, რომელიც ადამიანის მსგავს გეთენიელებთან ურთიერთობის დამყარებასა და მათთან — განსაკუთრებით კი ერთ გეთენიელ ლიდერთან, ესტრავენთან — ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურება, ლე გუინი სვამს კითხვას: რა იქნებოდა, მთელი საზოგადოება რომ ფორმალური ქორწინების, ბავშვის აღზრდისა და ურთიერთობრივი სტატუსების გარეშე არსებობდეს? რა იქნებოდა, რომ ღრმა, მაგრამ ამავე დროს არარომანტიკული ურთიერთობა კაცისა და ქალის ბინარული როლების მიღმა გვქონდეს?
დროთა განმავლობაში აი იაზრებს, რომ თუ სურს, დაუახლოვდეს და გაუგოს ესტრავენს, მაშინ გენდერის, სექსისა და ურთიერთობების შესახებ საკუთარი შეხედულებები უკან უნდა მოიტოვოს.
წყვდიადის მარცხენა ხელი — სამეცნიერო ფანტასტიკის ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც ისეთ თემებზე საუბრობს, როგორიცაა პირველი კონტაქტი, ნაციონალიზმი, ტაოისტური ფილოსოფია და წინასწარმეტყველება — თავისი არსით ადამიანებს შორის ურთიერთობის შენების სირთულეების შესახებ მოთხრობილი ამბავია. სიუჟეტი აგებულია აისა და ესტრავენის ძალისხმევაზე, გადალახონ კულტურული და ლინგვისტური ბარიერები, რათა ჩამოაყალიბონ ურთიერთობა, რომელიც ნდობაზე, მიმღებლობასა და სიყვარულზე იქნება დაფუძნებული.
50 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 1969 წელს წიგნი პირველად გამოიცა, თუმცა აისა და ესტრავენს შორის წარმოქმნილი რომანტიკული ურთიერთობა დღემდე აგრძელებს ჩვენს შთაგონებას და გვიბიძგებს, რომ ინტიმურობა ამატონორმატიული ქორწინებისა და მეორე ნახევრის იდეის მიღმაც ვეძიოთ. ის სავსეა გაკვეთილებით, რომლებიც ყველას შეუძლია საკუთარ ურთიერთობაში თავისდა სასიკეთოდ გამოიყენოს.
თავდაპირველად აი ვერ ახერხებს ესტრავენთან ნდობაზე დაშენებული კავშირის დამყარებას, რადგან ეს უკანასკნელი — ისევე, როგორც ყველა გეთენიელი — ანდროგინია: არც "კაცია" და არც "ქალი" (საგულისხმოა, რომ ლე გუინი წიგნის წერისას გეთენიელებზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელ, He/His/Him ნაცვალსახელებს იყენებს. ის ფიქრობდა, რომ ეს ნაცვალსახელები "ნამდვილად ზოგადი" გახლდნენ. თუმცა კრიტიკის მოსმენისა და საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ მწერალს თავისი არჩევანის მიმართ ეჭვები გაუჩნდა). როგორც ესტრავანთან პირველი ვახშმისას აი აღნიშნავს:
"ვფიქრობდი, რომ მაგიდასთან ესტრევანის საქციელი ქალური იყო. [...] ნუთუ ეს რბილი ფემინურობა იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაც არ მომწონდა და არ ვენდობოდი მას? რადგან შეუძლებელი იყო გეფიქრა მასზე როგორც ქალზე. [...] და მაინც, როდესაც მას კაცად წარმოვიდგენდი, სიყალბეს ვგრძნობდი".
ნათელი ხდება, რომ აის სექსიზმის, ქალთა მიუღებლობისა და ჰომოფობიის სერიოზული პრობლემა აქვს. ეს მას პირდაპირ უშლის ხელს საქმის შესრულებაში, რაც გეთენიელებთან კავშირის დამყარებასა და მათი ნდობის მოპოვებას გულისხმობს. მწერალმა ჩარლი ჯეინ ანდერსმა შენიშნა, რომ "[აი] ყველაფრის მიმართ ცნობისმოყვარე და გახსნილი ადამიანია, გარდა იმ უშველებელი სივრცეებისა, რომელთა მიმართაც მისი გონება დიდი ხნის წინ ჩაიკეტა".
ესტრავენი კი ამ დროს აის ერთგული მოკავშირეა გეთენის ეკუმენთან დაახლოების საკითხში. პირადი მსხვერპლის ფასად, ის მთელი ამბის განმავლობაში ეხმარება აის — იმისდა მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ გვიან იაზრებს ამას. გეთენის სოციალური ნორმების გამო, ესტრავენს უჭირს თავისი განზრახვების ისე გადმოცემა, რომ აიმ მას ბოლომდე გაუგოს. ამას ემატება ისიც, რომ აი მასთან ქედმაღლურად, უხეშად და შეურაცხმყოფლადაც კი იქცევა. საბოლოოდ ესტრავენი იაზრებს, რომ "მას [აის] არ ესმის ჩვენი, ჩვენ კი მისი".
