ინტროვერტის თვისებებზე კითხვისას შეიძლება გიგრძნია, თითქოს ვიღაც შენს ცხოვრებას აკვირდება და მის შესახებ წერს — მარტო ყოფნა გიყვარს, ხალხთან დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობა ფიზიკურად ცუდად გხდის, ვერ იტან მოკლე, უაზრო საუბარს — შეუძლებელია, ინტროვერტი არ იყო! თუმცა ამავე დროს, ამაში ბოლომდე დარწმუნებულები არ ხარ, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ექსტრავერტის თვისებებს ავლენ.

ამ, ერთი შეხედვით, პარადოქსული მდგომარეობის ახსნა შესაძლებელია: არის შანსი, რომ შენ, უბრალოდ, ამბივერტი ხარ.

ინტროვერტიზმისა და ექსტრავერტიზმის ცნებები ცნობილმა შვეიცარიელმა ფსიქიატრმა კარლ იუნგმა 1920-იანი წლებში დაამკვიდრა. რომ გავიხსენოთ, ექსტრავერტები არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას ხალხთან ყოფნით იღებენ, ისინი სოციალიზაციის მოყვარულები, მხიარულები და მეგობრულები არიან; ინტროვერტები კი პირიქით — მცირე სოციალური წრის მქონე, მორცხვი ადამიანები. ინტროვერტს ადამიანების გარემოცვაში ყოფნით "სოციალური ელემენტი" თანდათან უჯდება და მისი ხელახლა დატენა მარტო ყოფნითაა შესაძლებელი.

ეს ადამიანის ხასიათის განსაზღვრის კარგად გამოცდილი მეთოდია, თუმცა სინამდვილეში არავინ არის 100%-ით ერთი ან მეორე. იუნგმა ხასიათის ტიპების კვლევისას აღმოაჩინა, რომ ყველა ადამიანს მხოლოდ ამ ორი ცნებით ვერ აღწერდა. მისი თქმით, არავინაა აბსოლუტურად ინტროვერტი ან ექსტრავერტი, "არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ დაბალანსებულები არიან და მათზე ზეგავლენას მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამყარო არ ახდენს".

ფოტო: Atlassian

ინტროვერტიზმი და ექსტრავერტიზმი შეგვიძლია, სპექტრის უკიდურეს წერტილებად განვიხილოთ. ზოგიერთები ერთი მხარისკენ უფრო იხრებიან, ზოგნი კი მეორისკენ. ზოგი უკიდურესად ინტროვერტია, ზოგიც — ექსტრავერტი, თუმცა ჩვენი უმრავლესობა ამ სპექტრის შუაშია მოქცეული. ასეთ ადამიანებს ამბივერტები ეწოდებათ და ისინი, განწყობისა და გარემოცვის მიხედვით, როგორც ინტროვერტის, ისე ექსტრავერტის თვისებებს ავლენენ.

ამბივერტები ბევრი სხვა სახელითაც მოიხსენებიან. მაგალითად, ექსტრავერტული ინტროვერტი — ინტროვერტი, რომელიც სპეციფიკურ სიტუაციებში, გამორჩეულ ადამიანებთან უფრო გახსნილი და სოციალურია; ანტისოციალური ექსტრავერტი — ექსტრავერტი, რომელსაც სოციალიზაციის შემდეგ საკუთარ თავთან განმარტოება სჭირდება ან ის, ვინც მარტოობაში ტიპურ ექსტრავერტზე დიდ დროს ატარებს; და სოციალური ინტროვერტი — ინტროვერტი, რომელსაც შეუძლია, როცა საჭიროა, ექსტრავერტად იქცეს. სახელებიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივხვდეთ, რომ არც ჭეშმარიტი ამბივერტები არსებობენ, ისინი სპექტრის ერთ მხარეს მეორეზე მეტად იხრებიან.

როგორ უნდა დარწმუნდე, ხარ თუ არა ამბივერტი? ქვემოთ ჩამოთვლილია მსგავსი ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რაც ამ კითხვაზე პასუხის გარკვევაში დაგეხმარება:

1. არც ინტროვერტი ხარ, არც — ექსტრავერტი, მაგრამ თან ორივე ხარ

როცა ხასიათის ტიპებზე ონლაინტესტებს ავსებ, სხვადასხვა პასუხი მოგდის იმისდა მიხედვით, თუ იმ დროს თავს როგორ გრძნობ. შენს ზოგიერთ მეგობარს, ნათესავსა და ნაცნობს შეიძლება სჯეროდეს, რომ ინტროვერტი, ჩუმი ადამიანი ხარ, მაგრამ სხვები პირიქით ფიქრობენ და სოციალურ პეპლად აღგიქვამენ.

