უნდა გვრცხვენოდეს თუ არა შვილებს შორის ფავორიტის ყოლის?
უხერხული საღიარებელია, მაგრამ ბევრი მშობელი ერთ-ერთ შვილს გამოარჩევს. აქცევს თუ არა ეს მათ "ცუდ" მშობლებად?
როგორც კი ჯოანამ მეორე შვილი გააჩინა, მაშინვე მიხვდა, რომ ის მისი ფავორიტი იყო. ორი შვილის დედა ინგლისიდან ამბობს, რომ ორივე შვილი უყვარს, მაგრამ უმცროსს მისი უფროსზე მეტად ესმის.
პირველ შვილზე მშობიარობას გართულებები მოჰყვა. პირველი 24 საათის განმავლობაში ექიმებს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯოანასა და ახალშობილის დაშორება მოუხდათ. ქალი ფიქრობს, რომ დედა-შვილის კავშირის დასამყარებლად ამ აუცილებელი პერიოდის გამოტოვება ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ურჩევნია პირველს მეორე შვილი, რომელთანაც მსგავსი პრობლემა არ ჰქონია.
"ჩვენი ურთიერთობა რომ შევაჯამო: უფროსთან საუბრისათვის მასთან შეხვედრაზე ჩაწერა მჭირდება, უმცროსი კი, შუაღამესაც რომ დავურეკო, კილომეტრებს გაივლის ჩემ სანახავად. ჩემი უმცროსი შვილი ამ პლანეტაზე ყველაზე კეთილი ბიჭია. ის მზრუნველი, გულუხვი, თავაზიანი და მეგობრულია — ისეთი, ყველას რომ დაეხმარება", — ამბობს ჯოანა.
ჯოანა საკუთარ გრძნობებს დიდი ხანი ებრძოდა, თუმცა მათ ახლა აღარ უარყოფს და თავის დამოკიდებულებას თვალს უსწორებს. "შემიძლია, წიგნი დავწერო ყველა იმ მიზეზზე, თუ რატომ მიყვარს ერთი შვილი მეორეზე მეტად. რთული იყო, თუმცა თავს დამნაშავედ აღარ ვგრძნობ", — ამბობს ის.
ჯოანასგან განსხვავებით, მშობლების უმრავლესობის ფავორიტიზმი ნაკლებად შესამჩნევია და ამას არასდროს განიხილავენ. ფავორიტი შვილის ყოლა მშობლებისთვის ყველაზე დიდი ტაბუა. და მაინც, კვლევა აჩვენებს, რომ მათ უმრავლესობას მართლაც ჰყავს გამორჩეული შვილი.
უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ბავშვს, რომელიც რჩეული არ არის, სწორედ ამის გარშემო შეიძლება ჩამოუყალიბდეს ხასიათი და ხშირ შემთხვევაში ამას დედმამიშვილებს შორის ქიშპობაც მოსდევს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მშობლები ძალიან ფრთხილები არიან ფავორიტიზმის გამოვლენისას. კვლევების მიხედვით, ბავშვები უმეტესად ვერ ხვდებიან, სინამდვილეში რომელი მათგანია რჩეული. აქედან გამომდინარე, მთავარია, მშობლები რამდენად წარმატებულად გააკონტროლებენ იმას, თუ როგორ აღიქვამენ ბავშვები მათ ფავორიტიზმს.
ფავორიტების არჩევა
"ფავორიტი შვილი ყველას არა, მაგრამ ბევრ მშობელს ნამდვილად ჰყავს", — ამბობს ჯესიკა გრიფინი, ფსიქიატრიისა და პედიატრიის ასოცირებული პროფესორი მასაჩუსეტსის სამედიცინო უნივერსიტეტიდან, — "მონაცემები მოწმობს, რომ განსაკუთრებით დედები იმ შვილებს გამოარჩევენ, რომლებთანაც საერთო ინტერესები აკავშირებთ და რომლებიც ოჯახზე მეტად არიან ორიენტირებულები, ვიდრე კარიერაზე".