ეს სიამაყე საბოლოო ჯამში აის ციხეში ამოაყოფინებს თავს. ესტრავენი მას გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნის და ისტორიაც თავის კულმინაციას აღწევს, როდესაც მათ უშველებელი, ყინულოვანი ტუნდრის გადალახვა უწევთ, რათა ესტრავენის ქვეყანაში დაბრუნდნენ. სწორედ აქ, არქტიკულ უდაბნოში ციგითა და აღჭურვილობით ასობით კილომეტრის თვეების განმავლობაში უკან მოტოვებისას, ისინი გადალახავენ დიდხნიან გაუგებრობას და, როგორც იქნა, გაუგებენ ერთმანეთს. როცა ესტრავენი ცდილობს, აისთან მისთვის გასაგები გზებით იურთიერთოს, ეს უკანასკნელი გააცნობიერებს, რომ თავისი გენდერული შეხედულებები და მასკულინური კომპლექსები უნდა ჩამოიშოროს, თუ სურს, მეგზურს დაუახლოვდეს. როდესაც ის ავად ხდება ან იღლება, აი ნელ-ნელა სწავლობს ესტრავენის მიერ მის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევის დაფასებას. ის ამ ქმედებებში შეურაცხყოფას აღარ ხედავს და, ამასთანავე, საკუთარ შეზღუდვებსაც თვალს უსწორებს.
ამ სუბარქტიკული იზოლაციისას აი საბოლოოდ დაინახავს ესტრავენს ისეთად, როგორადაც მას ყოველთვის სურდა, რომ დანახული ყოფილიყო:
"აქამდე მე ესტრავენის რეალობას უარვყოფდი. [...] ის ერთადერთი იყო, ვინც სრულად მიმიღო როგორც ადამიანი: ვინც [...მიბოძა] სრული პიროვნული ერთგულება და ამიტომ ჩემგანაც იმავე აღიარებასა და მიმღებლობას ითხოვდა. [...] მე მეშინოდა, რომ მივნდობოდი მას, დავმეგობრებოდი კაცს, რომელიც ქალია და ქალს, რომელიც კაცია".
მათ ურთიერთობაში საგულისხმო ის არის, რომ აი და ესტრავენი ერთმანეთს იქამდე ვერ დაუახლოვდნენ, სანამ ინტიმურობის ამატონორმატიული ნორმები არ გადალახეს. მათ ისწავლეს, ნაკლები სიტყვებით უკეთ როგორ დაემყარებინათ კავშირი და ორმხრივმა ნდობამ მათ ყინულზე მრავალი სახიფათო ადგილი გადაალახვინა. საოცარია, რომ სექსუალური მუხტის გაჩენისას ისინი გადაწყვეტენ, არ ჰქონდეთ სექსი და იმის საწინააღმდეგოდ, რაც კი რომანტიკის შესახებ ოდესმე გვისწავლია, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღრმავებს მათ ურთიერთნდობას:
"მეჩვენებოდა — და, ვგონებ, მასაც ასევე — რომ ჩვენ შორის არსებული ახლა უკვე აღიარებული, თუმცა დაუკმაყოფილებელი სექსუალური დაძაბულობის გამო გაჩნდა მოულოდნელი და დიდი მეგობრობა: მეგობრობა, რომელიც ამ ჩვენს გადასახლებაში ორივეს ძალიან გვჭირდებოდა და რომელიც ამ სასტიკი მოგზაურობის დღეებსა თუ ღამეებში არაერთხელ გამოიცადა. ამ გრძნობას, ახლაც და მომავალშიც, სიყვარული შეიძლება ეწოდოს".
წიგნის სათაურიც მათი ურთიერთობის ერთგვარი სიმბოლოა, რადგან მათ თავდაპირველად ერთმანეთი შეუგნებელ უცხოპლანეტელებად მიაჩნდათ, საბოლოოდ კი მეგობარი და პარტნიორი — თავიანთ მარცხენა ხელი იპოვეს. მათი რომანტიკული კავშირით ლე გუინი იკვლევს სამყაროს, რომელიც გენდერითა და სქესით არაა შებოჭილი და იმ კულტურული შეზღუდვების მიღმა არსებობს, რომლებშიც ჩვენს ურთიერთობებს ვათავსებთ ხოლმე. როგორც აი წიგნის ბოლოს აანალიზებს, ნამდვილი კავშირი მაშინ მოდის, როდესაც ჩვენ არა მხოლოდ ვეგუებით სხვის სამყაროს, არამედ როდესაც საკუთარ სხეულსა და რეალობას ისე გადავაწყობთ, რომ მათში ამ სამყაროსთვის ადგილი გამოთავისუფლდეს.
საბოლოოდ, წყვდიადის მარცხენა ხელი გვასწავლის, რომ ერთმანეთისთვის ყველანი უცხოპლანეტელები ვართ — ვცხოვრობთ დიდ, უნიკალურ კოსმოსურ სივრცეში, რომლის გაგების მხოლოდ იმედი თუ შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც გადავიკვეთებით. თუმცა ამ ცივი წყვდიადის სიღრმეში, ამასთან და ყოველთვის, ნამდვილი კავშირისა და სითბოს დაბადების უნარის მქონე უსასრულო ნათელი ვარსკვლავები არსებობენ.
კომენტარები