2. ყურადღების ცენტრში ყოფნა ხან გიყვარს, ხან — არა

ფოტო: Karolina Kalinowska / Dribbble.com

ზოგ სიტუაციაში ყურადღების ქვეშ თავს კომფორტულად გრძნობ და ეს გსიამოვნებს, მაგრამ არ მოგწონს, თუ ამგვარი მდგომარეობა დიდხანს გრძელდება. არ გაქვს იმის მოთხოვნილება, რომ სოციალურ სიტუაციებში საუბრის თემა მუდამ შენ იყო. არც ხალხისათვის საკუთარი თავის ძლიერი მხარეების ჩვენება გაინტერესებს. ხშირად ჩუმი დამკვირვებლის როლის თამაშითაც ბედნიერი ხარ.

3. შენთვის ადამიანები საინტერესოები, მაგრამ დამღლელები არიან

სოციალურ შეკრებებზე წასვლა სიხარულითა და მოლოდინით გავსებს. ახალი ადამიანების გაცნობა, მათი ისტორიების მოსმენა ძალიან გიყვარს. მეგობრებთან დროის გატარება გსიამოვნებს, მაგრამ მათთან კვირაში ერთი-ორჯერ შეხვედრაც საკმარისია.

სოციალურ ინტროვერტებს დატვირთული შაბათ-კვირის, მხიარული წვეულების, კონცერტის ან თუნდაც მცირე სამეგობრო წრის შეკრების შემდეგ უბრალოდ მარტო დარჩენა და გარკვეული დროით გადამალვა სურთ. შენ საკუთარი ლიმიტები გაქვს, რაც სავსებით ნორმალურია და ამის გამო თავი ცუდად არ უნდა იგრძნო.

4. შენი ენერგიის დონე გარემოზეა დამოკიდებული

ფოტო: Olga / Dribbble.com

შენი განწყობისთვის მნიშვნელოვანია, სად ხარ, როგორ გამოიყურება ეს ადგილი, როგორი მუსიკა უკრავს, რამდენი ადამიანია, ხმაურია თუ არა. ადგილის აურას შეუძლია, ენერგია მოგმატოს ან წაგართვას. ძალიან ხმაურიანი ადგილი — მაგალითად, როკ-კონცერტი ან ფეხბურთის ფანებით გადავსებული სტადიონი — გადამღლელი შეიძლება აღმოჩნდეს, აი საყვარელი კლუბი კი, სადაც ცოცხალი მუსიკა უკრავს — იდეალური.

5. შერჩევითად სოციალური ხარ

ნამდვილი ექსტრავერტისგან განსხვავებით, დიდი სამეგობრო წრის შენარჩუნება შენს ძალებს აღემატება. თუმცა ეს არ გაღელვებს, რადგან რამდენიმე, მაგრამ გამორჩეული მეგობრის ყოლა გირჩევნია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ურთიერთობაც ადვილია, ისინი ენერგიით გავსებენ და თავს კარგად გაგრძნობინებენ. მათთან სრულიად განსხვავებული პიროვნება ხარ, მხიარული და სიცოცხლით სავსე, ნაცნობებთან და თანამშრომლებთან კი — უფრო ჩუმი და ჩაკეტილი.

ადამიანების უმრავლესობა მალე გღლის და გაქცევას განდომებს, ამიტომაც გირჩევნია, შენი ლიმიტირებული სოციალური ენერგია მათზე დახარჯო, ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებს.

6. მარტო ყოფნისთვის მცირე დროც გყოფნის

ფოტო: Olesia Drobova / Dribbble.com

როგორც ექსტრავერტულ ინტროვერტს, ხალხის გარემოცვაში დიდი ხნით ყოფნა გიჭირს. თუმცა მარტო ყოფნისთვის ერთი დღეც საკმარისია. თუ საკუთარ თავთან დიდი ხნის განმავლობაში დარჩი, მოიწყენ, თავს მოუსვენრად იგრძნობ და ისევ გარეთ გასვლა მოგინდება. ამიტომ, დასვენების შემდეგ, სამეგობრო წრის შეხვედრის ორგანიზატორი ხშირად შენვე ხარ.