რაც უნდა იყოს მიზეზი, არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ბევრ მშობელს ჰყავს რჩეული შვილი — აღიარებენ ისინი ამას თუ არა. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ ერთ კვლევაში 74%-მდე დედებმა და მამების 70%-მა ერთ-ერთი შვილისადმი გამორჩეული დამოკიდებულება გამოავლინეს.
და მაინც, უმრავლესობისათვის ეს საკითხი ტაბუდადებულია. სხვა კვლევისას ფავორიტი შვილის ყოლა გამოკითხულ მშობელთა მხოლოდ 10%-მა აღიარა, რაც ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი მშობლებისათვის ეს გრძნობები ოჯახის საიდუმლოდ რჩება.
კვლევა გვიჩვენებს, რომ ფავორიტი შვილის არჩევაში მნიშვნელოვან როლს დაბადების თანმიმდევრობა თამაშობს. დადგინდა, რომ გამოკითხული ორშვილიანი მშობლების 62% უმცროს შვილს გამოარჩევს. სამი ან მეტი ბავშვის მშობლების 43% ნაბოლარას, მესამედი — შუათანას და მხოლოდ 19% ირჩევს უფროს შვილს.
კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი, ვიაიეტი სინჰი ამბობს, რომ უმცროსი შვილისკენ გადახრა დაბადების თანმიმდევრობასთან დაკავშირებული სოციალური და ემოციური უნარებიდან უნდა მოდიოდეს. რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვთ მშობლებს ბავშვების აღზრდაში, მით უკეთ იციან, როგორი ბავშვობა უნდათ, რომ შეუქმნან თავიანთ შვილებს და მათთვის რომელი თვისებების გადაცემა სურთ.
"უმეტესწილად, მშობლები იმ შვილს გამოარჩევენ, რომელიც მათ საკუთარ თავს ახსენებს ან მას, ვისშიც საკუთარი, როგორც აღმზრდელის, წარმატებას ხედავენ", — ამბობს სინჰი, — "უმცროსი შვილის აღზრდისას მშობლები უფრო გამოცდილები და საკუთარ უნარებში თავდაჯერებულები არიან".
ცუდი მშობლობა?
ფავორიტი შვილის ყოლას დანაშაულის მწვავე გრძნობა მოსდევს, რადგან მშობლები აცნობიერებენ, რომ ამას ბავშვზე ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ეს არცთუ უსაფუძვლო შიშია.
"ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, სადაც გრძნობენ, რომ უსამართლოდ ექცევიან, ხშირად თავს უმნიშვნელოდ გრძნობენ", — გვიხსნის სინჰი, — "მათ შეიძლება დაიჯერონ, რომ სიყვარულს არ იმსახურებენ; რომ რაღაც ისეთი აკლიათ, რაც მათი შეყვარებისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვებს შიშები და არასრულფასოვნების გრძნობა უჩნდებათ. შედეგად ისინი შეიძლება შეეცადონ, რომ ზედმეტად თავაზიანები იყვნენ, მეტად დაეთანხმონ სხვებს, რათა მათგან მოწონება დაიმსახურონ".
თუმცა მშობლების უმრავლესობას სანერვიულო არაფერი აქვს. კვლევათა მიხედვით, თუ ისინი ფავორიტ შვილსა და მის დედმამიშვილს ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულად არ ეპყრობიან, მაშინ ეს გარემოება ბავშვების უმრავლესობაზე ზეგავლენას არ ახდენს. ხანდახან მშობლები ზედმეტად აშკარად გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს. თუმცა როცა ისინი წინდახედულები და გონივრულები არიან და შვილებს არ აგრძნობინებენ, თუ ვინაა მათი რჩეული, ბავშვები თავს მშობლების სიყვარულისა და მხარდაჭერის უღირსებად არ თვლიან.
მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებმა შეიძლება არც იცოდნენ, ვინაა მშობლის ფავორიტი. ერთ კვლევაში გამოკითხულებიდან ხუთიდან ოთხი ირწმუნებოდა, რომ მშობლები უპირატესობას მის დას ან ძმას ანიჭებდნენ — ეს სტატისტიკა, დიდი ალბათობით, არასწორია. სხვა კვლევები კი აჩვენებს, რომ ბავშვებს 60%-ზე მეტ შემთხვევაში მცდარი წარმოდგენა აქვთ მშობლების ფავორიტი შვილის ვინაობაზე.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მშობლებს თავიანთი გრძნობების შენიღბვა იმაზე უკეთ შეუძლიათ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ან, შეიძლება, ჩვენ უბრალოდ ძალიან სუსტები ვართ იმის გამოცნობაში, თუ ვინაა ჩვენი მშობლების რჩეული შვილი.
"თითქოს უფრო ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ბავშვები ინსტინქტურად ხვდებიან, ჰყავთ თუ არა მათ მშობლებს ფავორიტი და თუ ჰყავთ, რომელია ის. თუმცა ჩვენი მონაცემები განსხვავებულს გვიმტკიცებს", — განმარტავს გრიფინი, — "ბავშვებმა შეიძლება დაასკვნან, რომ რჩეული ყველაზე უმცროსია; ან ის, ვინც მშობლებისთვის ნაკლები სტრესის მომტანია და ბევრს შრომობს. სინამდვილეში, მშობლების ფავორიტიზმის მიღმა უამრავი სხვადასხვა მიზეზია — მაგალითად, მათ შეიძლება ის შვილი გამოარჩიონ, რომელსაც უჭირს და მშობლების მხარდაჭერა სხვებზე მეტად სჭირდება, ანდაც ის, ვინც მათ ყველაზე მეტად ჰგავს".
გრიფინის აზრით, მშობლებისაგან ნორმალური და მოსალოდნელია, თუ ისინი ერთ-ერთ შვილთან უფრო ახლოს არიან — მათ ამის გამო თავი არ უნდა დაიდანაშაულონ. მისი თქმით, მართალია, რომ ბავშვებს, რომლებსაც თავი საყვარელ შვილად არ მიაჩნიათ, დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასების მეტი რისკი აქვთ, მაგრამ, ამასთან, უმეტესად მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომელ დედმამიშვილს გამოარჩევს მშობელი.
ამიტომ, იქნებ, სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რომელია რჩეული შვილი?
თანაბარი სიყვარული
გრიფინი ამ თავსატეხს თავის როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში აწყდება: მისი სამი შვილი ხშირად ხუმრობს იმაზე, თუ რომელია მისი "საყვარელი" შვილი.
გრიფინი გვირჩევს, რომ თუ მშობლების ფავორიტიზმი ოჯახის რომელიმე წევრზე მოქმედებს, პედიატრს ან ფსიქოლოგს მივმართოთ. თუმცა მას სჯერა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისეთი უბრალო ტაქტიკაც, როგორიცაა ზრუნვისა და ყურადღების გამოვლენა, ურთიერთობაში დისბალანსის გამოსწორებაში დაგვეხმარება.
მისი თქმით, შეიძლება, მშობლებმა ფავორიტიზმი არ აღიარონ, მაგრამ თუ ასეთი გრძნობები აქვთ, ისინი ნამდვილად არ არიან ერთადერთები. დედებისა და მამების უმრავლესობა ერთ შვილს გამოარჩევს — და ეს ნორმალურია.
"მშობლების ცხოვრებაში იქნება ისეთი დღეები, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო ერთ-ერთ შვილთან დროის გატარება მეტად ენდომებათ", — ამბობს ის, — "მთავარია, გვახსოვდეს, ფავორიტი შვილის ყოლა არ ნიშნავს, რომ დანარჩენი შვილები ნაკლებად გვიყვარს".
კომენტარები