7. რაც უფრო კარგად გაგიცნობენ, მით უფრო სოციალური ხდები

ბევრ ადამიანს არასწორ პირველ შთაბეჭდილებას უტოვებ. თავიდან ჩუმი და მორიდებული ხარ, თუმცა როგორც კი თავს კომფორტულად იგრძნობ, უფრო იხსნები. შენი ნდობის მოპოვება ხშირად რთულია. ზოგჯერ სკეპტიკური ხარ, სხვა დროს კი საკუთარ თავზე ინტიმურ დეტალებს ადვილად ამხელ. ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ უცნობთან საუბარს თავად დაიწყებ, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით მისი გაცნობა მოგიწია, საერთოს გამოძებნა არ გაგიჭირდება.

8. საუბარი სიღრმისეულ თემებზე გიყვარს

ფოტო: Sushama Patel for Ofspace Digital Agency / Dribbble.com

ექსტრავერტებს არასდროს აქვთ საუბრის პრობლემა, რადგან სოციალურ სიტუაციებში ყოველთვის იციან, რა უნდა თქვან სასიამოვნო გარემოს შესანარჩუნებლად. მათგან განსხვავებით, ინტროვერტებისთვის ამინდზე საუბარი რთულია. კი, მათაც შეუძლიათ წვიმიან დღეებზე ჩივილი, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ იტანენ, რადგან ასეთ დიალოგებს ყალბად და არაგულწრფელად მიიჩნევენ.

სანაცვლოდ, შენ გირჩევნია, დიდ იდეებზე ილაპარაკო. ადამიანები შენთან თავს კომფორტულად გრძნობენ და თავიანთ ოცნებებსა და საიდუმლოებზე მალევე იწყებენ საუბარს, რისი მოსმენაც სიამოვნებას განიჭებს. საუბრის ამ ეტაპზე გადასასვლელად იმისთვისაც კი მზად ხარ, რომ თავიდან შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე ილაპარაკო. თუმცა ზოგჯერ — შესაბამის გარემოში და ადამიანთან ყოფნისას — შეიძლება შეამჩნიო, რომ შენც მოგწონს ყველაფერსა და არაფერზე საუბარი.

9. მარტო მუშაობა გირჩევნია, მაგრამ გუნდური მოთამაშეც ხარ

ფოტო: UIGO Design / Dribbble.com

ხშირად შენთვის სულ ერთია, მარტო მოგიწევს მუშაობა თუ ჯგუფთან ერთად. ამბივერტების ერთ-ერთი მთავარი თვისება ადვილად ადაპტირების უნარია — თუ ჯგუფში შენზე მეტად ჩუმ, ინტროვერტულ ადამიანებს შეამჩნევ, ლიდერისა და ექსტრავერტის როლს მოირგებ; თუ პირიქით მოხდა, არც იმის პრობლემა გექნება, რომ სხვას დაუთმოთ სცენა.

როგორც ვხედავთ, ამბივერტებს ბევრი ძლიერი მხარე აქვთ: ისინი კარგი მსმენელები და მოსაუბრეები არიან, ჩუმ ადამიანებსაც უგებენ და ლაპარაკის მოყვარულებსაც. მათთვის ნდობის მოპოვება ადვილი საქმეა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი თანაგრძნობისა და ემპათიის უნარითაც გამოირჩევიან.

იმის ცოდნა, თუ რა ტიპის ხასიათი გაქვს, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარება. ამ გზით გაიგებ, თუ საიდან მოდის შენი ენერგია, რაში ხარ ძლიერი და რა არის შენი აქილევსის ქუსლი. ასე კი პროდუქტიულობასაც გაზრდი და ბედნიერების მოპოვებაც გაგიმარტივდება.


ახლა უკვე იცი, რომ ზოგჯერ თუ ადამიანებისაგან გაქცევა მოგინდება, ამაში უჩვეულო არაფერია და მალევე უკან დაბრუნდები — როგორც ბუნაგიდან გამოსული დათვი გამოზამთრების შემდეგ.